top of page

ევროპის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

მიუნხენი, გერმანია მიუნხენში, მარიენპლაცზე მოწყობილი საშობაო ბაზრობა ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ნაძვის ხის მორთულობას და ხელნაკეთ სუვენირებს, პოპულარულ ძეხვს, ჯანჯაფილის ორცხობილას და არომატულ გლინტვეინს სთავაზობს. კიდევ ერთი – შუასაუკუნეების ბაზრობა იმართება ვიტელსბაჰერპლაცის რაიონში, სადაც მიუნხენის ისტორიის გაცნობა კერძების უძველესი რეცეპტებით მომზადებითა და სხვადასხვა წარმოდგენებში მონაწილეობით შეიძლება.
ნიურნბერგი, გერმანია ნიურნბერგში საშობაო ბაზარობა ღვთისმშობლის ტაძარზე ულამაზესი ოქროს ანგელოზის აღმართვით იხსნება, მოედანზე თავმოყრილ 200-მდე სავაჭრო ცენტრში კი, საახალწლო სუვნირები, სათამაშოები, უგემრიელესი თაფლიკვერები და გლინტვეინი იყიდება. სხვათაშორის, კრისტკინდესმარკტის ყველაზე პოპულარულ ნუგბარად სწორედ გულის ფორმის თაფლიკვერა ითვლება. სხვა ბაზრობებისგან განსხვავებით, ნიურნბერგში არაა მიღებული სტუმრების ატრაქციონებით გართობა და მხოლოდ სადღესასწაულო კიოსკები მუშაობს.
ედინბურგი, შოტლანდია ედინბურგში ყოველთვის ორი – გერმანული და შოტლანდიური ბაზრობა ეწყობა. გერმანული – Mound Precinc-ის რაიონში იმართება და მსურველებს მრავალფეროვან ხელნაკეთ სუვენირებს და საახალწლო საჩუქრებს, ნაძვის ხის სათამაშოებს და ნაციონალურ კერძებს სთავაზობს, East Princes Street Gardens-ის შოტლანდიური ბაზრობა აშკარად გამოკვეთილი ნაციონალური ხასიათით კი, სტუმრებს საიუველირო ნაწარმით აოცებს (სხვათაშორის, შოტლანდიელებმა საუკუნეების წინ გაითქვეს სახელი როგორც საუკეთესო იუველირებმა), ადგილობრივი ვისკით უმასპინძლდება.
კიოლნი, გერმანია კიოლნი თავისი მსხვილი საშობაო ბაზრობებითაა ცნობილი, რომელთა შორის ერთ-ერთი – ყველაზე “გემრიელი” – კიოლნის ტაძრის მოედანზე ნოემბრის ბოლოს იხსნება და 100-მდე პავილიონში ტკბილეულის მოყვარულებს სხვა ნუგბართან ერთად დაშაქრული ნუშითა და უგემრიელესი შოკოლადით უმასპინძლდება, შუასაუკუბეების ბაზრობა კი, სტუმრებს ისტორიულ გერმანიაში სამოგზაუროდ, ჩირაღდნებით განათებული ქუჩებით და შუასაუკუნეების ინსტრუმენტებზე შესრულებული მუსიკის ფონზე იწვევს.
ზალცბურგი, ავსტრია ზალცბურგის ბაზრობა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ბაზრობად ითვლება ევროპაში, სათავეს მე-15 საუკუნეში იღებს, როცა ადგილობრივებმა პირველად გამოიტანეს გასაყიდად სადღესასწაულო სუვენირები. თანამედროვე ბაზრობა ტაძრის მოედანსა და რეზიდენციალპლაცზე იმართება, რამდენიმე ათეულ პავილიონში კი, საახალწლო საჩუქრებთან ერთად შემწვარი წაბლის, ადგილობრივი ძეხვის, ნუშის ნამცხვრისა და სეზონის ჰიტის – არომატული გლინტვეინის მირთმევა შეიძლება.
ბრიუსელი, ბელგია ბრიუსელის ბაზრობა კი, პირიქით – ერთ-ერთი ყველაზე “ახალგაზრდაა” ევროპაში, რომელიც პირველად 2002 წელს მოეწყო, ერთი წლის შემდეგ კი, ყველაზე ორიგინალური საშობაო ბაზრობის ტიტული შეიძინა. წმინდა ჟანას მოედანზე, წმინდა კეტრინისა და მიმდებარე ქუჩებზე გაშლილი უმსხვილესი ბაზრობა თავისი 200 დახლით მსურველებს ტრადიციულ კარტოფილთან “ფრისა” და ვაფლთან, მიდიებსა და მოლუსკებთან, ტრადიციულ სუვენირებსა და საახალწლო საჩუქრებთან ერად, ჯადოსნურ ილუმინაციას და ზღაპრულ შოუს, საციგურაო მოედანსა და თევზის ბაზრობას სთავაზობს.
კოპენჰაგენი, დანია კოპენჰაგენის საშობაო ბაზრობა ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ ბაზრობას, რადგან ტივოლის ბაღში მოწყობილი სავაჭრო ცენტრი რამდენიმე ათასი ფერადი გირლიანდითაა მორთული, ბაზრობის ცენტრს უზარმაზარი ნაძვის ხე ამშვენებს, პარკის ბილიკებზე კი, ზღაპრული ელფები და თავად სანტა-კლაუსი დასეირნობს. ნაციონალური სუვენირების მოყვარულებს დიზაინერული სანთლების, ვერცხლის სამკაულის, თბილი სვიტერების შეძენა შეუძლიათ ტრადიციული ორნამენტით და უგემრიელესი ფუნთუშის დაგემოვნება ვაშლითა და შავი მოცხარით.
ლონდონი, ინგლისი დეკემბრის ბოლოს ლონდონში რამდენიმე საშობაო ბაზრობა იმართება. Old Spitalfields Christmas Market, რომელიც XVIII-XIX საუკუნეების სტილშია გაფორმებული, სტუმრებს ვინტაჟის სუვენირებს სთავაზობს, Southbank Centre Christmas Market – ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანას ეძღვნება, Leaden Hall Christmas Market მრავალფეროვანი პროდუქტითაა სავსე სადღესასწაულო ვახშმის მოსამზადებლად, ჰაიდ პარკში გაშლილი Hyde Park Winter Wonderland Christmas Market და Greenwich Christmas Market კი – ტრადიციული საშობაო ბაზრობებია ატრაქციონებით, სუვენირებითა და უგემრიელესი ტკბილეულით.

Please reload

bottom of page