ესპანეთის 7 საოცრება
ყოველ ტურისტს სურს მოინახულოს გაუდის არქიტექტურა, მოისმინოს ფლამენკოს რიტმი და აღფთოვანებისგან ყიჟინით წამოხტეს "სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე. მაგრამ ყოველი ესპანელი იტყვის: ეს არასრული სიაა, იმისა რაც შეიძლება ნახო მის ტემპერამენტიან ქვეყანაში.

La Plaza de Toros de las Ventas
ესპანეთის დედაქალაქში კორიდა ტრადიციული ფესტივალია. მადრიდში კორიდას ფესტივალის ჩატარების ტრადიცია მისი დედაქალაქად გამოცხადების დროიდან იღებს სათავეს. სხვა ღონისძიებების მსგავსად, თავდაპირველად კორიდა პლაზა მაიორზე იმართებოდა. დღეს კორიდა La Plaza de Toros de las Ventas-ზე იმართება, რომელიც ესპანეთში ყველაზე დიდ არენას წარმოადგენს. კორიდა ესპანური კულტურის ნაწილია და ესპანელებისთვის ნამდვილ ზეიმს წარმოადგენს.

Punta Marroquí
მაროკის კონცხი – კონტინენტური ევროპის ყველაზე სამხრეთი წერტილი. მდებარეობს ესპანეთის ქალაქ ტარიფის გარეუბანში კონცხი მდებარეობს გიბრალტარის სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილას, აფრიკიდან 14 კილომეტრში. 1826 წელს აქ ააშენეს მიმანიშნებელი კოშკი.

La Sagrada Família
საგრადა ფამილია — მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კერძოდ კატალონიაში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“ (Temple Expiatori de la Sagrada Família). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.

Castell de Bellver
ესპანეთში ერთადერთი მრგვალი გოტიკური ციხე-დარბაზი მდებარეობს ქალაქ პალმაში კუნძულ მაიორკაზე. ციხე-დარბაზი აშენდა 1311 წელს მეფე ჰაიმე II-სათვის. შენობა მეფის და სამეფო ოჯახის საცხოვრებელთან ერთად სიმაგრეც უნდა ყოფილიყო. ამით აიხსნება გოტიკური შენობისათვის არც თუ ისე დამახასიათებელი ფორმები. ამჟამად ბელვერშიქალაქის მუზეუმია განთავსებული, მასში მოსახვედრად ტურისტებს 2,5 ევროს გადახდა უწევთ.

Camp Nou
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონს ეწოდება „კამპ ნოუ“. სტადიონის ოფიციალური გახსნა შედგა 1957 წლის 24 სექტემბერს. „კამპ ნოუ“ ყველაზე ტევადი სტადიონია არამარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაშიც. „კამპ ნოუ“ ერთ-ერთია იმ მცირე ევროპული სტადიონებიდან, რომლებსაც უეფა ხუთი ვარსკვლავით აფასებს.
სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ბარსელონას თანამშრომლების ოფიციალური ცენტრი, ხელმძღვანელობის ოფისი და საფეხბურთო კლუბის მუზეუმი, რომელიც კატალონიაში ყველაზე ხშირად წვევადი მუზეუმია. გარდა ამისა „კამპ ნოუ“ წარმოადგენს მთავარ ნაწილს კომპლექსისა, რომელშიც ასევე შედის Mini estadi — ოციათასიანი სტადიონი, რომელზეც ვარჯიშობენ კლუბის სპორტული სკოლის გუნდები; La Masía — შენობა, სადაც ცხოვრობენ კლუბის ყველაზე ახალგაზრდა წევრები; და Palau Blaugrana — 8 000 მაყურებელზე გათვლილი კორპუსი, სადაც გამოდიან კლუბის კალათბურთის, ჰენდბოლის, ჰოკეისა და მინი-ფეხბურთის გუნდები.

RIOJA
რიოხა ალტას ტერიტორიაზე მდებარეობს. ვენახებს ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ფართობი უკავია. მევენახეობისა და ღვინის ისტორიაც აქედან იწყება. როგორც ამბობენ, რიოხას ღვინის უბადლო ხარისხი დიდწილად რიოხას მდებარეობაზეცაა დამოკიდებული. პროვინცია მთებითაა გარშემორტყმული. ეს მთები ტერიტორიას სხვადასხვა მავნე ელემენტების შემოჭრისაგან იცავს და ვენახების დამცავი საფარის ფუნქციას ასრულებს. ამასთანავე ძალიან ლამაზი ბუნებაა რიოხას მხარეში. აქ ტურისტებისთვის ბევრი ცდუნებაა, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს: კლდეზე ცოცვა, საცალფეხო ბილიკები, სანადირო და სათევზაო ადგილები, თერმული წყლები... რიოხაში ჩამოსული ტურისტები სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ლოგრონოსა და ჰაროას ცნობილი ღვინის ქარხნებსაც მოინახულებენ ხოლმე. ტურისტებისთვის პერიოდულად საგანგებო ღვინის დეგუსტაციებიც იმართება.

Catedral de Sevila
სევილიის საკათედრო ტაძარი - უდიდესი რომაულ-კათოლიკური კათედრალია და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოტიკური რელიგიური შენობაა, ფართობითაც და მოცულობით. იგი ყოფილი ალმოჰადის მეჩეთის ადგილას აშენდა. მისი ცენტრალური თაღი 42 მეტრის სიმაღლემდე ადის და გვერდითი სამრეკლოებიც კი იმხელაა, რომ თითოეული ცალკე ეკლესიას დაიტევა. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესად ითვლება. კათედრალს ასევე რელიგიურ ძვირფას ქვათა, ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა დიდი კოლექცია გააჩნია, ქრისტეფორე კოლუმბის ძვალთსაცავთან ერთად. კათედრალი 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.