top of page

ერთი კვირა ევროპაში (ნაწ. 1)

გამარჯობა მკითხველო! ზაფხული დაიწყო და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის დროც მოვიდა... შვებულება წლის ის ბედნიერი დღეებია როცა ვალდებულებებისგან ცოტახნით თავისუფლდებით და თქვენს სხეულს დასვენების საშუალებას აძლევთ. თუმცა, დასვენება ყველასთვის სოფელთან ან ზღვასთან არ ასოცირდება. ზოგისთვის მოგზაურობა, თავგადასავლები და ჯერ უნახავი ქალაქების დათვალიერება ენერგიის აღდგენის მთავარი საშუალებაა. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად და როგორ გაატარებთ თავისუფალ დღეებს, მინდა გამცნოთ რომ ჩვენ, ვიზაჯორჯიამ თქვენთვის სპეციალური მარშრუტი შევარჩიეთ და ბლოგის წაკითხვის შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში ტურის დეტალურად დაგეგმვაშიც დაგეხმარებით! ახლა კი მოდი დავიწყოთ ჩვენი ერთ კვირიანი მოგზაურობა ევროპაში:


ბერლინი (დღე 1-3)

გერმანიის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი. სამოგზაუროდ. აქ მრავლად შეხვდებით მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს და გალერეებს. ასე რომ ხელოვნების მოყვარულები შეემზადეთ, წინ დიდი გზაა, ხოლო თუ ღამის ცხოვრებაც გიზიდავთ არჩევანს შეგიქებთ და თქვენის ნებართვით წინ გაგიძღვებით.


1988 წლის შემდეგ ბერლინი 12 ოლქად იქნა დაყოფილი, თუმცა განსხვავებით სხვა ქალაქებისა, მისი თითქმის ყველა ნაწილი ერთნაერადაა განვითარებული. მიტე - მდინარე „შპრეე“-ს მიერ ორ ნაწილად გაყოფილი რაიონი, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალაქის აღმშენებლობას ჩაედო საფუძველი.


ტრანსპორტი

ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო არ არის, თუმცა წინდახედულობის შემთხვევაში მარტივად შეძლებთ ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილებას. „Single-Tageskarte“ – 7 ევროიანი სამგზავრო ბილეთი, რომლითაც მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობას. ასევე არსებობს 2 საათიანი Einzelfahrausweis (3 ევრო), ერთ კვირიანი 7-Tage-Karte (30 ევრო) და ერთ თვიანი Monatskarte Standard (73 ევრო) ბილეთები.


ყველაზე კარგი ვარიანტი ტურისტული ავტობუსის ბილეთის ყიდვაა, მისი მეშვეობით 25 ევროდ შეძლებთ ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულებას და თანაც ავტობუსიდან ჩამოსვლაში და დღის განმავლობაში სხვა ტურისტულ ნაკადთან შერევაში შეზღუდულები არ ხართ.


ბონუსი

თუმცა, ჩვენ ხომ ყველაზე იაფი გზების მაძიებლები ვართ, ასე რომ...

Berlin WelcomeCard – 50%-იანი ფასდაკლება ბერლინისა და პოტსდამის ყველანაირი ტრანსპორტის, მუზეუმის, გალერეის და თეატრის ბილეთზე 48 საათის განმავლობაში - 22 ევროდ (72 საათი - 30 ევრო).


მთავარი ღირსშესანიშნაობები


  • ვის წარმოუდგენია ბერლინი რეიხსტაგის შენობის გარეშე? ბერლინის ეს ისტორიული შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის და დამთვარიელებლის გაოცებას დღესაც აგრძელებს.

  • აუცილებლად სანახავია მსოფლიოში ბერლინის და არამარტო ბერლინის, მთელი გერმანიის სიმბოლო - ბრანდენბურგის კარიბჭე. კარიბჭე ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ შეუკვეთა, როგორც მშვიდობის სიმბოლო და 1788-1791 წლებში აიგო.

  • აღსანიშნავია 1900 წელს აგებული ვილჰელმ კაიზერის ხსოვნის ტაძარი. უფრო სწორად მისი შემორჩენილი ნაწილი. რესტავრირება გამიზნულად არ გაუკეთდა, მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახსენებლად.

  • ნუ, შეიძლება თბილისის ანძას ვერ შეედრება, თუმცა სანახავად ნამდვილად ღირს - ბერლინის სატელევიზიო ანძა. 1969 წელს, ჩვენი ანძის აგებიდან 10 წლის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა გერმანიის პირველი და ევროპის მესამე შენობა, სიმაღლის მიხედვით. მზის სხივების არეკვლის მომენტში, შენობის ზედა ნაწილზე ჯვარი ისახება - შენობის ამ ნაწილს გერმანელებმა „პაპის შურისძიება“ უწოდეს.

  • ბერლინის მთავარი საკათედრო ტაძარი - მუზეუმების კუნძულზე მდებარე (ამ ადგილს ბოლოს განვიხილავთ) ეს არქიტექტურული შედევრი 1454 წელს იქნა აგებული და საკმაოდ დიდი ისტორიის მატარებელია.


მუზეუმების კუნძული

გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე - მუზეუმების კუნძული, რომელიც აერთიანებს 5 უმნიშვნელოვანეს მუზეუმს, რომელიც ხელოვნების მოყვარულთ ნამდვილად გააკვირვებს:

  • პერგამონის მუზეუმი - მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე. ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

  • ბოდეს მუზეუმი - სამხატვრო მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ ქანდაკებებს, ბიზანტიურ ხელოვნებას და სამონეტო კაბინეტს.

  • ახალი მუზეუმი - სახელის მიუხედავად შენობა საკმაოდ ძველია. ის 1843-55 წლებში აიგო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მასში მოთავსებულია ეგვიპტური, წინა და ადრე ისტორიული ექსპონანტები. აქ გამოფენილ უძვირფასეს ნივთთა შორისაა ეგვიპტის დედოფლის, ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი.

  • ძველი ნაციონალური გალერეა - ეს მუზეუმი აერთიანებს ნეოკლასიცისზმის, რომანტიზმის, ბიდერმაიერის, იმპრესიონიზმის და მოდერნიზმის უმთავრეს მხატვრულ ნამუშევრებს.

  • ძველი მუზეუმი - პრუსიის სამეფო ოჯახის ხელოვნების ნიმუშთა სამკვიდრებელი. შენობასთან მიახლოებისას ძველ ბერძნულ სვეტებს დაინახავთ. საქმე იმაშია, რომ შენობაში არქიტექტორმა მოდელად გამოიყენა ათენის პართენონის კოლონების კლასიკური წყობა.

გგონიათ აქ დასრულდა ჩვენი დიდი გასეირნება? არა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სანახავი.


ასევე გირჩევთ იხილოთ: ახალი ნაციონალური გალერეა, ფოტოგრაფიის მუზეუმი, კულტურფორუმი. ტექნიკური თემები ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ: ტექნიკური მუზეუმი, ლიუფტაფეს მუზეუმი. ვისაც ძრავის ხმის გაგონებისას გბურძგლავთ, შეგიძლიათ იხილოთ რარიტეტული ავტომობილების მუზემი Meilenwerk.

თუ ეროტიკას, როგორც ხელოვნებას ისე აღიქვამთ, მაშინ გირჩევთ ბერლინის ეროტიკის მუზეუმს ესტუმროთ. სექსუალური უმცირესობები კი შეიძლება დაინტერესდეთ ჰომოსექსუალიზმის მუზეუმით.

ბონუსი: ყოველი თვის პირველ კვირა დღეს ბერლინის ყველა სახელმწიფო მუზეუმში შესვლა უფასოა.


ღამის ცხოვრება

ამდენი ღირსშესანიშნაობის ნახვის შემდეგ თუ კიდევ შეგრჩათ ენერგია გირჩევთ ბერლინის საამაყო ღამის კლუბებს ეწვიოთ:

  • Knaack (Greifswalder Straße 224, Berlin) - ერთ-ერთი მთავარი კლუბი ბერლინში, შეიძლება ყველაზე პოპულარულიც.

  • 2Be (Ziegelstr. 23, Berlin) - ყველაზე პრესიჟული და მოდური დაწესებულება, „გასული“ საზოგადოებისთვის.

  • Club 90˚ (Dennewitzstraße 37, Berlin) - კონკრეტული მოთხოვნები არ გააჩნიათ დრესკოდთან დაკავშირებით, თუმცა გირჩევთ კარგად ჩაცმული მიხვიდეთ.

  • Kumpelnest 3000 (Lützowstraße 23, Berlin) - აქ მოსვლის შემთხვევაში შეიგრძნობთ ნამდვილ ღამის ცხოვრებას.

  • K17 (Pettenkoferstraße 17a, Berlin) - ახალგაზრდებში პოპულარული ადგილი, უზარმაზარი დარბაზით.

  • Boudoir (Brunnenstraße 192, Berlin) - ვინტაჟური სტილის ინტერიერის კლუბი, 20-იანი წლების თაყვანისმცემლებისთვის. სანახავად ნამდვილად ღირს.

  • Sage (Köpenicker Straße 76, Berlin) - შესვლა უფასოა ხუთშაბათობით 22:00 საათამდე, ბონუსად საჩუქარი ბარიდან: ორი კოქტეილი ერთის ფასად.

ბერლინში ღამის გასათევის ფასი 11-15 ევროდან იწყება და დამოკიდებულია სასტუმროს ტიპზე.


ახლა კი, როცა ბერლინი მოვიარეთ, დროა გერმანიის კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ქალაქში გადავინაცვლოთ. ქალაქში საიდანაც გმირი დაბრუნდა (Pink Floyd – Hero’s Return). მანძილი - 165 კმ. მატარებლის ბილეთის ფასი 23 ევროა, ავტობუსის კი 15. ორ საათსა და ოც წუთში უკვე დრეზდენში ხარ.


დრეზდენი (დღე 4-5)

საქსონიის დედაქალაქი, უდიდესი ისტორიის მატარებელი დრეზდენი. გამორჩეულია ქალაქის დაგეგმარებითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ქალაქის სახელი სლავური წარმოშობისაა.


ტრანსპორტი

გირჩევთ ფეხით იაროთ, თუმცა ასევე შესაძლებელია 24 საათიანი აბონიმენტის აღება, რომელიც 4,50 ევრო დაგიჯდებათ. სტანდარტულად კი ავტობუსის 4 გაჩერება - 1,70 ევრო ღირს.


მთავარი ღირსშესანიშნაობები

  • ცვინგერის სასახლე - 1709-1732 წლებში, ბაროკოს სტილში აგებული სასახლე. გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი. გვირგვინიანი კარიბჭე, ნიმფების აუზი და ზარების პავილიონი სასახლის ის ნაწილებია, რასაც დამთვარიელებელი აღტაცებაში მოჰყავს.

  • დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი (Frauenkirche) - მე-18 საუკუნეში აგებული ეს დიდიბული ტაძარი, მრავალი უბედურების მომსწრეა.

  • ათეულობით წლები, დრეზდენის ცენტრში მდგარი ფრაუენკირხე, ნანგრევებად იყო ქცეული. 1990 წელს მისი საბოლოოდ რესტავრირება გადაწყდა, შემოწირულობების მეშვეობით. 2005 წელს კი საზეიმოდ გაიხსნა და უწინდელი სიამაყე დაიბრუნა.

  • ზემპერის ოპერა - ამ ულამაზეს შენობას სამჯერ მოუწია რესტავრირება და ფაქტობრივად თავიდან აშენება. პირველი შენობა 1869 წელს დაიწვა, ხოლო მეორედ 1945 წლის დაბომბვებს ემსხვერპლა. ამჟამად ოპერის ეს შენობა დრეზდენის სიამაყეს წარმოადგენს და მუდმივად ანებივრებს ტურისტებსა და მაცხოვრებლებს შთამბეჭდავი წარმოდგენებით.

  • ბრულის ტერასა - პრუსიის მეფემ 1740-1786 წლებში, ფრიდრიხ მეორემმ მიუხედავად საქსონიის დაუძინებელი მტრობისა, ამ ადგილს ევროპის აივანი უწოდა. მისი განსაკუთრებული სილამაზის სრულად დანახვას აუგუსტის ხიდიდან შეძლებთ. უმშვენიერესი, დრეზდენის მთავარი ღირსშესანიშნაობებით დატვირთული ხედი თვალის მოწყვეტის საშუალებას არ მოგცემთ.

  • ბოტანიკური ბაღი - 1893 წელს გახსნილი ეს ბოტანიკური ბაღი გვთავაზობს მცენარეთა 10 000-ზე მეტს სახეობას, ხუთი კონტინენტიდან. განსაკუთრებულად დაგაინტერესებთ პელარგონიების მდიდარი კოლექცია.

  • სასახლე და პილცინის პარკი - საქსონიის მეფის რეზიდენცია ულამაზესი ბაღით, სადაც 2000-ზე მეტ ხე-მცენარეს შეხვდებით. სასახლის ბაღში დიდ ყურადღებას იქცევენ ავსტრალიური და სამხრეთ-აფრიკული მცენარეები.

  • Kunsthofpassage - შეიძლება სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ დიდი ალაბათობით ამ სახლის შესახებ გაგონილი მაინც გექნებათ. ცენტრიდან დაშორებული ეს საოცარი უბანი თავისი მუსიკალურობით აჯადოებს მნახველს და მალევე იკავებს მათ გულებში ადგილს. საცხოვრებელი სახლის ეს კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ წვიმის დროს დამონტაჟებული ინსტრუმენტებით მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს.


მუზეუმები

დრეზდენის გალერეა - ხელოვნების მცოდნეთა და მოყვარულთა სამოთხე. რენესანსის ეპოქის იტალიური მხატვრობა. რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, რემბრანტი, ვერმეერი, რუბენსი და სხვა გენიალური მხატვრების ცნობილი ფერწერული ტილოები. თუ ოდესმე დრეზდენში გადაწყვეტთ სტუმრობას, დრეზდენის გალერეა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ნამდვილად იმსახურებს ყოფნას.

  • სამხედრო-ისტორიული მუზეუმი - ძალიან საინტერესო არქიტექტურული და შინაარსობრივი შენობა. სამხედრო ისტორია აქ ყველასთვის გასაგებად, ისტორიულ კონტექსტშია წარმოდგენილი. გამომდინარე მისი პროგრამა-გამოფენებიდან მუზეუმი არამარტო სამხედრო პირებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს.

  • გერმანიის ჰიგიენის მუზემი - ერთი შეხედვით მეტად უცნაური სახელის მქონე მუზეუმი გვიამბობს ჯანმრთელობის, ჰიგიენის და ბიოლოგიის განვითარების შესახებ, ისტორიულ ჭრილში.

  • დრეზდენის ტრანსპორტის მუზეუმი - თითქმის ყველანაერი ტიპის ტრანსპორტის პირვანდელი ორიგინალი მოდელები ან მათი ზუსტი ასლები. მუზეუმის შენობა 1586-1590 წელბში აიგო და დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი შენობის სტატუსს ატარებს.

  • „Glaserei” ფოლკსვაგენის საწარმო - ამ შენობის აგებაზე თავის დროზე დიდი კამათი მიმდინარეობდა. შენობა მთლიანად მინითაა დაფარული და გარემოსდამცველები ფრინველების მდგომარეობის შესახებ ჩიოდნენ. გარდა ამისა არქიტექტორები თვლიდნენ, რომ ბაროკოს სტილის ქალაქთან ასეთი შენობა არაჰარმონიული იყო. 17600 ხელმოწერა შეგროვდა მშენებლობის შესაჩერებლად, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს კი შეგვიძლია თავისუფლად ვიხილოთ ეს უზარმაზარი საწარმო.

კიდევ უამრავი ადგილია, რომელსაც თქვენი გაკვირვება შეუძლია, მთავარია ეძებოთ...


დრეზდენში ღამის გასათევის ფასი 8-10 ევროდან იწყება და დამოკიდებულია სასტუმროს ტიპზე.


ახლა კი დროა ჩეხეთში, კონკრეტულად კი მის დედაქალაქ პრაღაში გადავინაცვლოთ. დრეზდენიდან პრაღამდე, მატარებლით - 24, ხოლო ავტობუსით 13 ევროდ შეგიძლიათ იმგზავროთ.


პრაღა (დღე 6-7)

ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქალაქი, რომელიც დღესაც ინარჩუებს ისტორიული ელფერის შენარჩუნებას და ახერხებს მის თანამედროვეობასთან შეხამებას. ბლოგის ეს ნაწილი ყველაზე გემრიელი გამოდგა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რადგანაც ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების გარდა ჩეხურ ლუდს და ტრადიციულ საჭმელსაც შევავლებთ თვალს.


ტრანსპორტი

პრაღა 10 ძირითად რეგიონადაა დაყოფილი. რეგიონებს სახელების ნაცვლად ნუმერაცია გააჩნიათ. პრაღის მთავარი სატრანსპორტო სისტემაა მეტროპოლიტენი, რომელიც შედგება სამი ხაზისაგან (წითელი, ყვითელი, მწვანე). მეტროპოლიტენის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ქალაქის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობამდე. ქალაქში ასევე კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსების სისტემა. პრაღაში 30 წუთით ტრანსპორტით მგზავრობა - 24 კრონა (1.10 დოლარი) ღირს, 90 წუთი - 32 კრონა (1.45 დოლარი), 24 საათი - 110 კრონა (5 დოლარი), 72 საათი - 310 კრონა (14 დოლარი).


მთავარი ღირსშესანიშნაობები

  • რატუშას ასტრონომიული საათი - თუკი ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტების ჯგუფი დაინახეთმ რომლებიც ერთ წერტილს შექსცქერიან და რაღაცის მოლოდინში წამებს ითვლიან, არ გაგიკვირდეთ, რადგან თქვენ პრაღის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოსთან იმყოფებით - ასტრონომიულ საათთან. 1410 წელს მიკულაშ კადენმა და კარლოსის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ასტროლოგიის პროფესორმა იან შინდელმა შექმნეს. გადმოცემის თანახმად, საათის დასრულების შემდეგ მიკულკაშ კადენს ხელები მოკვეთეს, რათა შემდგომში მას ასეთივე არ გაეკეთებინა.

  • წმინდა ვიტის საკათედრო ტაძარი - ტაძარი გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია და უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიაა ჩეხეთში. აქ დაკრძალულია ბოჰემიის მრავალი მეფე. ეს ულამაზესი ისტორიული ძეგლი დიდი ხანია პრაღის და ჩეხეთის მთავარ სიმბოლოდ იქცა.


  • კარლის ხიდი - მეთოთხემეტე საუკუნის ულამაზესი ხიდი განსაკუთრებით საღამოობით აღაფრთოვანებს დამთავრიელებელს. 1347 წელს, ბოჰემიის მეფის კარლ მეოთხის ბრძანებით, აიგო და ქვის ხიდი ეწოდა. 1970 წელს, ამ გრანდიოზულ ხიდს სწორედ მეფის საპატივსაცემოდ გადაერქვა სახელი.

  • „კონწიალა“ ფროიდი - პრაღაში ამ ბუმბერაზი ადამიანის მეტად უცნაურ ძეგლსაც შეხვდებით. ფსიქოანალიზის ავტორი, პრაღის ძველ ნაწილში ზემოდან დაგვყურებს და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩამოსახტომათ ემზადება. პრაღის სამაშველო სამსახურში ყოველდღიურად შედის ზარები ტურისტებისგან, რომლებიც ერთსა და იმავე ადამიანის (ქანდაკების) გადარჩენას ითხოვენ.

  • კაფკას სკულპტურები - მეტამორფოზის, პროცესის და კიდევ მრავალი გენიალური წიგნის ავტორი პრაღაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. პრაღაში მას ორი ძეგლი უდგას, ერთი ქალაქის ცენტრში, ხოლო მეორე ებრაულ უბანში.

  • ჯონ ლენონის კედელი - ჯონ ლენონს ჩეხების გულში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ცივი ომის პერიოდში ბითლზის და ჯონის მუსიკა ჩეხებს ძალას მატებდა. 1980 წელს, ლენონის მკველობის შემდეგ, კარლის ხიდთან მდებარე კედლეზე გამოჩნდა ნახატები, სიმღერის ტექსტები და ციტატები. პოლიციამ ბევრჯერ ცადა მისი გადაღებვა თუმცა მეორე დღეს მათ იგივე სიტუაცია ხვდებოდათ, ახალ-ახალი გამოსახულებებით.

  • იოზეფოვი - ებრაელთა ეს უბანი, პრაღის ძველ ნაწილში მდებარეობს. მისი ფორმირება მე-13 საუკუნეში დაიწყო და ნაცისტური გერმანიის შევიწროვებებსაც კი გაუძლო. ჰიტლერმა ამ ადგილს „გადაშენებული ერის მუზეუმი“-ს წოდებაც კი მიანიჭა.

  • წმ. ვაცლავის ამოტრიალებული ქანდაკება - ჩეხი სკულპტორი დევიდ ჩერნი გამოირჩევა თავისი განსხვავებული და მეტად სიურეალისტური ქანდაკებებით. მათ შორისაა ქანდაკება „მკვდარი ცხენი“. ავტორი თავის შემოქმედებაზე ზუსტ განმარტებებს არასდროს აკეთებს. მის ნამუშევრებს ასევე შეხვდებით კამპას პარკში, სკულპტურებს სახელით „შავი უცხოპლანეტელი ბავშვები“.


მუზეუმები

  • ნაციონალური მუზეუმი - პრაღის მთავარი მუზეუმი, სადაც უამრავ ფაქტს შეიტყობთ ჩეხური კულტურის შესახებ.

  • შოკოლადის მუზეუმი - პრაღის ამ მუზეუმის შესასვლელთან თქვენ შოკოლადით ან ცხელი შოკოლადის სასმელით გაგიმასპინძლდებიან. შიგნით კი მოისმენთ მისი წარმოების ისტორიას. აქ, ასევე შეგიძლიათ კონდიტერის როლი მოირგოთ და შოკოლადი თქვენით დაამზადოთ.

  • ყავის მუზეუმი - როდესაც შოკოლადს ვახსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ღმერთების სასმელი - ცხელი ყავა. ამ მუზეუმში დააგემოვნებთ და ასევე შეიტყობთ მისი წარმოშობის ისტორიას.

  • პრაღის მთავარი ბიბლიოთეკა - ამაზე საოცარ ბიბლიოთეკას დედამიწის ზურგზე ერთეულებს ნახავთ. წიგნის მოყვარულებს ნამდვილად აღგაფრთოვანებთ აქ სტუმრობა.

  • ალქიმიის მუზეუმი - პრაღა აგრძელებს დამთვარიელებლის გაოცებას და მის მისტიკურ სიღმეებში გვითრევს. აქ გაიგებთ, თუ როგორ მუშაობდნენ უძველესი ალქიმიკოსები, დაათვალიერებთ მათ ლაბორატორიებს და მოისმენთ ლეგენდებს „ფილოსოფიური ქვის“ მაძიებელთა შესახებ.

  • მოცარტის მუზეუმი - სახელი თავისას ამბობს.

  • ჩეხური ლუდის მუზეუმი - სანახავი და გასასინჯი ადგილი (ლუდზე ოდნავ დაბლა ვილაპარაკებთ).

  • მთავარი გალერეა - თქვენს შორის დიდი ალბათობით დალის შემოქმედების მოტრფიალეც იქნება. სწორედ აქ შეგიძლიათ მისი, ალფონს მუხას და სხვა ფერმწერების ნამუშევრების ნახვა.

  • ასევე არ უნდა გამოგვრჩეს რკინის და ცვილის ფიგურების მუზეუმები.

  • თუ დრო დაგრჩათ საინტერესო იქნება საწამებელი იარაღების და ეროტიკული სათამაშოების მუზეუმების დათვალიერება.


ლუდი და ტრადიციული საჭმელი

დამღლელი დღე მთავრდება რა თქმა უნდა ლუდით...

დარმწუნებული ვარ თქვენს შორისაც იქნება ლუდის მოყვარულთა არმია. ჩეხებს პრეტენზია აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ლუდის დამზადებაზე. პილსნერ ურქუელი, სტაროპრამენი, კოზელი, კრუშოვიცე, ბუდვაიზერი და ა.შ. სახელები გეცნობათ არა? კი, ამ ღვთიური სასმელების დიდი ნაწილი ქართულ სუპერმარკეტებშიც იშოვება, თუმცა ქარხნული... იქ ზოგგან ლუდს ადგილზევე ხარშავენ და ისე გთავაზობენ. იაფადაც შეიძლება გამოძრომა და უგემრიელესი ლუდების დაგემოვნებამ თუმცა მოდით ნუ შევბღალავთ ჩეხურ სიწმინდეს და პირდაპირ საუკეთესო ავარჩიოთ.

  • „ბრედოვსკი დვური“ - ვაცლავის მოედნის პირდაპირ, ამ საკმაოდ დიდ რესტორანტში, თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი „პილსნერ ურქუელი“. მისი გემოს საიდუმლო თუმრე შენახვაშია. აქ ლუდს ლითონის კასრებში, ერთ ტემპერატურაზე, შემინულ ოთახში ამყოფებენ და ნებისმიერ სტუმარს შეუძლია დაინახოს ჩამოსხმის პროცესი.

  • გულიაში პურში - საუკეთესო საჭმელი ჩეხურ ლუდთან ერთად.

  • აუცილებლად გასინჯეთ კომბოსტოს სუპი. ვინც ეს სახელი დაარქვა იუმორის გრძნობას ნამდვილად არ უჩიოდა, რადგანაც კომბოსტოს გარდა მასში იპოვით ძეხვს, კარტოფილს, სტაფილოს, სურვილისამებრ არაჟანს.

  • ჩეხეთში ლუდს ჭამენ კიდევაც... დიახ, ჩეხური საჭმელების მთავარი ინგრედიენტი სწორედ ლუდია.


პრაღაში ღამის გასათევი 290-300 კრონადან იწყება და დამოკიდებულია სასტუმროს ტიპზე.


End of The Road


მგონი ჩვენი მოგზაურობა საინტერესო გამოდგა. იმედი მაქვს ეს ბლოგი დაგეხმარებათ ევროპის ამ ბუმბერაზ ქალაქებში სამოგზაუროდ. შემდეგი მოგზაურობა კი გველისსს... ან კიდევ იყოს, სიურპრიზად დავტოვოთ. მომავალ შეხვედრამდე!


P.S ვისაც გერმანულ ლუდზე გწყდებათ გული არ იჯავროთ, შემდეგში მიუხენშიც გავივლით და ვეზიარებით ჭეშმარიტებას :)

Please reload

bottom of page