ქალაქები ავტომობილების გარეშე: პლანეტის შვიდი ქალაქი სუფთა ჰაერით და საცობების გარეშე

დიდი ქალაქის მობინადრეები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ეკოლოგიურ პროექტებში, რადგან აცნობიერებენ, რომ ქალაქის ქუჩები პირველ რიგში ფეხით მოსიარულეთათვისაა და მხოლოდ შემდეგ ავტომობილებისთვის. გთავაზობთ მსოფლიოს შვიდ ქალაქს, სადაც ადგილობრივები უარს ამბობენ ავტოკომფორტზე და უპირატესობას ფეხით სეირნობას ან ველოსიპედით გადაადგილებას ანიჭებენ.
ბოგოტა, კოლუმბია
კოლუმბიის შვიდმილიონიანი დედაქალაქი კვირაში ერთხელ სრულად ამბობს უარს ავტომობილებზე. პროექტის Ciclovía წყალობით, რომელიც 1970-იანი წლებიდან ხორციელდება, ბოგოტა ნელ-ნელა თავისუფლდება ავტომობილებისგან. თავიდან მანქანით გადაადგილება მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე და კვირაში რამდენიმე საათით იზღუდებოდა, 2000 წლიდან კი, ქალაქში კვირაში ერთხელ მთელი დღით წყდება საავტომობილო მოძრაობა და ქუჩები ფეხითმოსიარულეთა და ველომოყვარულთა მფლობელობაში გადადის.

ვენეცია, იტალია
ზოგადად ვენეცია და განსაკუთრებით მისი ისტორიული ცენტრი ნაკლებადაა მორგებული საავტომობილო მოძრაობას. ვენეციის სტუმრები როგორც წესი, საკუთარ ტრანსპორტს ქალაქგარეთ ტოვებენ და ძირითადად ველოსიპედით გადაადგილდებიან. ტურისტებს შორის კი, განსაკუთრებული პოპულარობით გონდოლები ან მცირე ზომის ნავები სარგებლობენ.

საას-ფე, შვეიცარია
შვეიცარიის სათხილამურო კურორტი საას-ფე ის იშვიათი ადგილია, სადაც ადგილობრივები და დამსვენებლები ზამთარშიც კი ველოსიპედით გადაადგილდებიან. გამონაკლისს მხოლოდ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები წარმოადგენენ.

იდრა, საბერძნეთი
კუნძულ იდრაზე არც მანქანებია, არც მოტოციკლები, არც მოტოროლერები, რადგან კუნძულს ნაკრძალის სტატუსი აქვს, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნებისმიერი ძრავიანი ტრანსპორტის არსებობას. კუნძულზე გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელი ”საშუალება” – სახედარია, საზღვაო მოგზაურობისთვის კი, ადგილობრივები ნავებს იყენებენ.

მაკინო-აილენდი, აშშ
ჩრდილოეთ მიჩიგანის ისტორიული კუნძულზე მაკინო-აილენდზე მხოლოდ ერთი – საცხენოსნო ტრანსპორტი არსებობს, რომლითაც ძირითადად ტვირთი გადააქვთ, ქალაქის 500-მდე მობინადრე კი, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება.

ფეს ელ-ბალი, მაროკო
ფეს ელ-ბალი მაროკოში, რომელიც 1981 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ზონაა ფეხითმოსიარულეთათვის. მისი ქუჩების სიგანე 60 სმ-ს არ აღემატება, მოსახლეობა კი, მხოლოდ ოთხთვალათი გადაადგილდება.

ლამუს კუნძული, კენია
ინდოეთის ოკეანის პატარა კუნძულის მობინადრეთა ერთდერთ ”ტრანსპორტს” სახედარი წარმოადგენს, რადგან ქალაქში იმდენად ვიწრო ქუჩებია, რომ ავტომობილით გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი კი, ვისაც მეზობელ კუნძულზე სურს მოგზაურობა, მეზღვაურთა ტრადიციულ იალქნიან ნავს იყენებენ.
