ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა
ავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი.

ხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა დაიწყეს, მაგრამ სახსრების უკმარისობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ლიხთენსთეინის პრინცმა იოანე II, რომელსაც ქალაქ გროსარლის შორიახლოს სანადირო სახლი ჰქონდა, სამუშაოების დასასრულებლად ოქროს 600 გულდენი გაიღო. საბოლოოდ ლიხთენსთეინის ხეობას სახელწოდებაც პრინცის პატივსაცემად ეწოდა.

ხეობა დამთვალიერებლებისთვის ღიაა მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ოქტომბერში ვიზიტის საათები 2 საათით მცირდება და ხეობაში სტუმრობა შესაძლებელია დილის 9 საათიდან დღის 4 საათამდე. ოქტომბრის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ხეობა იხურება. ყოველ წელიწადს ხეობას დაახლოებით 100 ათასი სტუმარი ჰყავს.


