ახალი წელი პრაღაში!

16 Dec 2019

ახალი წელი– ყველაზე ნანატრი დღესასწაული, რომლისთვისაც მომზადება დიდი ხნით ადრე იწყება მის დადგომამდე. საჩუქრები, გამოსასვლელი კაბები, სადღესასწაულო მენიუ და რაც მთავარია ახალი წლის შეხვედრის ადგილი–ყველაფერი ეს მოსაფიქრებელი და განსახორციელებელია.  არსებობს საუკეთესო გადაწყვეტილება– ახალი წლის შეხვედრა პრაღაში!


ვინც უკვე ნამყოფია ჩეხეთის დედაქალაქში იცის, რომ ეს არის მოგზაურობა ზღაპარში. ის კი ვინც ამ ქალაქში ჯერ არ ყოფილა, არ აქვს არანაირი მიზეზი არ დაიჯეროს ეს. ყველას აქვს გაგონილი, რომ პრაღა ითვლება ევროპის ყველაზე ლამაზ ქალაქად. აქ, თითქოს  ისტორიის გაცოცხლებულ ფურცლებზე მყუდროდ ჩამწკრივებულან ულამაზესი, კრამიტგადახურული სახლები, ქედმაღლურად დაჰყურებენ ქალაქს უძველესი სასახლეები და ცისკენ მიილტვიიან ეკლესიის სამლოცველოები.