Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას ზრდის

თბილისი (GBC) - Qatar Airways-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.
„საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან, Qatar Airways-ი თბილისიდან დოჰას მიმართულებით, კვირაში დამატებით 4 ავიარეისს შეასრულებს და სულ სიხშირე 11-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის - ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება.
დანარჩენი 7 სიხშირე კი, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
დოჰას გავლით შესაძლებელია გამგზავრება შემდეგი მიმართულებით: ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ჩიკაგო, ფილადელფია, ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ვაშინგტონი, ჰიუსტონი, ბუენოს აირესი, სან პაულუ და ა.შ.