სააბატოში გახსნილი რესტორანი და სასტუმრო

საფრანგეთში, ლიონში მდებარე ფონტევროს (ბენედიქტელთა) სააბატო ჩვ.წ.აღ.-ით 1101 წელს დაარსდა, დღეს კი აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბარ-რესტორანია, რომელიც სააბატოს ოთხი მონასტრიდან ერთ-ერთში, სენთ ლაზარეს მონასტერშია განლაგებული. ფონტევროს სააბატოში სამონასტრო ცხოვრება 1792 წლის საფრანგეთისრევოლუციის შემდეგ დასრულდა. 1804 წლიდან 1963 წლამდე შენობაში ციხე იყო განთავსებული. 1975 წლიდან სააბატო კულტურულ ცენტრად გადაიქცა, 2000 წელს კი ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. შემდეგ სააბატოს ნაწილში რესტორნისა და სასტუმროს გახსნა გადაწყდა.

არქიტექტორებმა ფათრიკ ჯოუინმა და სანჯით მანქუმ შენობისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად გამჭვირვალობა აირჩიეს. მინის ტიხრების დახმარებით აღდგენილი მონასტრის ნაწილი მის უწინდელ დანიშნულებას – სასეირნო ტერიტორიას დაუბრუნდა, დანარჩენ ნაწილში კი მყუდრო სასტუმრო და რესტორანი განთავსდა. რესტორანში მაგიდები ისეა განლაგებული, რომ სტუმრების მზერა ბაღში დარგული ულამაზესი ყვავილებისკენაა მიპყრობილი.

სადა და თანამედროვე ავეჯი ძირითადად შეკვეთით დამზადდა, რათა შენობის არქიტექტურიდან გამომდინარე შეზღუდვებთან მორგებული ყოფილიყო. ამის მაგალითია ქვის სკამებზე დაფენილი ნაჭრისა და ტყავის შალითები. ასევე ხის დაკიდებული ნათურები, რომელთა ფორმაც სტუმრებს შენობის რთულ აკუსტიკასთან გამკლავებაში ეხმარება. ინტერიერის დიზაინში, მონასტრისთვის დამახასიათებელი მშვიდი ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად, ღია, პასტელური ფერებია გამოყენებული.

რესტორანში დაგხვდებათ ძალიან გემრიელი ფრანგული სამზარეულო და სასიამოვნო ატმოსფერო. სანამ აპერიტივს მიირთმევთ და კერძებს არჩევთ, ოფიციანტი გიამბობთ მონასტრის მოხატულობაზე, რაც სააბატოში ოდესღაც მცხოვრებ მონაზვნებსა და პატიმრებს ეკუთვნით.


