top of page

ინგლისის ულამაზესი სოფლები

ინგლისი ცნობილია თავისი ულამაზესი სოფლებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს როგორც ტურისტებს, ისე ქალაქების მოსახლეობას შორის, რომლებიც სოფლებში ქალაქური ფუსფუსა, სტრესული ყოფისგან თავდასაღწევად და ულამაზესი ხედებით დასატკბობად ჩადიან.

საოცრად მომხიბლავი ძველებური სახლები მხოლოდ ინგლისური სოფლებისთვის დამახასიათებელი სახურავებით (Thatchedroofs – ჩალის/ლერწმის სახურავი), ულამაზესი, ყოველთვის კარგად მოვლილი ბაღები და ბოსტნები, უზარმაზარი ტყეები, მდინარეები, ტბები…

პოლპერო

ეს სოფელი კორნუოლში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად მიიჩნევა. ვიწრო ქუჩები და შესახვევები, პატარა სიმპათიური მაღაზიები, სეირნობა ნავებით… და კიდევ თევზაობისა და კონტრაბანდის გამაოგნებელი მუზეუმი!

ქასლტონი

ეს სოფელი 1100 წელს დაარსდა და დღემდე ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით ბევრი ხალხი იქ ზაფხულობით ჩადის. სოფელში უამრავი ღირშესანიშნაობაა, მაგალითად, ციხესიმაგრე ფევერილი, შახტა ოდინი, ოთხი გამოქვაბული და სხვ. სოფელს გარს აკრავს მთიანი მიდამოები, სადაც უამრავი საცალფეხო ბილიკი და დასასვენებელი კოტეჯია.

ქომბი

ამ სოფელს ხშირად უწოდებენ ინგლისის ულამაზეს სოფელს. მისი მთავარი ღირშესანიშნაობა ციხე-სიმაგრეა. სოფელი განლაგებულია უილთშირში, ნაციონალური ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც უამრავი გარეული ფრინველი ბინადრობს.

ქოთსუოლდი

ეს სოფელი, რომელიც გლოსთერშირში მდებარეობს, მხატვარმა უილიამ მორისმა აღწერა, როგორც „ინგლისის ყველაზე ლამაზი სოფელი“. სოფლის მთავარ ვიწრო გზას მდინარე კოლნთან მიყავხართ, რომელსაც ულამაზესი ხიდი ამშვენებს. ქოთსუოლდი ტიპური სოფელია წმინდა მარიამის სახელობის პატარა ეკლესიით და ძველებური სახლებით, რომელთა უმეტესობაც XVII საუკუნეშია აგებული.

ქლოვლი

ესაა კერძო სოფელი ვიწრო ქუჩებით, სადაც არ დადის არც ავტომობილი და არც მოტოციკლი. სოფელი გარშემორტყმულია ხშირი ტყეებით, საიდანაც ზღვასთანაც შეიძლება ჩასვლა. ქლოვლში სახლების უმეტესობა თეთრია. სოფელში შესვლა ფასიანია.

ლემბერჰარსთი

მთავარი ღირშესანიშნაობაა სქოთნის ციხესიმაგრე – ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიკული ადგილი ინგლისში. აქვეა XVIII საუკუნის დროინდელი ბაღი Sprivers Horsmonden და სახელგანთქმული ლემბერჰარსთის ვენახი.

Please reload

bottom of page