9 სახალისო ტურისტული რიტუალი რომში

ტურისტული რიტუალები ადგილობრივ მაცხოვრებელთა ღიმილს იწვევს, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ისინი, დიდი რუდუნებით სრულდება. რომში ამ მხრივ დიდი მრავალფეროვნებაა მით უმეტეს, რომ რომიდან დაბრუნებულებს პირველ რიგში სწორედ ამ რიტუალების შესრულებას მოგკითხავენ უკვე გამოცდილი ტურისტები.
„ჭეშმარიტების ბაგეში“ ხელი შეყოფა – ეს რიტუალი ფილმის – „რომაული არდადეგები“ – გამოსვლამდეც არსებობდა, მაგრამ ფილმის მერე უკვე საქვეყნოდ ცნობილი გახდა. როგორც ამბობენ, ცრუ კაცი უხელოდ დარჩებაო, თუმცა ჯერ არავინ დასჯილა ასე. „ჭეშმარიტების ბაგე“ – ეს 1.75 მეტრი დიამეტრის ბარელიეფია. ერკოლ ძლევამოსილის (ბერძნული მითოლოგიის გმირის, ჰერაკლეს რომაული ანალოგი) სახე, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნეშია დამზადებული ერთიანი მარმარილოს ფილისაგან, აქ XVIII საუკუნეში დაიდგა. ამბობენ, რომ თავიდანვე ფილა საკანალიზაციო ჭის სახურავი ყოფილა!

ტრევის შადრევანი – აუზში ფულის გადაგდება გასული საუკუნის 50-იან წლებში დამკვიდრდა, აუზისკენ ზურგით ვდგებით და ვაგდებთ მონეტას, თან სურვილი უნდა ჩავუთქვათ. პირველი მონეტა ამ ადგილთან ისევ დაბრუნების საწინდარია, მეორე მონეტა კი სიყვარულში წარმატების, მესამე კი ქორწილისკენაა! კვირაში ერთხელ მუნიციპალიტეტის სამსახური აგროვებს ამ ფულს, რაც რამდენიმე ათას ევროს აღწევს, და იგი უსახლკაროთა დახმარების ფონდს ეძლევა საქველმოქმედო საქმიანობისათვის.
ორმაგი წყარო ტრევის შადრევანთან - აუზის მარჯვნივ,` მას შეყვარებულთა წყაროსაც ეძახიან. აქედან წყალი უნდა დაილიოს, ერთდროულად, ან თუ ცალკე ხართ ჩამოსული, სათანადო სურვილის ჩათქმით.

ვატიკანში, წმ. პეტრეს ტაძარში მოციქულის ბრინჯაოს ქანდაკება - შექმნილი არნოლფო დი კამბიოს მიერ. ქანდაკების ფეხზე მოფერება არის საჭირო, სურვილის ჩათქმით. რიტუალის პოპულარობას ისიც მიუთითებს, რომ ქანდაკებაზე ტერფის წვერი გაპრიალებულია და ოდნავ გაცვეთილიც კი.

მინერვას მოედანზე სპილოს ქანდაკების კუდზე ხელის შევლება – ამბობენ, ეს ბიზნესში წარმატების საწინდარიაო. ძვ.წ. VI საუკუნის წითელი გრანიტის ობელისკი, რომელიც იმპერატორმა დომიციანემ ჩამოატანინა ეგვიპტიდან, თავიდან ისიდას ტაძარს ამშვენებდა. 1665 წელს ბერი დომინიკანების მიერ ეს ობელისკი აღმოჩენილი იქნა ეკლესიის ეზოში. პაპმა ალექსანდრ VII-მ მაშინვე გადაწყვიტა მისი აღმართვა ამავე ეკლესიის წინა მოედანზე და ეს სამუშაო ბერნინის შეუკვეთა. ხელოვანმა სვეტის დადგმა სპილოს ფიგურაზე გადაწყვიტა, რათა სიმბოლურად სიბრძნის გამომსახველ სვეტს შესაბამისი სიძლიერის გამომსახველი საყრდენი ჰქონოდა სპილოს სახით.

პიაცა დი სპანიაზე ბარკაჩადან გადმომდინარე წყლის მოსმა, სურვილების ჩათქმით - შადრევნის ავტორი პიეტრო ბერნინია. პაპი ურბან VIII ბარბერინის შეკვეთით, პროექტში უნდა ასახულიყო 1598 წლის ტიბროსის წყალდიდობის თემა, როცა მდინარეს ნახევრად ჩაძირული ნავი გამოურიყავს. ორიგინალური გადაწყვეტილება სავსებით შეესაბამება თემას – შადრევნის ფსკერი ქუჩის დონეზე დაბლაა, წყალიც საკმარისად გადმოედინება ნავიდან და ბარბერინთა სიმბოლოები – ფუტკრებიც ადგილზეა!

ვენეციის მოედანზე, არაკოელის ეკლესიისკენ 122 საფეხურიანი კიბე ადის - ამ კიბეზე შუაღამით, მუხლზე ჩოქვით ასვლა ლატარიების გათამაშებაში მოგების შანსს იძლევა. იმედია, ასვლამდე ბილეთის ყიდვა არ დაგვავიწყდებათ.
კატის კულტი რომში – რომში კატების ყველაზე დიდი „დასახლებები“ პირამიდის ეზოში და არჯენტინოს ფორუმის ტერიტორიებზეა. კატებისათვის მოაქვთ საჭმელი, ახლომახლო ფულის შესაწირი ყუთებია და მომვლელიც კი არის მათ მისახედად გამოყოფილი.

მალტის ორდენის პრიორატის სასახლის ეზოს კარიბჭეში, ავენტინის ბორცვზე, უნდა გაიხედოთ გასაღების ჭუჭრუტანაში – ამ დროს, გასაღების ჭუჭრუტანიდან ერთდროულად უყურებთ სამ ქვეყანას – მალტის ორდენს, საკუთრივ იტალიას ბორცვის მიღმა, შორს კი – ვატიკანის გუმბათს. სახალისო ტრადიცია ორდენის მხრიდანაც მხარდაჭერილია. კარიბჭის მიღმა, ბილიკის გასწვრივ ბაღის ბუჩქები სათანადოდ არის გასხლული, რათა ვატიკანის გუმბათი კარგად გამოჩნდეს.
რომი კათოლიკური რელიგიის ცენტრია. შესაბამისად, აქ მრავალი რელიგიური რიტუალის ჩატარებას შეიძლება გადააწყდეთ და ყურადღებით იყავით, რომ ეს არ აგერიოთ ტურისტულ-გასართობ ქმედებებში.