გაისეირნე ღრუბლებზე – სალარ დე უიუნი, ბოლივია

8 Sep 2016

სალარ დე უიუნი (Salar de Uyuni) მსოფლიოს ყველაზე დიდი მარილის საბადოა. ბოლივიაში განლაგებულ ამ საბადოს უამრავი ფოტოგრაფი სტუმრობს. საბადო განლაგებულია დანიელ კემპოსის პროცვინციაში,  სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ზღვის დონიდან 3656 მეტრზე.

 

საბადო დაახლოებით 10 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ცენტრში მარილის ფენის სისქე 10 მეტრზე მეტის აღწევს. მშრალ სეზონში, როცა წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის ფენა ამოდის. მარილი თეთრია- შესაბამისად – ტბის ფსკერიც თეთრი და წვიმების სეზონზე, როცა წყლის თხელი ფენით იფარება, ზეცას და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს. ერთი შეხედვით – ცაზე მიაბიჯებ. რადგან წყალი თხელია – მანქანით სიარული შესაძლებელია. 

საბადო რამოდენიმე პრეისტორიული ტბის შეერთების შედეგად გაჩნდა. როგორ უკვე აღვნიშნეთ, მარილის სქელი ქერქითაა დაფარული და  ექსტრაორდინარულად სწორ ზედაპირს ქმნის.  ქერქის ქვეშ არსებულ წყალში ძალიან დიდი რაოდენობით ლითიუმია. აქ არსებული ლითიუმი მსოფლიო რეზერვების დაახლოებით 50-70%-ია .

 

ტემპერატურა წლის მანძილზე შედარებით სტაბილურია – მაქსიმუმ 21 °C ნოემბერ-დეკემბერში და მინიმუმ 13 °C  ივნისში. ღამეები წლის ნებისმიერ დროს ცივია – 9 – 5 °C.

აიმარას, ანდების რეგიონში მცხოვრების ხალხების ლეგენდის მიხედვით,  საბადოს შემომსაზღვრელი მთები ტუნუპა, კუსკუ და კუსინა, ერთ დროს გოლიათები  იყვნენ. ტუნუპა კუსკუზე დაქორწინდა, რომელმაც კუსინასთან უღალატა. დამწუხრებული ტუნუპა ტიროდა და თან შვილს ძუძუს აჭმევდა. მისი ცრემლები რძეს შეერია და სალარ დე უიუნი წარმოიქმნა.

აქ ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ დროს ულამაზესია. მაგრამ განსაკუთრებით მზის ჩასვლაა საოცარი.

სალარ დე უიუნს მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ ტურისტები. ვინაიდან ქალაქებისგან მოშორებითაა, საბადოს გარშემო რამოდენიმე სასტუმროა აშენებული, რომელთა უდიდესი უმრავლესობა საშენ მასალად მარილს იყენებს. სახურავი, კედლები და ავეჯიც კი მარილის აგურებისგანაა გაკეთებული.  პირველი ასეთი სასტუმრო 1993-1995 წლებში, საბადოს ცენტრში  აშენდა და მალე მოიპოვა პოპულარობა.  მაგრამ სანიტარული პრობლემების გამო 2002 წელს დაიხურა. ახალი მარილის სასტუმროები უკვე განაპირა ადგილებშია აშენებული. წყარო: blog.turebi.ge

 

 

 

 

 

Please reload

Please reload