როგორ ჩავლაგდეთ სამგზავროდ სწორად, ხელბარგი და აკრძალული ნივთები

რამდენიმე ადამიანმა გვკითხა, რა არის დაშვებული, რომ წაიღონ ხელბარგით ან ბარგით, რა – აკრძალული, სითხე ან კოსმეტიკა შეგვიძლია თუ არა ბორტზე ავიტანოთ და ა.შ. ვეცდები მსგავს კითხვებზე პასუხი ამ პოსტში იპოვოთ. თუმცა, არ გვექნება საუბარი ბარგის ან ხელბარგის ზომებსა და წონაზე, რადგან ამას ყველა ავიაკომპანია ცალ-ცალკე არეგულირებს. პოსტში მხოლოდ საერთაშორისოდ მიღებულ წესებზე ვისაუბრებთ.
ჩასაბარებელი ბარგი
ბილეთის შეძენამდე შეამოწმეთ დაშვებული უფასო ბარგის წონა და ზომები. თუ თვლით, რომ არ გეყოფათ, წინასწარ იყიდეთ რამდენიმე კგ ან დამატებითი ჩანთა Online. აეროპორტში წონის გადამეტებისას აუცილებლად მოგიწევთ თანხის გადახდა და თან, გაცილებით მეტის, ვიდრე ეს წინასწარ ყიდვის შემთხვევაში მოგიწევდათ.
ბარგის ჩალაგების დაწყებამდე გააკეთეთ სია, ჩამონათვალი, რომ არაფერი დაგრჩეთ თუ ამ სიაში ძვირფასი ნივთები, ელექტრო ტექნიკა (ლეპტოპი, ფოტო კამერა და ა.შ.), ფული, ძვირფასეულობა, მნიშვნელოვანი დოკუმენტები შედის – ნუ ჩადებთ ამ ყველაფერს ჩასაბარებელ ბარგში. უმჯობესია ეს ყველაფერი მუდმივად თან გქონდეთ, ამიტომ მოათავსეთ თვითმფრინავის ბორტზე ასატან, ხელბარგისთვის განკუთვნილ ჩანთაში.
თუ მიგაქვთ საკვები პროდუქტები, წინასწარ გადაამოწმეთ რამდენად არის დაშვებული ამ პროდუქტების შეტანა ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებით. მაგალითისთვის, გერმანიაში აკრძალულია ხორცის პროდუქტების შეტანა. ასე რომ შემწვარი გოჭის წაღების სურვილი თუ გექნებათ, ბარგიდან ამოღება მოგიწევთ თუ რძის პროდუქტი მიგაქვთ, მაგალითად ყველი, აუცილებლად შეფუთეთ რამდენიმე პარკში.
ჩანთაში ადგილის დაზოგვის მიზნით ტანსაცმელი როლებად დაახვიეთ, უფრო მცირე ადგილს დაიკავებს. წინდები ან საცვლები (ასევე დახვეული) შეგიძლიათ ფეხსაცმელებში მოათავსოთ. ქალბატონებს ფეხსაცმელებთან ერთად ბიუსტჰალტერებშიც შეგიძლიათ ჩადოთ ასეთი ხვეულები :Dამ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ შეგიძლიათ ეს განახორციელოთ. ამასთან, მოცემულია ძალიან საინტერესო რჩევები ბარგის ჩალაგებასთან დაკავშირებით ^_^
ხელბარგი
აკრძალულია ხელბარგში მოათავსოთ: • საბრძოლო საშუალება & ცეცხლსასროლი იარაღი (სათამაშო იარაღიც); • ბასრი პირის მქონე იარაღები და საგნები (მათ შორის ქოლგა, მაკრატელი, ფრჩხილების ქლიბი ან ჯიბის დანა); • ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები (სანთებელა, ასანთი, აცეტონი და ა.შ.); • საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოების გარეშე (გოლფის ან ბეისბოლის ჯოხი, თოკები…); • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები.
თუ მხოლოდ ხელბარგით მგზავრობთ და გსურთ, რომ შამპუნი, სუნამო, კბილის პასტა ან თუნდაც რაიმე აეროზოლი (ჰიგიენური დეოდორანტი) წაიღოთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის მოთავსება. თუ თხევადი ნივთიერება ამ ოდენობისაა, უნდა მოათავსოთ პატარა ფლაკონში, ეს ფლაკონები კი ცალკე გამჭვირვალე სპეციალურ, დალუქულ პარკში, რომლის დასაშვები ზომაც გახლავთ 20სმX20სმ. დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს: ფლაკონი, რომელიც უფრო დიდი მოცულობისაა, მაგრამ სითხე 100 მლ-ია შიგნით, სამწუხაროდ, არ გამოგადგებათ. გირჩევთ, ეს შეკვრა მოსახერხებელ ადგილას გედოთ, რადგან უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ამოღება მოგიწევთ რამდენჯერმე.
100 მლ-ის წესი არ ვრცელდება დიუტი ფრიში შეძენილ სასმელზე და ბავშვის საკვებზე. Duty-Free-ის მაღაზიებში შეძენილი ყველანაირი სახის თხევადი საქონელი უნდა მოთავსდეს სპეციალურ დალუქულ პაკეტში შეძენის ქვითართან ერთად, რომლის გახსნაც დანიშნულების საბოლოო ადგილზე ჩასვლამდე არაა რეკომენდირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების შემოწმების პუნქტში თქვენ მიერ შეძენილი საქონელი შესაძლოა ჩამოგართვან.
მედიკამენტები, უხეშად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ წაიღოთ იმდენი, რაც დაგჭირდებათ მოგზაურობის განმავლობაში, მაგრამ თუ რომელიმე წამალი დიდი ოდენობით გაქვთ თან, უმჯობესია ექიმის რეცეპტიც გქონდეთ. ერთხელ მკიხეს შეიძლებოდა თუ არა 50 შეკვრა ასპირინის წაღება ევროპაში მწნილის გასაკეთებლად. არა მეგობრებო, არ შეიძლება
თუ ფრენისას საკვებში დამატებითი თანხის დახარჯვა არ გინდათ, შეგიძლიათ თან წაიღოთ, მაგრამ ბორტზე მხოლოდ მშრალი საკვების ატანაა დასაშვები.
კოსმეტიკაზე შეზღუდვა არ გექნებათ, თუ თხევადი არაა და 100 მლ-ს არ აღემატება აქვე კიდევ 1 რჩევა: თუ პუდრი ან მსგავსი კოსმეტიკა მიგაქვთ, უმჯობესი იქნება რბილი ბამბა ჩააფინოთ, რომ არ დაგიტყდეთ.
ზოგიერთი ავიაკომპანია გაძლევთ უფლებას, რომ ბორტზე ხელბარგის გარდა კიდევ ერთი,
პირადი ნივთებისთვის განკუთვნილი ჩანთაც აიტანოთ. ძირითადად, საშუალო ლეპტოპის ჩანთის ან ქალის პატარა ხელჩანთის ზომა. ყველა ავიაკომპანიას აქვს მითითებული ეს ვებ გვერდზე დაწვრილებით. თუ ეს ასე არაა, ლეპტოპი (და სხვა ელექტროტექნიკა) მოათავსეთ ხელბარგში (როგორც უკვე გირჩიეთ პოსტის დასაწყისში) ადვილად მისაწვდომ ადგილას, რადგან უსაფრთხოების შემოწმების გამო მგზავრობისას რამდენჯერმე მოგიწევთ მისი ჩანთიდან ამოღება.
და კიდევ ერთხელ ჩალაგების შესახებ <3

წყარო: gzashi.com <3