top of page

ჩრდილოეთის ნათება, იგივე ავრორა ბორეალისი


გსურთ, იხილოთ ჩრდილოეთის ნათება, იგივე ავრორა ბორეალისი? სად და როგორ შეგიძლიათ ამ ფანტასმაგორიული ფენომენისთვის თვალის მიდევნება, ამის შესახებ თქვენთვის რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს.

პოლარულ ციალს განთიადის რომაელი ქალღმერთის სახელი ჰქვია - ავრორა. ზოგს სწამს, რომ ავრორა ციურ სამყაროში მოგზაური სულების ანარეკლია. სხვა ვერსიით, ის სამოთხისკენ მიმავალ გზას ანათებს.

მეცნიერები კი აცხადებენ, პოლარულ ნათებას ზეციურ სამყაროსთან კავშირი სულაც არ აქვს და ის დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მზის ქარების მოძრაობითაა გამოწვეული. დედამიწის მაგნიტური ველი მზის ელექტრონების ნაკადს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მაგნიტური პოლუსების საზღვრებს გარეთ გადაამისამართებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პოლარული ნათების ხილვა უპირატესად პოლარული წრის მაგნიტური სფეროს გარეთ შეიძლება.

სანამ მსოფლიოს გარშემო საშობაო სანთლებს ანთებენ, ბუნება თვალწარმტაც სანახაობას გვიმზადებს.

ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, კანადა, ალიასკა - ეს ის ადგილებია, სადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სწორედ ჩრდილოეთის ციალის სანახავად ჩადის.

და მაინც, ყველაზე მკვეთრად ავრორას მოვლენა ნორვეგიაში, ალიასკასა და ისლანდიაში ჩანს.

1) ალიასკა

ქალაქი ფერბენსკი ჩრდილოეთის ციალზე მონადირეთათვის მექად აღიქმება. ტურისტული სააგენტოებისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია ამ ადგილას ტურისტთა მოზღვავება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ამიტომაც იციან, რა შესთავაზონ სტუმრებს. ციალის ნახვის პარალელურად გეოთერმული წყაროების დათვალიერება, ყინულის მუზეუმების სტუმრობა და ძაღლებშებმული მარხილებით სეირნობაც შეგიძლიათ.

2) ისლანდია

ისლანდიის ველური ბუნება, პეიზაჟები და ზამთრის ბნელი ცა პოლარული ნათების სანახავად არაჩვეულებრივ ფონს წარმოადგენს. ისლანდიაში მოხვედრა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ალიასკაზე. აქ პროფესიონალი „მონადირეები“ გელიან - ხალხი, რომელიც მთელ პერიმეტრზე არჩევს საუკეთესო ადგილებს ავრორას დასანახად და შემდეგ ტურისტებს ეპატიჟება.

3) ნორვეგია

ამ ქვეყანაში თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ პოლარული ნათებით, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. ნორვეგიის ადგილობრივი ტურისტული კომპანია „Norway’s Hurtigruten“ პოლარული წრის გარშემო 6-12-დღიან კრუიზს გთავაზობთ. ჩრდილოეთის ციალი ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, ღია ზღვაზე, სუნთქვაშემკვრელი სანახაობაა.

Please reload

bottom of page