მალდივები-სამოთხის კუნძულები
ინდოეთის ოკეანეში არსებული სამოთხის კუნძულებად აღიარებული მალდივები ნებისმიერი მოგზაურის საოცნებო ადგილია. ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა, თეთრი ქვიშის სანაპიროები, ფეხებზე მოლამუნე თბილი, ფირუზისფერი წყალი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ჰარმონიული, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემო... დიახ, ეს მალდივის კუნძულებია! რეალობად ქცეული ზღაპარი!


ჟურნალ Condé Nast Traveller-ის მკითხველმა მალდივები ინდოეთის ოკეანის კუნძულებს შორის საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აღიარა. კუნძულებმა თავისი მდიდარი კულტურის, მაღალი კლასის სასტუმროების, მომსახურეობის მაღალი დონის, ეგზოტიკური სამზარეულოს, ექსტრემალური სპორტული თავგადასავლების მათ შორის ყვინთვისა და პარაპლანით ფრენების გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის სტატუსი მოიპოვა. ამასთანავე, ეს სახელმწიფო იცავს და ინარჩუნებს თავის მრავალფეროვან ეკოლოგიას და განსაკუთრებულად ზრუნავს გარემოს დაცვაზე.


ამ გარემოებებიდან გამომდინარეობს ის შედეგი, რომ მალდივებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 2011 წელს მალდივებმა თითქმის 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17.6 %-ით მაღალია.
მალდივები პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად არის აღიარებული. ეს ქვეყანა 1190 წრიულად განლაგებული მარჯნული წარმოშობის კუნძულისგან შედგება. ეს კუნძულები 90 000 კვ.კმ-ზე არის გაშლილი. კუნძულები ზღვის დონიდან 2.4 მეტრზეა განლაგებული და მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადგილად ითვლება, რაც წყლის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.


აიხდინეთ თქვენც ოცნება და იმოგზაურეთ დედამიწისეულ სამოთხეზე! აქ ყველაფერია, რაც თქვენ გჭირდებათ რომ თავი ზღაპარში იგრძნოთ.