სად გავატაროთ საშობაო არდადეგები?

დღესასწულებზე ბავშვებთან ერთად უფროსებსაც ძალიან გვინდა გვჯეროდეს საოცრების. არის ადგილები, სადაც საშობაო ატმოსფერო ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობა. გისურვებთ, ერთხელ მაინც იმოგზაუროთ ზღაპარში და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა სადღესასწაულო ფუსფუსში.
ნაპაპიირი – სანტა-კლაუსის სოფელი, ფინეთი

ნაპაპიირი, რომელიც ზუსტად პოლარული წრის ზოლზეა მოთავსებული, სამართლიანად ითვლება შობის ევროპულ დედაქალაქად და ყოველ წელს ათასობით ტურისტს მასპინძლობს. ბავშვობის ზღაპრის ძიებაში თქვენ არა მარტო ნამდვილ სანტა-კლაუსს გაიცნობთ, არამედ იმ ჯადოსნური მარხილითაც გაისეირნებთ, რომლითაც სანტა ახალი წლის ღამეს მოგზაურობს და მსოფლიოს ბავშვებს თავისი საჩუქრებით ახარებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიძინოთ სანტა-კლაუსის ხელით გაკეთებული სუვენირები ან დაეხმაროთ მას ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ ადგილობრივ ფოსტაში შევლაც, საიდანაც თქვენს ახლობლებს ღია ბარათებს გაუგზავნით პოლარული წრის ლოგოთი.
ბუდაპეშტი, უნგრეთი

თუ ცენტრალურ ევროპაში გეგმავთ მოგზაურობას, რამდენიმე დღით ბუდაპეშტსაც ესტუმრეთ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ბაზრობა მოინახულეთ, სადაც არა მარტო ევროპული ქვეყნებისთვის ტრადიციული ჯანჯაფილის ორცხობილებით და გლიტვეინით გაგიმასპინძლდებიან, არამედ უნგრელი ოსტატების მრავალფეროვან ხელნაკეთ პროდუქციასაც შემოგთავაზებენ. გირლიანდებით და ფერადი ნათურებით მორთული მაღაზიები სავსეა ნატურალური მასალის ნაძვის ხის სათამაშოებით, მოქარგული სუფრებითა და ხელსახოცებით, ტყავისა და ტექსტილის აქსესუარებით და სხვა ავთენტური თვითნაკეთი სუვენირებით. არ გამოგრჩეთ განათებული ტრამვაით მოგზაურობაც, რომელსაც, როგორც ამბობენ, იღბალი და წარმატება მოაქვს.
ალიასკა, აშშ

ფერბენქსში – ალიასკის ცენტრალურ ოლქში, პატარა ქალაქი “ნორტ პოლი” (North Pole – ჩრდილოეთის პოლუსი) მდებარეობს, სადაც ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე მხიარული ფესტივალი “შობა ყინულზე” (Christmas In Ice) იმართება. ყინულის სკულპტურები და მათი შექმნის მასტერ-კლასები, საციგურაო ტრასა, პიკნიკები და ფერადი ფეიერვერკებით განათებული პოლარული ცა – მართლაც დაუვიწყარს გახდის თქვენს არდადეგებს. მკაცრ ზამთარს თუ არ შეუშინდებით და ნორტ პოლში 21 დეკემბრამდე დარჩებით, მაშინ ულამაზესი სანახაობის – ნაბუნიაობის მოწმეც გახდებით.
ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ-იორკში შობის სიმბოლო – როკფელერ-ცენტრის ცნობილი უზარმაზარი ნაძვის ხეა. თუ დღესასწაულის დღეებში ქალაქში აღმოჩნდით, არ გაუშვათ ხელიდან შანსი გაისეირნოთ ცხენებშებმული ეკიპაჟით და აუცილებლად შეიხედეთ ცენტრალურ პარკში, სადაც ნოემბრის დასაწყისიდან იანვრის დასაწყისამდე სპეციალური მინი-ტურები ეწყობა. ორსაათიანი ტურის მეგზური – გაწაფული გიდი კი, დეტალურად მოგიყვებათ ქალიქის ყველა მითსა და ლეგენდას. შეიძინეთ ხელნაკეთი სუვენირები, რომელთაც პარკში თავად ავტორები ჰყიდიან, გასათბობად კი, ცხელი შოკოლადი დააგემოვნეთ, როგორც ამბობენ, დღესასწაულის დღეებში მას განსაკუთრებული არომატი აქვს. შობის ამერიკული ტრადიციების უკეთ გასაცნობად შეგიძლიათ ბრუკლინში გაემგზავროთ, რომლის ძირითადი მოსახლეობა – იტალო-ამერიკელები საკუთარი სახლების მორთვის ნამდვილი ოსტატები არიან და დღესასწაულის დღეებშიც მთელ კვარტალს ერთ დიდ ზღაპრად აქცევენ.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ყოველ წელს ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე ლონდონის ჰაიდ-პარკში საშობაო თემატური პარკი Winter Wonderland იხსნება, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ასიათასობით ფერადი ნათურით განათებული ბრიტანეთის ყველაზე დიდი საციგურაო მოედანია. გარდა ამისა, პარკში ორი ცირკი და უამრავი ატრაქციონი მუშაობს, აქვეა ყინულის ფიგურების გამოფენა და საშობაო ბაზრობა საჩუქრების და სუვენირების ფართო არჩევანით. პარკში შესვლა უფასოა, ატრაქციონებზე გართობასა, ტრადიციულ გლიტვეინსა და ცხელი კაკაოს დაგემოვნებაში კი, გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ.
ამსტერდამი, ნიდერლანდები

ნიდერლანდებში შობის აღნიშვნა 5 დეკემბერს იწყება, როცა სანტაკლაასი (ჰოლანდიელი სანტა-კლაუსი) ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. ყოველთვის ლამაზი ამსტერდამი დეკემბრის თვეში განსაკუთრებით მშვენიერია – სხვადასხვა ფერებში განათებული ცენტრალური არხები, ხიდები და უძველესი შენობები ქალაქში დღესასწაულის და ზღაპრულობის ატმოსფეროს ქმნიან.
სან-ხუანი, პუერტო-რიკო

ლათინოამერიკული შობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხიარული დღესასწაულია, რომელიც მთელი ორი კვირა (25 დეკემბრიდან 6 იანვრამდე), ესპანურენოვანი კულტურის უმნიშვნელოვანეს ოჯახურ დღესასწაულამდე – სამი მეფის დღემდე გრძელდება. სან-ხუანი სადღესასწაულოდ ირთვება და ერთ დიდ წვეულებად იქცევა, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული სასმელი ენგ-ნოგი და უგემრიელესი შემწვარი ღორის ხორცი.