top of page

ცოტა რამ პორტუგალიის გულის - ლისაბონის შესახებ


ლისაბონში ყოფნისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის მისი გამორჩეულობა დანარჩენი ევროპისგან როგორც ქალაქის იერსახის, ისე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

აეროპორტი ძალიან კარგად არის დაკავშირებული ქალაქის ცენტრთან. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც სპეციალური ავტობუსებით, ისე მეტროთი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ უბანს უკავშირდება (ზოგადად ტრანსპორტით მიმოსვლა ქალაქის ყველა წერტილში ძალიან გამარტივებულია). სასურველია, აეროპოტშივე შეიძინოთ დღიური ბილეთი ავტომატებთან. აღსანიშნავია საოცრად დაბალი ფასები სასტუმროებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ლისაბონში ყოფნისას აუცილებლად იმგზავრეთ ნომერი 28 და 12 ტრამვაის ხაზებით, რომელთა მარშრუტებიც ქალაქის ძველი უბნების საოცრად ვიწრო ქუჩებს აკავშირებენ და არაერთ ტურისტულ სანახაობაზე გადიან. ტრამვაით გასეირნება სასურველია დაიწყოთ როსიოს მოედნიდან.

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად უდაოდ ითვლება 3.2 კმ. სიგრძის 25 აპრილის ხიდი (Ponte 25 de Abril), რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლისაბონის კვარტალ ალკანტარასა და ქალაქ ალამადას. წითელი ფერისა და არქიტექტურის გამო, ერთი შეხედვით, ეს ხიდი ძალიან ჰგავს სან-ფრანცისკოს „გოლდენ გეიტის“ ხიდს. ეს მსგავსება არ გახლავთ შემთხვევითი – ორივე ხიდი სხვადასხვა დროს დააპროექტა სამშენებლო კომპანია „American Bridge Company“-იმ.

კიდევ ერთი სანაოხაობა, რომელიც ასევე სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობას მოგაგონებთ, არის ქრისტეს ქანდაკება (Cristo Rei) ქალაქ ალამადაში, საიდანაც საოცარი პანორამა იშლება, ქანდაკება 113 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს 25 აპრილის ხიდს, მთლიანად ლისაბონსა და მდინარე ტეხოს სანაპიროს. ალბათ, მიხვდებოდით, რომ ეს ქანდაკება პირდაპირი ასლია ქრისტეს ქანდაკებისა (Cristo Redentor) რიო-დე-ჟანეიროში. „Cristo Rei“-ზე მოსახვედრად თქვენ უნდა გახვიდეთ ცენტრალურ სადგურზე, რომელსაც კაის დო სოდრე ეწოდება, საიდანაც ყოველ ნახევარ საათში დადის საზღვაო მარშრუტი ალამადას მიმართულებით.

რამდენიმე პოპულარული ტურისტული ადგილის ჩამოვთვალი: ხერონიმოს მონასტერი (Mosteiro dos Jerónimos); ბელემის კოშკი (Torre de Belem) და აღმოჩენების მემორიალი (Padrao dos Descobrimentos) ბელემში; კარმოს მონასტრის ნანგრევები (Convento do Carmo); სანტ ვინსენტის მონასტერი (Kloster Sao Vicente de Fora); გულბენკიანის მუზეუმი; სანტა ხუსტას ელევატორი (Elevador de Santa Justa), პატრიარქალური კათედრალი (Catedral se Patriarcal); ვასკო და გამას ანძა, სადაც ასევე შეგიძლიათ გაისეირნოთ საბაგიროთი სანაპიროს გასწვრივ; აკვარიუმი (Oceanario de Lisboa); სანტ ხორხეს ციხე (Castelo de Sao Jorge), საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ლისაბონზე და ა.შ.

ვასკოდაგამას ანძა

როსიოს მოედანი

სანტ ვინსენტის მონასტერი

სანტ ხორხედანკოლუმბის ცენტრი

აღმოჩენების მოედანი სპორტის მოყვარულებისთვის ასევე სავალდებულოდ სანახავია ლუზის სტადიონი (Estadio de Luz), სადაც ხშირად იმართება ჩემპიონთა ლიგისა და ნაკრების თამაშები. აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ საფეხბურთო კლუბ „ბენფიკას“ მუზეუმს.

ჩვენი პირადი რეკომენდაცია: აუცილებლად მოიწყეთ აღმოჩენების ტური და გაისეირნეთ ღამის ლისაბონში – განსაკუთრებით ძველ ქალაქში.

თქვენ შეხვდებით ფანჯრებში გადმომდგარ ადგილობრივ მობინადრეებს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ქუჩის აყალმაყალში, ასევე შუა ხნის მამაკაცების ჯგუფებს, რომლებიც ხმაურიანად თამაშობენ რომელიმე სამაგიდო თამაშს ან უბრალოდ ლუდს სვამენ და საუბრობენ და, რაც მთავარია, ლისაბონური ღამე – ფადოს ღამე! ქალაქის უძველეს ვიწრო ქუჩებში თითქმის ყველა კუთხიდან, ასევე ვიწრო, ნახევრად განათებული რესტორნებიდან გაისმის გულისმომკვლელი სიმღერა ცოცხალი შესრულებით უიღბლო სიყვარულის შესახებ.

ფადოს ღამე

რაც შეეხება სამზარეულოს, პორტუგალია განსაკუთრებით გამოირჩევა თევზის მრავალფეროვანი ვარიაციებითა და შესანიშნავი ღვინის ასორტით, თუმცა იტალიურ, თურქულ თუ აზიურ რესტორნებსაც მრავლად შეხვდებით. საუზმედ აუცილებლად გასინჯეთ პორტუგალიური ნამცხვარი პასტაის ყავასთან ერთად. შოპინგის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია ვასკო და გამას, ამორეირასა და კოლუმბის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ღამის 11 საათამდეა ღია, ხოლო მაღალი მოდით დაინტერესებულთ შეგიძლიათ ჩაისეირნოთ ავენიდა ლიბერდადეზე, სადაც მხოლოდ ბრენდულ მაღაზიებს შეხვდებით.

რას უნდა ერიდოთ ლისაბონში:

უბილეთოდ მგზავრობას. ასევე ზუსტად შეამოწმეთ სწორად იყიდეთ თუ არა ბილეთი. სამწუხაროდ, ძალიან დამაბნეველია ბილეთის ავტომატების სისტემა, ამიტომ, გაურკვევლობის შემთხვევაში, მიმართეთ იქვე მდგომ პერსონალს, ვიდრე არასწორი ბილეთის ყიდვისას ორმაგ თანხას დახარჯავდეთ.

საღამოობით ღია რესტორანში ჯდომისას, ხშირად მოდიან ნარკოტიკის გადამყიდველები და პირდაპირ გთავაზობენ „Staff“-ს. გირჩევთ არ გარისკოთ და უარით გაისტუმროთ. ხშირ შემთხვევაში პოლიციელებიც ასევე ახლოს დგანან ხოლმე.

კიდევ ერთი რეკომენდაცია:

თუ თქვენ ლისაბონში მოხვდებით ზაფხულის სეზონზე და თან რამდენიმე დღით, აუცილებლად გამოყავით ერთი დღე და გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.

მატარებლით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარეობს პატარა ქალაქი კაშკაი ძალიან ლამაზი სანაპიროებით.

კაშკაიდან ყოველ ერთ საათში მიემგზავრება ავტობუსი კაბო და როკას მიმართულებით. კაბო და როკა არის ევროპის კონტინენტის უკიდურესი სახმელეთო პუნქტი, რომელიც 140 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებს ატლანტის ოკეანეს. სასურველია წინასწარ იცოდეთ ამინდის პროგნოზი, რადგან წვიმიანობის დროს კლდის უკიდურეს ნაპირზე მისვლა საკმაოდ საშიშია.

აქვე, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ისტორიული ქალაქი სინტრა. ეს გახლავთ პატარა ქალაქი ულამაზესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლის ნახვის შესაძლებლობაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

Please reload

bottom of page