პოლონეთის მინიატურების პარკი
პოლონეთის ქალაქ ქოვარიში, იელენა გურას (ირმის მთა) ოლქში, ძველი ხალიჩების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს “ქვემო სილეზიის ძეგლების მინიატურათა პარკი”, სადაც შეგიძლიათ ქვემო სილეზიის ულამაზესი ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, ეკლესიები და სხვა მნიშვნელოვანი შენობები მინიატურების ფორმით დაათვალიეროთ.

პარკი 2003 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. მას აქვს პარკინგი 150 მსუბუქი ავტომობილისა და 4 დიდი ავტობუსისთვის. პარკის ადმინისტრაცია ოთხ ენაზე: პოლონურად, ჩეხურად, ინგლისურად და გერმანულად მოგემსახურებათ. პარკის ბილეთის ფასში შედის გიდის 45 წუთიანი მომსახურება, რომელიც გიამბობთ მხარის ისტორიისა და არქეოლოგიის შესახებ, ასევე მოგიყვებათ ლეგენდებს სასტიკ კუნეგუნდაზე ჰოინიკის ციხე-სიმაგრიდან და ექსცენტრულ ხელმწიფეზე, რომელმაც ხომალდის ფორმის სასახლე აიშენა.


პარკში შეგიძლიათ მთელი დღე ისეირნოთ, დატკბეთ არა მხოლოდ არქიტექტურის მინიატურული შედევრებისა და მათ შორის დარგული ულამაზესი ყვავილების თვალიერებით, არამედ ბახის შესანიშნავი მუსიკითაც, რომელიც ბაზილიკის შენობიდან იღვრება.

თუ წვიმა წამოვიდა, პარკის ადმინისტრაცია ქოლგებს გათხოვებთ ან მყუდრო კაფეში შეგიპატიჟებთ, სადაც გემრიელი ყავა და ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ. კაფესთან არის ბისტროც, სადაც შიმშილს ოჯახური ჰოთ-დოგებით, ჰამბურგერებით, კარტოფილის ჩიფსებითა და კრემიანი ვაფლით, წყურვილს კი წყლით, წვენებითა და ჩეხური ლუდით დაიკმაყოფილებთ.
მინიატურების პარკიდან სუვენირებიც შეგიძლიათ წაიღოთ. აქ იყიდება რეგიონის გზისმკვლევები, რუკები, ბავშვებისთვის ხის 3D ფაზლები, ლითონის ტანკების მოდელები, ლიქირზეპას და პარკის გმირი ძაღლის ლუმპის პაწია ქანდაკებები. ასევე სხვადასხვა სახის სამკაულები და საჩუქრები მაღაზიიდან “პოლონური და ჩეხური სუვენირები”.
