გსმენიათ იორდანიის შესახებ? აქ მოგზაურობა უსათუოდ გაგაოცებთ!

იორდანია არაბეთის ნახევარკუნძულის ნამდვილი ოაზისია. საქართველოდან იქ მოხვედრა საკმაოდ ადვილია.მიღებული შთაბეჭდილება კი დედამიწის ზურგზე ყველაფერს დაგავიწყებს.
საქართველოს მოქალაქეებს იორდანიის ვიზის აღება აეროპორტშივე შეუძლია, ვიზის საფასური შეადგენს 40 იორდანულ დინარს (დაახლოებით 60 აშშ დოლარი).

აქ იწყება თქვენი მრავალფეროვანი და ემოციური მოგზაურობა იორდანიაში. სასტუმროში დაბინავების შემდეგ ალ-ფაშას თურქული ტიპის აბანოსკენ შეგიძლია გაემართო. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ეს დასვენების აუკეთესო საშუალებაა. იქვე მოგზაურობის მარშუტიც შეგიძლია დაგეგმო ეცადეთ დასვენების ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენოთ: რომანტიკული ტური პეტრაში, ეგზოტიკური ღამე უდაბნოში, ბედუინების კარავში და არაჩვეულებრივი Spa პროცედურები მკვდარ ზღვაზე...და ეს ყველაფერი არომატული არაბული ყავისა და შესანიშნავი ტრადიციული მუსიკის თანხლებით.


პეტრას კლასიკური რომანტიკა
პეტრა ამანის სამხრეთით, რომანული ხანის ნანგრევებით დაფარული უმშვენიერესი ქალაქია. ვარდისფერი ქვის კლდეში ნაკვეთი პეტრა თავის დროზე ბედუინების თავშესაფარი და რეგიონში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი იყო. ჩასვლისთანავე პირველ რიგში ბარს ეწვიეთ გასაგრილებლად. დარწმუნებული ვარ, კლდეში ნაკვეთი Cave Bar-ის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი გინახავს. შეეცადეთ იქ ორშაბათს ჩახვიდე რომ ცნობილ „სანთლების ტურს“ დაესწრო. ეს არაჩვეულებრივი რიტუალი შუაღამეს იწყება. სურნელოვანი სანთლებით განათებული გზის ვიწრო კლდოვან შესასვლელში შედიხარ, კლდეში გამოკვეთილ გიგანტურ ტაძარს გაივლი და საბოლოოდ უდაბნოში აღმოჩნდები. მსვლელობა ერთ საათს გრძელდბა, თუმცა ეს დრო მარადისობად გეჩვენება, განცდილი სიამოვნება კი წარუშლელ შთაბეჭდილებად იქცევა. ამ ემოციებს ვერაფერი შეედრება თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია წინ ვადი რუმი გელოდება.

ბედუინების კვალდაკვალ
ვადი რუმის უდაბნო პეტრას სამხრეთით სამი საათის სავალზეა. თუ გინდა რუმის ეგზოტიკა ბოლომდე შეიგრძნო, აქედან გზა აქლემებით უნდა გააგრძელო და ბედუინების კარავში ერთი ღამე მაინც გაათიო. მზის ჩასვლა უდაბნოში ...მსგავს სილამაზეს დედამიწის ზურგზე ვერ ნახავ. უდაბნო ზღვასავით ღელავს და წარმოუდგენელი ფერებით ივსება. ღამით უდაბნოში საკმაოდ გრილა, თვალუწვდენელი ყვითელ-ყავისფერი ფონი კი მომწვანო-მოლურჯო მოლივლივე ჰორიზონტით იცვლება.


მკვდარი ზღვა - Spa ზარმაცებისთვის
პეტრასა და ვადი რუმში ეგზოტიკური მოგზაურობის შემდეგ მკვდარი ზღვის რომელიმე კურორტზე დასვენება - ბრწყინვალე იდეაა. შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმ გენიოსს, ვინც მას მკვდარი ზღვა უწოდა. ეს მოლივლივე სუბსტანცია თითქმის არ იძვრის, თუ არ ჩათვლით ადამიანების მიერ წარმოქმნილ ტალღებს. წყალი მძიმეა და ძალიან მარილიანი. გიწვავს კანს, მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლოა. ცურვა თითქმის შეუძლებელია. მზის ჩასვლა მკვდარ ზღვაში მართლაც ულამაზესია. გგონია, რომ წითელი მზე მართლაც კვდება და მერე - ხელახლა იბადება.

მკვდარი ზღვის სანაპირო ნებისმიერ კურორტს დაგავიწყებს თავისი Spa პროცედურებითა და შესანიშნავი სასტუმროებით. საუკეთესო სპა - პროცედურეებისთვის შეგიძლია Zara Spa-ს მიაკითხო. ეს კიდევ ცალკე ხარჯია, თუმცა გამოსავალი შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაშიც არის. შეგიძლია მკვდარი ზღვის მარილი და კოსმეტიკური ტალახი შეიძინო და ეს საოცარი პროცედურები სახლში ჩაიტარო.

იორდანიაში მოგზაურობისას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეს, ეს არაჩვეულებრივი არაბული ტრადიციული მუსიკაა. არჩევანი მრავალფეროვანია: არაბული კლასიკური საკრავებით შესრულებული მუსიკით დაწყებული, თანამედროვე სადისკოთეკო ვერსიებით დამთავრებული. და კიდევ არაბული ყავა განსხვავეული არომატით და სიმძაფრით გამოირჩევა.შეიძლება ხელს ყავის ტრადიციული მოსადუღებელიც გამოაყოლო, რომელიც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, შენი სამზარეულოს ულამაზესი ატრიბუტიც გახდება.

ბოლო შტრიხისათვის სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი“, ხოლო 2007 წლის 7 ივლისს პეტრა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა.
მოგზაურობის მთავარ შთაბეჭდილებად ამ ქვეყნის მარადიული სითბო და ის ფაქტი რჩება, რომ წლის ნებისმიერ სეზონზე შგიძლიათ დატკბეთ მზით, ზღვით და უდაბნოს იდუმალებით. ეს ყველაფერი თქვენ უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით.