CASA DI GIULIETTA – ჯულიეტას სახლი ვერონაში

8 Aug 2017

იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა უდავოდ ვია კაპელოს #23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია (Casa Di Giulietta). XIII საუკუნის შენობა, რომელიც დელ კაპელოს ოჯახის საკუთრება იყო, 1905 წელს ვერონას მერიამ გამოისყიდა. სახლის მფლობელებისა და კაპულეტის გვარების მსგავსების დამსახურებით შეიქმნა ტურისტული მითი, თითქოსდა ეს იყო კაპულეტების სახლი, რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სასიყვარულო სტროფებს უძღვნიდა. არავითარ პრობლემას არ ქმნის ფაქტი, რომ ეს ცნობილი აივანი დელ კაპელოების სახლს მხოლოდ XX საუკუნეში მიაშენეს.

სახლის ეზოში დგას შექსპირის ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის მარჯვენა ძუძუზე შეხებაც მარტოხელა, სიყვარულზე მეოცნებე ადამიანებს სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. როგორც ჩანს, ამ რწმენას უამრავი ადამიანი იზიარებს, რადგან ჯულიეტას სახლი იტალიის ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობებს შორისაა.

სახლის წინა, ჯულიეტას კედლის სახელით ცნობილი ფასადი შეყვარებულთა და სიყვარულზე მეოცნებეთა სახელებითა და სხვადასხვა რომანტიული შინაარსის წარწერებით იყო დაფარული. ზოგიერთი ტურისტი საყვარელი ადამიანისადმი ერთგულების აღთქმას ქაღალდზე წერდა და საღეჭი რეზინით აკრავდა კედელს, ზოგი კი პირდაპირ კედელზე წერდა. მიღებული ტრადიციით, ჯულიეტას კედელზე დატოვებული წარწერა მათ სიყვარულს საუკუნოდ განამტკიცებს. 2004 წელს ვერონას მერიამ გადაწყვიტა, აეკრძალა ამ ცნობილი ტურისტული ობიექტის საღეჭი რეზინებითა და გრაფიტით დამახინჯება და სპეციალურად ამ მიზნით სახლის კედლებთან და ეზოში მობილური პანელები დააყენეს. ტურისტს, რომელიც აკრძალვას დაარღვევს, 500 ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა შეიძლება მოუხდეს.

 

 

 

Please reload

Please reload