ბალი, ინდონეზია
ბალი — ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში, კუძულ იავასა და ლომბოკს შორის. ბალი ამავე დროს ინდონეზიის ერთ-ერთი პროვინციაა მის 33 პროვინციას შორის. დედაქალაქია დენპასარი.
კუნძულს რეკორდული რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, 3 551 000 (2009). მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ ინდონეზიის ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობა — ინდუსები. მოსახლეობის 93.2% ბალის ინდუიზმის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი — ისლამის. ბალი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია თავის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით, მაღალგანვითარებული ხელოვნებით, სკულპტურებით, მუსიკით და ა.შ.
კუნძული შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. ბალის სამხრეთ პლაჟებზე თეთრი ქვიშაა, ხოლო ჩრდილოეთით და დასავლეთით - შავი.
ბალის სტუმრების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 2002 და 2005 წლების ტერორისტული აქტების შემდეგ. სტუმრების მთავარ მიზანს ამ აქტების შედეგად დაზიანებული ბალის ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი მაგალითია 2010 წლის აპრილში კუნძულზე გამართული „მსოფლიოს გეოთერმული კონგრესი“.
XX საუკუნის მეორე ნახევარში, 2 095 კმ² ფართობის მქონე ინდონეზიის კუნძული ბალი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გასართობ პერიფერიად ჩამოყალიბდა. ტურიზმის სექტორზე მოდის კუნძულის შემოსავლების 80% და დასაქმებულთა 40%. ბალის, როგორც წარმატებული ტურისტული დესტინაციის ჩამოყალიბების მთავარი ფაქტორია მისი ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, რაც იცვლება შორეული ეროვნული პარკებიდან უნიკალურ კულტურულ ლანდშაფტებამდე. პროტოტიპური ტროპიკული პლაჟებისა და კურორტების კონცენტრაცია მერყეობს ხალხით გადაჭედილიდან ექსკლუზიურამდე. ამ ატრაქციებამდე და პროდუქტებამდე მიღწევადობას ძალიან აადვილებს კუნძულის კომპაქტურობა და კარგი საგზაო სისტემა, რის შედეგადაც, ტროპიკულ ტყეში დილით ადრე დაწყებული მოგზაურობა შუადღის შემდეგ შეიძლება პლაჟის კურორტზე გაგრძელდეს. თავად ბალის მიღწევადობა ადვილია იმდენად, რამდენადაც კუნძულზე ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იღებს პირდაპირ ფრენებს ყველა ძირითადი რეგიონიდან.