10 რჩევა ამსტერდამში მოგზაურობის მსურველებს

შესავალი განწყობისათვის
ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები, მორკალული ხიდები, არხის გასწვრივ მიწყობილი ველოსიპედები…ღამის ხმაურით დაღლილი ქალაქი გათენებისას მშვიდი და ცარიელია. რამდენიმე საათი და ყველაფერი შეიცვლება! ნესტიანი ჩიხები განათდება, ლუდის ბარები ქოლგებს გაშლიან, მწვანე არხებში თეთრი ნავები ატივტივდება; წელწვრილი ქერა გოგონები გამოჩნდებიან და ველოსიპედებს ააწკრიალებენ; შავკანიანი პერკუსიონისტები მაღაზიის ფასადებთან რიტმული მუსიკის დაკვრას დაიწყებენ; სწრაფი ტრამვაი კი ხმამაღალი საყვირით გაიკვლევს გზას რუკაში თავჩარგულ ტურისტებს შორის. ასე იწყება მორიგი დღე ამსტერდამში, დღე, რომელსაც ჩრდილოეთის ვენეციად წოდებულ ტურისტულ სამოთხეში ერთად გავატარებთ.

პირველი რჩევა: სანამ ჩემოდანს ჩაალაგებ, ამინდის პროგნოზი გაითვალისწინე. ამსტერდამში ხშირად წვიმს, ამიტომ ქოლგას ზედმეტ ტვირთად ნუ ჩათვლი და აუცილებლად წამოიღე.
“ამსტერდამში 24 გრადუსია”, - აცხადებს ოპერატორი და თვითმფრინავი სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტში ეშვება, სწორედ აქედან იწყება შენი მოგზაურობა.
მეორე რჩევა: დაივიწყე მგზავრობის საფასურზე ტაქსის მძღოლთან ვაჭრობა. აეროპორტიდან კომფორტული მატარებელი 15 წუთში მიგიყვანს ქალაქის ცენტრში და თან 4 ევროდ, მაგრამ თუ მაინც ტაქსის ამჯობინებ, მაშინ 40 ევრო მოიმარჯვე.

ყველა ტურისტი ამტერდამის გაცნობას მე-19 საუკუნეში აგებული ცენტრალური ვაგზლიდან იწყებს. ის ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და თითქმის ყველა ღირსშესანისნაობა: დამის მოედანი, დედოფლის სასახლე, ბრილიანტების სახელოსნო და სავაჭრო უბანი აქედან სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზეა.
მესამე რჩევა: თითქმის 100 ევროს დაზოგავ, თუ ცენტრალური ვაგზლის საინფორმაციო ბიუროში ამსტერდამის ტურისტულ ბარათს I Amsterdam-ს შეიძენ(33 ევრო). მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებ, გაისეირნებ ნავით, შეხმალ მუზეუმებში და მთელ რიგ ტურისტულ სანახაობაზე ასევე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

მუზეუმების ქალაქი
ამსტერდამის დათვალიერება მუზეუმებით უნდა დაიწყო. ქალაქში 50-ზე მეტი მუზეუმია. ჰოლანდიელები ექსპონატებად აქცევენ ყველაფერს: ხის ქოშებით დაწყებული, მარიხუანის ბუჩქით დამთავრებული. ყველაფრის ნახვას ალბათ ვერ მოახერხებ, მაგრამ ტურისტული მინიმუმი მაინც უნდა შეასრულო. ღაიკსმუზეუმი (Rijksmuseum) - ნიდერლანდის ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმია, რომელიც რემბრანდტის, ვერმეერისა და სხვათა ტილოებითაა ცნობილი. აქ, ამჟამად 400 შედევრია გამოფენილი და პიტერ გრინვეის მიერ რემბრანდტის თემაზე შექმნილი ინსტალაციაც არის წარმოდგენილი. გოთიკური სტილის შენობამუზეუმპლეინზე (Museumplein) მდებარეობს. იქვეა ვან გოგის მუზეუმიც (Van Gogh Museum). მუზეუმში შესვლა 10 ევრო ღირს და დამატებით 1,5 ევროდ აუდიოგიდის მომსახურეობას შემოგთავაზებენ. ყურსასმენებით, შენ მიერ არჩეულ ენაზე, თითოეული ექსპონატის შესახებ საინტერესო ამბებს მოისმენ, გაიგებ მხატვრის ცხოვრების უცნობ დეტალებს და, მერწმუნე, შინ დაბრუნებულს მეგობრებისათვის მოსათხრობი ნამდვილად გექნება. მუზეუმის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში საინტერესო სუვენირებს შეიძენ, მაგალითად, ვან გოგის მზესუმზირებიან ჰალსტუხს შენი მეგობარი ბიჭისათვის. მუზეუმპლენზე მდებარეობს ასევე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (Stedelijk Museum). ნუ დაიზარებ და რემბრანდტის სახლსაც (Museum Het Rembrandthuis) ეწვიე. სამსართულიან შენობაში და,ზუსტად ისე როგორც მხატვრის დროს იყო. ამსტერდამში კიდევ უამრავი ცნობილი მუზეუმია: მადამ ტიუსოს სალონი, ისტორიული და ფოტოგრაფიის მუზეუმი ( FOAM) , ანა ფრანკის სახლი, სადაც ებრაელი გოგონა ნაცისტური ოკუპაციის დროს იმალებოდა და ცნობილ დღიურს წერდა;


მეოთხე რჩევა: თუ მუზეუმებში სიარული გიყვარს, სპეციალური ბარათი (Museumkaart-17,5 ევრო) შეიძინე და მთელი წლის განმავლობაში ნიდერლანდის სამეფოს 400-მდე მუზეუმში ფასდაკლებით ისარგებლებ.

შოპინგი
ამსტერდამი ევროპაში საუკეთესო შოპინგის შესაძლებლობებს გთავაზობს. ქალაქში 10 334 მაღაზიაა მათ შორის შენი გემოვნების შესაფერისს ნამდვილად იპოვი.
დაიწყე ყველაზე ხალხმრავალი ქუჩიდან: კალვესტრატი სავსეა საერთაშორისო თუ ჰოლანდიური საფირმო მაღაზიებითა და ორიგინალური ბუტიკებით. ამ ქუჩაზეა H&M, Zara Esprit, Mexx, Vero Moda, Morgan, inderella, Roma და უამრავი სხვა…კალვერსტრატზე აქსესუარებისა და სამკაულების მაღაზიებიც მრავლადაა.
მეხუთე რჩევა: სიტყვები “Uitverkoop”, Opruming”, “Halfe prijs”, “Opop” დაიმახსოვრე, ისინი ფასდაკლებას გულისხმობს!

თუ არამასობრივი, ექსკლუზიური მოდელები გიზიდავს, მაშინ ამსტერდამის ყველაზე მოდურ ქუჩაზე უნდა წახვიდე. პიტერ კორნელიც ჰოფსტრატი მწვანე მარმარილოს კედელში ჩასმული ჩარტიერ-ს განათებული ვიტრინით იწყება და ფეშენებელური სასტუმრო “ ამსტელიტ” სრულდება. აქ ნამდვილად არ შეგხვდება სამოსი იარლიყით “Made in Bangladesh” და შესაბამისად ფასებიც მაღალია. Chanel, Anne Fontaine, Armani, Hugo Boss, Roberto Botticelli, Gucci, Salvator Ferragamo, რომელთაც რეკლამა ნამდვილად არ სჭირდება, ამ ქუჩაზეა თავმოყრილი.
მეექვსე რჩევა: თუ შოპინგისთვის ცოტა დრო გაქვს, სავაჭრო ცენტრს მაგნა პლაზასა და ბაიენკორფს ესტუმრე.

SPA და განტვირთვა
მუზეუმებსა და მაღაზიებში სიარულის შემდეგ, განტვირთვა არ გაწყენს, მე აკვამასაჟს გირჩევ. პროცედურა მარტივი და სასიამოვნოა: კაფსულაში წყლის ბალიშები სხეულზე სწრაფად მოძრაობს და კუნთებს ადუნებს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და დაღლილობას გიხსნის.
მეშვიდე რჩევა: აკვამასაჟის კაბინეტს ქალაქის შუაგულში, სავაჭროცენტრ მაგნა პლაზაში ნახავ. ათწუთიანი პროცედურა 10 ევრო ღირს.
ამსტერდამს სრულიად სხვა კუთხით დაინახავ, თუ ვიწრო არხებში ნავით გაისეირნებ. დაუვიწყარი ტურისტული კრუიზი შეგიძლია მუზეუმების ან ზოოპარკის მიმართულებით აირჩიო, თავისი სადილით, ცოცხალი მუსიკით ანდა რომანტიკული ვახშმით - სანთლებითა და წითელი ღვინით.

მერვე რჩევა: ნამდვილი ამსტერდამის გასაცნობად აუცილებელია ველოსიპედით ერთხელ მაინც გაისეირნო. ერთი დღით ველოსიპედს 6 ევროდ რკინიგზის სადგურზე ან ფირმა მაკბაიკში იქირავებ. ყურადღება მიაქციე, რომ საკეტი მუშაობდეს, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ამსტერდამში ყველაზე გავრცელებული დანაშაული ველოსიპედის ქურდობაა.
წითელი ფარნების კვარტალი
ამსტერდამის ყველაზე კოლორიტული ნაწილი – წითელი ფარნების კვარტალია. ეს უბანი ყოველ ღამე ათასობით ტურისტს იზიდავს წითლად განათებულ ფანჯრებში, სექსუალურ თეთრეულში გამოწყობილი ქალები მანეკენებივით არიან გამოფენილები და კლიენტებს ელიან. პროსტიტუცია ნიდერლანდში ისევე როგორც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება, ლეგალურია და გადასახადებით იბეგრება.
მეცხრე რჩევა: წითელი ფარნების კვარტალში უსაფრთხოების მინიმალური ზომები მაინც უნდა დაიცვა. ღამენათევმა და ნამთვრალებმა უცნობებმა შეიძლება თავი მოგაბეზრონ. ზოგადად კი უბანი კრიმინალური არ არის და ცხენებსა და ველოსიპედებზე ამხედრებული მომღიმარი პოლიციელები აქ მუდამ მორიგეობენ.

ღამის ამსტერდამი
ღამის ცხოვრება ამსტერდამში განსაკუთრებულია: მხიარული, ხალხმრავალი, მუსიკითა და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტების შეძახილებით სავსე. ყველაზე პოპულარული კლუბები 60-იან წლებში ჰიპების საყვარელ მოედანთან - ლეიდსპლეინთან (Leidseplein) მდებარეობს. გირჩევ საღამო მულტიმედიურ ცენტრ მელკვეგში - კინო და საკონცერტო დარბაზით, საგამოფენო პავილიონითა და დისკოტეკით დაიწყო.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბოლო 40 წლის განმავლობაში პარადისოა ნეოგოთიკურ ეკლესიაში მოწყობილ ცენტრში შაბათ-კვირას თემატური საცეკვაო საღამოები იმართება. თუ ჰოლანდიური ბომონდის, “აიაქსის” ფეხბურთელთა მეუღლეების ან შოუბიზნესის წარმომადგენლების ნახვა გინდა, ეცადე ამ კლუბების: Sinners in Heaven-ის და Sugar Factory-ის მოსაწვევები მოიპოვო ან დაცვის ბიჭი მოხიბლე და ე.წ face control გადალახე.

მოგონებები ამსტერდამზე
ხის ქოშები და პატარა წისქვილები ვან გოგის ნახატებით გაფორმებული ნივთები, მარიხუანის ფოთლით მორთული მაისურები და ჰოლანდიური ტიტები,-აი სტანდარტული სუვენირები, თუმცა…


მეათე რჩევა: თუ უფრო ორიგინალური საჩუქრების შერჩევა გინდა, ესტუმრე სუვენირების მაღაზია ექსპოს (Expro), შოკოლადის მაღაზია Arti Choch-ს. შოკოლადის წარმოუდგენლად დიდი არჩევნებით ან ქუჩის ღია ბაზრობებს: Spui-ს და Albert Cuyp-ს ამავე სახელწოდების ქუჩებზე, სადაც ხშირად შეხვდები საინტერესო, ძველ და ორიგინალურ ნივთებს.
და აი, სუვენირების შეიძინე, ალბათ დროა დაგემშვიდობო, აქედან უკვე ცალ-ცალკე გავაგრძელებთ მოგზაურობას. მე ანტვერპენში მივდივარ - ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი იუველირია მსოფლიოში და სადაც სტუმრებს ყველაზე გემრიელი შოკოლადით უმასპინძლდებიან…მორიგ ტურისტულ სამოთხეში - მომავალ შეხვედრამდე!!!