top of page

მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროები


სასტუმროThe Mirrorcube შვედეთში მდებარეობს. ის უზარმაზარი სარკეებით მოპირკეთებული ალუმინის დიდი ყუთია (4X4X4), რომელიც ხეებზეა ჩამოკიდებული. სასტუმრო ორადგილიანია. მასში ერთი საძინებელი, პატარა აბაზანა და სასტუმრო ოთახია.

Icehotel ყველაზე დიდი ყინულის სასტუმროა მსოფლიოში. სასტუმრო შვედეთში მდებარეობს. მასში მუდმივი ტემპერატურა -5 გრადუსს შეადგენს. სასტუმროში ყველა სახის ავეჯი ყინულისა და თოვლისგან არის დამზადებული. ზაფხულობით სასტუმრო დნება, ნოემბრის ბოლოს კი არქიტექტორები ყინულისა და თოვლისგან იმავე ადგილზე ახალ სასტუმროს აშენებენ.

იდეების ნაკლებობას, როგორც ჩანს არც კენიელი არქიტექტორები განიცდიან.Giraffe Manor სასტუმრო ნაირობიში კრეატიულობის ერთ-ერთი ნიმუშია. ექვსნომრიანი სასტუმრო იმით არის გამორჩეული, რომ მის ეზოში ჟირაფები დასეირნობენ. ჟირაფებს შენობის ღია ფანჯრებიდან კვებავენ, რის გამოც ისინი გრძელ კისრებს ფანჯრებში ყოფენ, რაც სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს.

სასტუმრო Palacio de Sal ბოლივიაში მდებარეობს. მასში სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, ბარი, რესტორანი და 15 ნომერია განთავსებული. ნაგებობა მთლიანად გაქვავებული მარილისგან არის აშენებული. სასტუმროს ადმინისტრაცია ტურისტებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევს, კედლებს წყალი არ მიასხან.

Godiva Chocolate Suite მცირე ზომის სასტუმროა ნიუ იორკში, რომლის ერთი ნომერიც მთლიანად შოკოლადისაა. სასტუმროს ავეჯი, აბაჟურები და სხვადასხვა აქსესუარები ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს.

Kokopelli's Cave Bed and Breakfast ფარმინგტონში (ნიუ მექსიკო) მდებარეობს. ერთნომრიანი სასტუმრო ზღვის დონეზე 30 მეტრით დაბლა, გამოქვაბულშია ამოკვეთილი. სასტუმრომდე ჩასაღწევად მსურველებმა ციცაბო კლდე და სრიალა კიბეები უნდა ჩაიარონ, რის გამოც სასტუმროს მეპატრონე მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

Dog Bark Park Inn კოტონვუდის (აშშ) მთავარი ღირშესანიშნაობაა. მინი სასტუმრო კომპლექსი ძაღლის ფორმის ორი ნაგებობისგან შედგება. დიდი ძაღლის (სვიტ ვილის) თავში საძინებელი ოთახია განთავსებული. გიგანტური სასტუმრო-ძაღლი მთლიანად ხის მასალისგან არის აშენებული.

Please reload

bottom of page