top of page

ჩემი & შენი ქალაქი


დღესასწაული რომელიც მუდამ შენთან არის, ასე უწოდებდა ჰემინგუეი XX საუკუნის პარიზსს. მართლაც არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა პარიზში და ეს დღესასწაული ვერ შეუგრძნია. მერე რა რომ ახლა XXI საუკუნეა აქ წარსული და აწმყო ერთდროულად არსებობს; ერთდროულად ცხოვრობენ იმპრესიონისტები, მოდერნისტები და ავანგარდისტები. მოკლედ პარიზი ყველასია, ვისაც ისტორია, კულტურა, ცივილიზაცია და საერთოდ, ცხოვრება უყვარს.

იმისათვის რომ საფრანგეთის დედაქალაქი მოინახულო, სურვილის გარდა საჭიროა:

  • მინიმუმ ერთკვირიანი შვებულება. თუმცა პარიზისთვის ესეც ძალიან ცოტაა!

  • ბილეთი პარიზამდე ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 საათი.

  • შენგენის ვიზის მისაღებად საფრანგეთის საკონსულოს უნდა მიაკითხო.

  • სასტუმროს რეზერვირება ცენტრში.

  • და კიდე, ერთი სიმპათიური თანამგზავრი - პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია!

რეისი თბილისი - სტამბული - პარიზი საქართველოს დედაქალაქიდან გამთენიისას მიფრინავს, თუმცა, უძილო ღამე მოგზაურობას სულაც არ აფუჭებს: პარიზი ამად ღირს, თანაც გამოძინებას თვითმფრინავშიც მოასწრებ.

დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ძვირი და კომფორტული ტაქსი და იაფი ნაკლებად კომფორტული მეტრო ან ავტობუსი. პარიზში მეტრო ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია. მეტროს გარდა. პარიზში ძალიან მოსახერხებელია ავტობუსით და მიწისქვეშა მატარებლებით გადაადგილება.

უმჯობესია თუ მეტროს რომელიმე სადგურში სპეციალურ ბილეთს Paris-Visite შეიძენ, ბილეთით შეგიძლია 5 დღის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლო. იმის გათვალისწინებით, რომ პარიზში უმარავი რამ არის სანახავი, ფრანგები ტურისტებს სპეციალურ ავტობუსებს სთავაზობენ. ეს სიმპათიური ორსართულიანი წითელი კაბრიოლეტები პარიზის ცენტრალურ უბნებზე გადის. ხოლო რადიომეგზური კულტურის ძეგლების ისტორიასაც გიყვება. დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს პარიზულ წყლის ტრანსპორტს Bateau-bus, რომელთა უმეტეს ნაწილზე მშვენიერი რესტორნებია მოთავსებული. მოკლედ სეირნობ სენაზე, ათვალიერებ პარიზს და ფრანგულ კერძს მიირთმევ!

პარიზული პანორამა

ეიფელის კოშკი - თავის დროზე, ერთი უბრალო ფრანგი ინჟინერი ალბათ ვერც კი წარმოიდემდა, თუ მისი ქმნილება ლეგენდარული ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცეოდა. ეს ისე, რომანტიკული გადახვევისთვის, თორემ დარწმუნებული ვარ ეიფელმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა და ამიტომაც გაუძლო უამრავი ცინიკოსის შეტევას, რომლებიც მის კოშკს "რკინის მონსტრს” უწოდებდნენ. მოკლედ, დღეს 324 - მეტრიანი „მონსტრი“ პარიზის სიამაყეა.

ტრიუმფალური თაღი - თურმე ანტიკური რომის თაღებით შთაგონებულმა ნაპოლეონმა პარიზში მათი მსგავსის გაკეთება გადაწყვიტა. სწორედ ასე გაჩნდა საფრანგეთის დედაქალაქში კიდევ ერთი საოცარი ნაგებობა – ტრიუმფალური თაღი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - თავს არ შეგაწყენ ტაძრის არქიტექტურაზე საუბრით. უბრალოდ შევეცდები გადმოგცე ის რაც მისი დანახვისას განვიცადე: მე დღემდე გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ამ საოცარი ტაძრის ქვებმა ლაპარაკი იციან, შეუძლიათ საფრანგეთის ისტორიის შესახებ გესაუბრონ და დაგანახონ კუზიანი მნათე, რომელსაც ულამაზესი ესმერალდა შეუყვარდა.

მონმარტრი - მონმარტრის პატარა ქუჩებში სეირნობა სასიამოვნო თავგადასავალია. აქ დღესაც უამრავ მხატვარს შეხვდები და თუ სურვილი გექნება, მათგან პარიზის ხედის ჩანახატს შეიძენ. შეგიძლია მათ საკუთარი პორტრეტიც დაახატინო.

დისნეილენდი - პარიზის დისნეილენდს ევროპაში ანალოგი არ აქვს. მართალია, იგი დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებითაა, მაგრამ თუ პარიზში შვილებთან ერთად აღმოჩნდი, ბავშვები ამაზე უკეთესს ვერაფერს ნახავენ.

თუ ხელოვნება გაინტერესებს, შუშის პირამიდასთან მიდი, აიღე ბილეთი. ჩადექი რიგში და ლუვრი დაათვალიერე: თუ იმპრესიონიზმით ხარ გატაცებული, მაშინ შენი ადგილი ორსეის მუზეუმშია. საფრანგეთის ისტორია გაინტერესებს? პანთეონში მიბრძანდი ან ნაპოლეონის საფლავი მოინახულე; ხოლო თუ ავანგარდის მოყვარული ხარ, მაშინ პომპიდუს ცენტრი გელოდება. მოკლედ ეს არის იმ ადგილების არასრული ჩამონათვალი, რომელთა ნახვაც პარიზში შეიძლება.

ელისეს მინდვრებზე და პარიზის ქუჩებში სიარულით დაღლილმა შეგიძლია ლუქსემბურგის ბაღში დაისვენო ან მონპარნასზე რომელიმე კაფეში შეხვიდე. მაგალითად, როტონდაში, ან კოსმოში. იქ, სადაც საათობით ისხდნენ მოდილიანი და პიკასო; დალიო ყავა და დატკბე პარიზით.

ღამის პარიზი

პარიზი მთლიანად ღამის ქალაქია, მაგრამ 12 საათის შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მენილმონტანას ტერიტორიაზე ჩქეფს. აქ ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები იკრიბებიან. დაახლოებით იმავე კონტინგენტს შეხვდები გრანდ ბულვარსა და პიგალზე, სადაც უამრავი ღამის ბარი, დისკო-კლუბი და საკონცერტო დარბაზია.

ცოცხალი მუსიკისა და ჯაზის მოყვარულები ლათინურ კვარტალში იკრიბებიან, ხოლო პარიზის ელიტა საღამოებს სენ ჟერმენ დე პრეს კვარტალის მაღალი კლასის რესტორნებში ატარებს. ღამის პარიზი, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია კაბარეს გარეშე. თუმცა პარიზელები, მაინცდამაინც არ სწყალობენ ამ “დაწესებულებებს”. სამაგიეროდ, იქ ბლომად ნახავთ კანკანისა და შილიფად ჩაცმული გოგონების მოყვარულ უცხოელ ტურისტებს.

პარიზული შოპინგი

კრისტიან დიორი, ლაკრუა, შანელი – ეს სახელები ვფიქრობ სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე, როგორი შოპინგი გელოდბა მოდის დედაქალაქში. ელისეს მინდვრებზე მსოფლიოს ყველა დიზაინერის მაღაზიაა გახსნილი. პარიზში შედარებით იაფი მაღაზიებიც არსებობს, სადაც მშვენიერი და მოდური ტანსაცმლის ყიდვაც შესაძლებელია. ერთი სიტყვით ლაფაეტის გალერეასაც მინდა შევეხო ბანალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ იქ დანამდვილებით შეგიძლია გაიგო რით სუნთქავს თანამედროვე მოდა.

იმედია შოპინგს ისე არ დაასრულებ პარფიუნერიის მაღზიაში რომ არ შეხვიდე! ამისთვის ბევრი სიარული ნამდვილად არ დაგჭირდება, რადგან პარიზში ასეთი მაღაზიები თითქმის ყოველ ას მეტრში შეგხვდება.

წარმომიდგენია როგორ ელოდებიან შენი მეგობრები პარიზიდან შენს დაბრუნებას. შენ რა თქმა უნდა, მათთვის სუვენირების ყიდვა გაქ გადაწყვეტილი. მინდა გაგაფრთხილო, რომ ფრანგები თავიანთ სუვენირებს ძალიან ძვირად ყიდიან. თუმცა მათი შეძენა შედარებით ხელმისაწვდომ ფასებშიც შეიძლება. ეიფელის კოშკის მიდამოებში რამდენიმე არცთუ ფეშენებელური ჯიხურია. სწორედ იქ შეგიძლია იფიქრო შენი მეგობრების დასაჩუქრებაზე.

დაბოლოს, მოკლედ ეს ჩემი პარიზია! დარწმუნებული ვარ, შენი პარიზი გაცილებით უკეთესი იქნება, ჰოდა მაშინ როგორც ფრანგები იტყვიან:

Bon voyage!

Please reload

bottom of page