top of page

ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის


ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობისთვის 2017 წლის აპრილიდან.

თებერვლის დასაწყისში ევროპარლამენტის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ევროკავშირის საბჭომაც დაამტკიცა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტში შესატანი საჭირო ცვლილებები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ბოლო კენჭისყრა იყო და განახლებული კანონის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე გაცხადდება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ზუსტი თარიღი, რაც სავარაუდოდ იქნება მარტის ბოლოს.

"უნდა იამაყოთ ამ დიდი მიღწევით, რომელიც ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. დარწმუნებული ვარ, რომ უვიზოდ მგზავრობის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს როგორც ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, აგრეთვე საქმიანი, სოციალური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის," აღნიშნა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრამოპულოსმა, რომელიც თბილისში სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

უვიზო მიმოსვლის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტი, შეეძლებათ შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა 90 დღით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, საქმიანი, ტურისტული ან ოჯახის მონახულების მიზნით, ოღონდ არა სამუშაოდ.

თბილისმა შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ნიშნული და საქართველოს მიერ ამ კრიტერიუმების უწყვეტი დაკმაყოფილება, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, შესაბამისად გაკონტროლდება ევროკომისიის მიერ.

უვიზო რეჟიმი საერთო ჯამში 30 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა, შენგენის ზონაში შემავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი), ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან სრულად ინტეგრირებული შენგენის ზონაში (ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი), ასევე შენგენის ასოცირებული ქვეყნები (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია).

წყარო: "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში".

Please reload

bottom of page