ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე 1 ივნისს იმსჯელებენ

როგორც ევროლაინისთვის ცნობილი გახდა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების კომიტეტი (COREPER) 1 ივნისს იმსჯელებს.
24 მაისს გამართულ COREPER-ზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვაკიმ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში გაავრცელა.
როგორც “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში იოზვაკიმ განმარტა, რომ “ეს იყო ამ საკითხის პირველი განხილვა ევროკავშირის ელჩების დონეზე და ზოგჯერ ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს…”
კორესპონდენტი მეორე მიზეზსაც განმარტავს.
“ზოგიერთმა ქვეყანამ (და განსაკუთრებით, მაგალითად, საფრანგეთმა და ბელგიამ) ისურვა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მას შემდეგ მიღება, რაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივების ჭრილში. ევროკავშირის საბჭოს უკვე აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ახლა ევროპარლამენტის ჯერია და ევროპარლამენტი ამ საკითხს, სავარაუდოდ, ივნისში განიხილავს“.- აღნიშნა რიკარდ იოზვაკიმ.
ევროლაინისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის LIBE კომიტეტი “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” საკითხის განხილვას 30 მაისს გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” საკითხის დადებითად გადაწყვეტა, 1 ივნისს COREPER-ის მიერ ასევე დადებითად საკითხის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.
ორივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება აუცილებელია, რათა 9 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომამ საქართჳელოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭიროს. წყარო: (euroline.ge)