სანაპიროზე საკითხავი…

4 Aug 2016

თუ, თქვენ გიყვართ კითხვა სანაპიროზე (ტბის, ზღვის და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა ადგილს) ზუსტად იქ მოხვდით, სადაც საჭიროა.

გთავაზობთ, შესანიშნავი ავტორების, შესანიშნავ წიგნებს, რომლებიც თქვენს არდადეგებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

1. ჩვენს ჩამონათვალში #1 ჯონათან თროპერის “როგორ ვესაუბროთ ქვრივს” მოხვდა.

წიგნი, ახალგაზრდა ქვრივის შესახებაა, რომელიც ცდილობს ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

მახსოვს ამ წიგნის კითხვა ზაფხულის ერთ შუადღეს დავიწყე და ისე მომეწონა გადავწყვიტე ავტორის ყველა წიგნი წამეკითხა.

 

2. რ.ჯ. პალაციოს “საოცრება”, წიგნი დეფორმირებულ სახიან ბიჭზე ან უბრალოდ სიკეთეზე, განუზომლად დიდ სიკეთეზე. ბიჭი, რომელიც ცდილობს გაუგოს ადამიანებს, რომლებსაც მისი სახის დანახვა აშინებთ და ადაპტირდეს საზოგადოებაში. წაიკითხეთ ეს წიგნი და არასოდეს, არასოდეს იწუწუნებთ გარეგნობაზე, არც ამის გამო აითვალწუნებთ ვინმეს.

 

3. ელენ ფილდინგის “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”. მსუბუქია, მარტივად იკითხება.

წიგნის მთავარ მოქმედ გმირს, ბრიჯიტს მიაჩნია, რომ ყველა მისი პრობლემა მოგვარდება თუ 3 კილოს დაიკლებს, მოწევას თავს დაანებებს და თვითგანვითარებას მეტ დროს დაუთმობს. მოკლედ, გაერთობით!

 

4. წიგნი ომზე, 1939 წლის ნაცისტურ გერმანიაზე და მეტად მოუცლელ სიკვდილზე, რომელიც ამ ისტორიას გვიყვება. რა თქმა უნდა, მარკუს ზუსაკის “წიგნის ქურდი” მაქვს მხედველობაში. საოცარი ისტორიაა, საოცარ გოგონაზე, რომლითაც თავად სიკვდილიც კი, აი სწორედ ის სიკვდილი, ცელით რომ დადის, აღფრთოვანებულია მისით.

 

5. კაცუო იშიგუროს “არასოდეს გამიშვა” არც ისე “სანაპიროზე საკითხავი” წიგნების სიაში მოსახვედრია, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად იმსახურებს ამ სიაში არსებობას. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია!

 

6. “მე შენამდე” – ჯოჯო მოიესის ბესთსელერი.

ლუ კლარმა ბევრი რამ იცის. მაგალითად, რამდენი ნაბიჯია ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე, იცის, რომ თავისი სამუშაო მოსწონს და იმასაც ეჭვობს, რომ თავისი შეყვარებული, პატრიკი სულაც არ უყვარს. თუმცა, ლუს წარმოდგენაც არ აქვს, ცოტა ხანში სამსახურს რომ დაკარგავს და ის, რასაც მომავალი უმზადებს, მის სიცოცხლეს მთლიანად შეცვლის.

 

7. ნინო თევზაძის “სიყვარულის სეზონი”.

წიგნი, ორი საინტერესო პროფესიის ადამიანის ცხოვრების რამდენიმედღიან ისტორიაზე. შეხვედრა, რომელმაც ძალიან დაიგვიანა და სიყვარული, რომელმაც თითქმის ვერაფერი შეცვალა.

 

8. უარი ონლაინს და გაატარეთ არდადეგები ამ წიგნით ხელში, წარმოდიგენთ ზოი საგის “ონლაინ გოგო”-ს.

ბლოგერ პენის გადაწყვეტილებაა სამუდამო უარი ონლაინს. შეყვარებულთან ერთად სამოგზაუროდ მიდის, ჩემოდნები ჩალაგებულია. გეგმა შედგენილი. წინ ბერლინი, რომი, პარიზია!

სიუჟეტი დეტექტივივით ვითარდება.

 

9. პაოლო კოელიოს “ალქიმიკოსი” – ბესთსელერი. მწერლის ვფიქრობ, საუკეთესო ნაშრომი.

ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც თავის გზას მიჰყვება. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი, ის ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

მოკლედ, წიგნი მოგცემთ სტიმულს, ძალას, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, რომლის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენებათ.

 

10. სიას ვერ დავასრულებდი, ჰენრი დევიდ თოროს “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება”-ს გარეშე.

 

“გამოცემიდან საუკუნენახევრის შემდეგ უოლდენი ბუნებისკენ მიბრუნების, მისი დაცვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბიზნესის სულის საწინააღმდეგო მუხტის ისეთ ტოტემურ წიგნად იქცა, თორო – კი როგორც დაუმორჩილებელი მეამბოხე, როგორც ახირებული განდეგილი და წმინდანი დღესაც ისეთი ცოცხალი და აქტუალურია, რომ დიდია საშიშროება, “უოლდენიც” ისეთ თაყვანსაცემ, მაგრამ წაუკითხავ წიგნად იქცეს, როგორიც ბიბლიაა.” – ჯონ აპდაიკი.

მეტს მე ვერ დავამატებდი!

 

წყარო: edulab.ge

Please reload

Please reload