top of page

ფლორენცია - იტალიის საუკეთესო ქალაქი

ძალიან ვეცადეთ ფლორენციის შესახებ ისე დაგვეწერა, რომ არ გამოგვეყენებინა ათასჯერ ნათქვამი თუ დაწერილი ეპითეტები: „ქალაქი მუზეუმი“, „შედევრების გამოფენა“ და ა.შ. მაგრამ, მოგზაურობას იტალიის ამ საოცარ ქალაქში სხვა სიტყვებს ვერ გამოიყენებთ. ამიტომ მხოლოდ ჩვენ აზრს მოგიყვებით, თუ რატომ უნდა მოინახულო ეს ულამაზესი ქალაქი.

გზა ფლორენციისკენ

ფლორენციაში მოსახვედრად მარტო სურვილი არ კმარა, ეს შენ ჩემზე უკეთ იცი. პირველ რიგში აუცილებლად გჭირდება ვიზა. ამ პრობლემის გადასაჭრელად იტალიის საკონსულოს უნდა მიმართო. ვიზის საფასური 70 ევროა. ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და რომანტიკული გზა ფლორენციისკენ რომის გავლით „მიდის“ თუმცა, სამწუხაროდ, პირდაპირი რეისი თბილისი-რომი ჯერჯერობით არ არსებობს.

პირადად მე რომში ჩაფრენას სტამბულიდან გირჩევ, რადგან ეს ყველააზე იაფფასიანი მარშუტია. რომიდან ფლორენციამდე კი თვითმფრინავით, მატარებლით ან რომში დაქირავებული მაქანით შეგიძლია იმგზავრო. მართალია ეს უკანასკნენი მარშუტი საკმაოდ ძვირი დაგიჯდება, მაგრამ სამაგიეროდ გზად უამრავი საინტერესო რამის ნახვას შეძლებ.

სასტუმრო

რამდენიც გინდა, კლასისა და ადგილის მდებარეობის მიხედვით! ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ფასი დაახლოებით 60 ევროა. თუ რიგ ბანალურ მიზეზთა გამო შენ სწორედ ასეთ სასტუმროში მოგიწია ცხოვრება, ერთი წუთითაც არ იდარდო, მთავარია, რომ ფლორენციაში ხარ!

რატომ უნდა იმოგზაუროთ ფლორენციაში

თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ მაინც შეავლოთ თვალი სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძარს. ფლორენციაში მოხვედრამდეც ყველამ ვიცით, რომ სანტა-მარია-დელ-ფიორე ვატიკანის წმინდა პეტრესა და ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრების შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მესამე ტაძარია, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იქ, ტაძართან მისული, წარსულში მოგზაურობას შევძლებდი და საუკუნეების წინანდელ ფლორენციას ვნახავდი.

ტაძრის გვერდით სამრეკლოა, რომელიც ცნობილი იტალიელი მხატვრის, ჯოტოს პროექტით არის აშენებული და მხოლოდ ამ ორი არქიტექტურული ძეგლის ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ თავი ბედნიერ ტურისტად და იღბლიან ადამიანად ჩათვალო.

სხვა დანარჩენი...

რაც ამ ქალაქსია მოქცეული, საამაყოდ მსოფლიოს ათ ქალაქს მაინც ეყოფა. მაგალითად, გოტიკური სტილის ნაგებობა--სანტა-კროჩეს ტაძარი, რომელიც იმითაცაა ცნობილი, რომ აქ მიქელანჯელოსა და გალილეო გალილეის საფლავებია.

თუ მედიჩების დინასტიის რეზიდენცია გაინტერესებს და მათ სარკოფაგებზე დადგმული მიქელანჯელოს ქანდაკებების ნახვა გსურს, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებს სან-ლორენცოს ეკლესია მედიჩის კაპელით, ხოლო თუ მხატვრობის მოყვარული ხარ, მაშინ ფლორენციაში ჩასვლისთანავე ესტუმრე უფიცის გალერეას, სადაც ჯოტოს, მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ტინტორეტოს, რემბრანდტის, რუბენსისა და კრანახის შედევრებს ნახავ. მოკლედ, მთავარია ინატროთ!

ფლორენციული ფეხბურთი

ფლორენციელები აღდგომის დღესასწაულზე ერთ უცნაურ რიტუალს ატარებენ. საქმე ისაა, რომ ამ დღეს საკათედრო ტაძრის წინ ლამაზად მორთული ურემი იდგმება და კოსტიუმირებული შოუ იმართება. სანახაობა კულმინაციას მაშინ ახწევს, როდესაც ჯვაროსნების სამოსში გამოწყობილი მამაკაცები ურემს აფეთქებენ. ამ რიტუალით ფლორენციელები ჯვაროსნული ლაშქრობის მიმართ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ. მეორე ტრადიცია, რომელსაც ამ ქალაქში არასოდეს არღვევენ, ივნისის ფეხბურთის მატჩი გახლავთ. ამაში უცნაური თითქოს არაფერია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საგანგებოდ მორთულ მოედანზე ფეხბურთს შუა საუკუნეების სამოსში გამოწყობილი მამაკაცები თამაშობენ. არსებობს ლეგენდა, რომ ძალია დიდი ხნის წინ, მტრის მიერ ალყაში მოქცეული ფლორენციელები, სულიერი განწყობის ასამაღლებლად თურმე ფეხბურთს თამაშობდნენ, რამაც მტრის ბანაკში გაოცება და, შესაბამისად, დაბნეულობაც გამოიწვია. ჩემი ფლორენციელი მასპინძელი კი იმასაც ამბობდა, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთის მატჩში თითქოს თვით მიქელანჯელოც მონაწილეობდა.

შოპინგი

ევროპის არც ერთ ქალაქში არ მინახავს ისეთი ხარისხის ტყავის ნაწარმი, როგორიც ფლორენციაშია.ნაქ შეგიძლიათ შეიძინოთ ულამაზესი ქურთუკები, ჩანთები, ქამრები, ფეხსაცმელი.

ყველაფერ ამას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საკმაოდ „ ადამიანური ფასები“, ამიტომ შემიძლია დაგარწმუნო, რომ ფლორენციიდან ხელცარიელი არ დაბრუნდები. თუ ანტიკვარიატის მოყვარული ხარ მაშინ ნამდვილად გაგიმართლა, რადგან ფლორენციაში უამრავი საოცარი ნივთის შეძენა შეიძლება.

აქვე არ შემიძლია ერთი საიდუმლო არ გაგიმხილო: საქმე ისაა რომ, ამ ულამაზესი ქალაქის აფთიაქებში იყიდება ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული სხეულის მოვლის უამრავი საშვალება. ამ „ჯადოსნური“ პარფიუმერიის სახელწოდება კი ქართულად ასე ჟღერს: „მარადიული სილამაზისა და ჯანმრთელობის ელექსირი“. ხომ ძალიან შთამბეჭდავია?!

გასტრონომიული მეგზური

მართალია, ფრანგები იტალიურ სამზარეულოს, რბილად რომ ვთქვა, არასერიოზულად აღიქვავენ, მაგრამ პირადად მე იმდენად მოხიბლული დავრჩი იტალიური კერძებით, რომ თბილისში დაბრუნებულს მეგობრებმა ტაქტიანად შემახსენეს დიეტის არსებობის შესახებ. არ არის გამორიცხული იგივე საფრთხე შენც დაგემუქროს, თუ რა თქმა უნდა, იქ ყოფნისას თავს ფლორენციული სამზარეულოს მთავარი კერძებით: პურის სუპით , ცნობილი პასტა პაპარდელეთი და ნამდვილი იტალიური პიცით გაინებივრებ. არაფერს ვამბობ ცნობილ დესერტზე -- ტირამისუზე, რომელსაც ქალაქის ყველა კაფესა და რესტორანში საოცრად გემრიელად ამზადებენ.

ღამის ფლორენცია

თუ მთელი დღის შთაბეჭდილებებმა და ხეტიალმა არ დაგღალა, ესე იგი შენ ჭეშმარიტი ტურისტი ხარ და ღამის ფლორენციის ნახვასაც იმსახურებ. ცოტა შორიდან დავიწყებ და გეტყვი, რომ მე არ ვიცი საიდან ‘იღებენ“ იტალიელები ასეთ ამოუწურავ ენერგიას; მთელი დღის მუშაობის შემდეგ ფლორენციელები შუაღამემდე სხედან ღია კაფეებსა და ბარებში და თავიანთი სინიორებისა და სინიორინების საზოგადოებით ტკბებიან. იქ თითქმის ყველა ღამის ბარში ცოცხალი მუსიკა უკრავს და „ძალიან ცოცხალი“ მომღერლები მღერიან. თუ ნამდვილი იტალიური მუსიკის მოსმენა გინდა, შეგიძლია ოპერის თეატრს ან რომელიმე საკონცერტო დარბაზს ესტუმრო.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებ.

Please reload

bottom of page