რჩევები პარიზში მოგზაურობის მსურველებს
რომ აღმოაჩინოთ საკუთარი პარიზი და შეიყვაროთ ის, ამისთვის ბევრიც არაფერია გასაკეთებელი – უბრალოდ უნდა წახვიდეთ!

პარიზის 10 მთავარი ღირსშესანიშნაობა
ეიფელის კოშკი
პირველ ადგილზე ეიფელის კოშკია. ტურისტების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი მსოფლიოში და როგორც პარიზის, ასევე მთელი საფრანგეთის სიმბოლო.
უახლოესი მეტროსადგურები: Bir-Hakeim (6 განშტოება), Trocadéro (6 და 9 ხაზი).
ეიფელის ტური 17 ევრო ღირს ზრდასრული ადამიანისთვის, მუშაობს 9:00-24:00 სთ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
დედაქალაქის ყველაზე მონახულებადი ადგილია ნოტრ-დამ-დე-პარი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურება უნდოდათ, მაგრამ ვიქტორ ჰიუგოს წიგნის წყალობით, ღირსშესანიშნაობა გადარჩა. ტაძარი დიდებულია.
უახლოესი მეტროსადგური: Cité (4 განშტოება).
შესვლა უფასოა. თუმცა თუ ნოტრ-დამის კოშკზე გინდათ ასვლა, ცალკე ბილეთი უნდა იყიდოთ. აქ ყოველთვის დიდი რიგებია, რასაც თავიდან აიცილებთ, თუ პრიორიტეტულ ბილეთს შეიძენთ.

ლუვრი
მსოფლიო მუზეუმი ადრე ფრანგი მონარქების რეზიდენცია იყო, ამჟამად კი ხელოვნების უზარმაზარ კოლექციას მოიცავს. აქ არიან ვენერა, მონალიზა, მარიანა… მოკლედ, ცნობილი ქალბატონები ლუვრში ცხოვრობენ.
უახლოესი მეტროსადგურები: Palais Royal – Musée du Louvre (1 განშტოება).
ფასი: 17 ევრო ძირითადი ექსპოზიციის დათვალიერება.

დისნეილენდი
პარიზის დისნეილენდი ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი პარკია მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი სტუმრობს. პრინციპში ეს ორი უზარმაზარი პარკია, სადაც გართობა და ატრაქციონები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.
უახლოესი სადგური RER: Marne-la-Vallée
ფასი: 70 ევრო.

ელისეის მინდვრები
ელისეის მოედანი არა მარტო ღირსშესანიშნაობაა, არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ცნობილი და ლამაზი ქუჩაა მსოფლიოში, არამედ სავაჭრო ცენტრიცაა. აქ ნახავთ უამრავ ძვირფას ბუტიკებს, რესტორნებს და მსხვილი კომპანიების ოფისებს.
უახლოესი მეტროსადგურები: Concorde სადგურიდან Charles de Gaulle – Etoile სადგურამდე (1 განშტოება).

ტრიუმფალური თაღი
ნაპოლეონმა ის თავისი გამარჯვებების პატივსაცემად აღმართა და აქ ყველა დაპყრობილ ქალაქს ინიშნავდა. თაღის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის საფლავია.
უახლოესი მეტროსადგური: Charles de Gaulle – Etoile (1 განშტოება).
ფასი: 12 ევრო.

ვერსალი
საფრანგეთის ოთხი მეფის რეზიდენცია პარიზიდან 40 კილომეტრშია. ასე სპეციალურად ააშენეს, რათა რევოლუციას სასახლემდე არ მიეღწია. თუმცა…
უახლოესი სადგური RER: Versailles – Château (С ხაზი).
ფასი: სასახლეში ვიზიტი 15 ევრო. პარკის დასათვალიერებლად ცალკე ბილეთია საჭირო.

ალექსანდრე III-ს ხიდი
პარიზის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა სენა და მასზე გადებული ხიდები. ყველაზე ლამაზია ალექსანდრე III ხიდი.

მულენ რუჟი
წითელი წისქვილი – პარიზის ყველაზე ცნობილი კაბარე და ერთ-ერთი ცნობადი ღირსშესანიშნაობა.
უახლოესი მეტროსადგური: Blanche (მეორე განშტოება).
ფასი: სპექტაკლზე დასწრება 95-დან 250 ევრომდე.

მონმარტრი
რაიონი მონმარტრი: აქ ცხოვრობდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მსახიობები. აქ არის პიკასოს სახლი და დალიდას მოედანიც. უამრავი დუქნები, სადაც ისინი ერთობოდნენ.
უახლოესი მეტროსადგურები: Blanche, Anvers (მეორე განშტოება), Abbesses (12 განშტოება).

საკრე
საფრანგეთის ყველაზე დიდი ტაძარი საკრე-კიორი პარიზის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს. აქ მსახურებას რომის პაპიც ატარებდა. დასათვალიერებელი მოედნიდან მთელი პარიზის ნახვა შეიძლება.
უახლოესი მეტროსადგური: Anvers (2 განშტოება).
შესვლა უფასოა.

მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და ტრამვაი
უშუალოდ პარიზი და მისი შემოგარენები (ე.წ. „დიდი პარიზი) ერთიანი სატრანსპორტი სისტემით არის დაკავშირებული, რომელიც 5 ზონადაა დაყოფილი. ტარიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზონიდან რომელშიც მიდიხართ.

ტურისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა 1-2 ზონებშია თავმოყრილი. აქედან გამომდინარე თამამად შეგიძლიათ ჩაჯდეთ ორნიშნა ნომრიან ავტობუსებში და ნებისმიერ მეტროს ხაზზე – ისინი მეორე ზონის იქით არ დადიან.
მიწისქვეშა გადაჯდომისას არ უნდა შეგეშალოთ მეტროს ხაზი და RER: ეს ელექტრომატარებლებია, მიწისქვეშ დადიან და შესაძლოა სადღაც გარეუბნებში გაგაქანოთ. ისე გარჩევა რთული არ არის, RER-ს ორსართულიანი ვაგონები აქვს.
ავტობუსი
პარიზის ავტობუსები მოსახერხებელია, მრავლად დადიან, კომფორტული და სწრაფია, რადგან გამოყოფილ ხაზს იყენებენ. ყველა გაჩერებაზეა მარშრუტების რუქა და გარკვევაც ძალიან რთული არ არის.
სხვათა შორის, პარიზში მიღებულია, რომ ავტობუსის მძღოლს ხელით ანიშნოთ, თორემ შეიძლება გვერდზე ჩაგიაროთ.
ტრამვაი
აქაც იგივე პრობლემაა, რაც RER-თან: ტრამვაი გარეუბნებში დადის და შეუძლიათ სასურველზე ბევრად შორს წაგიყვანოთ, თან კონტროლიორებიც სიამოვნებით იყენებენ მსგავს შეცდომებს.
ბილეთის სახეობა
თუ პარიზის გარეუბანში გაჩერდით, ჯობს ერთჯერადი ბილეთი Origine-Destination შეიძინოთ. მისი ფასი დამოკიდებულია მარშრუტის საწყის და ბოლო გაჩერებებზე. 10 ბილეთიანი წიგნაკის ყიდვა 20%-ით იაფი დაგიჯდებათ. აეროპორტიდან მგზავრობისთვის სპეციალური ბილეთები არსებობს.
ერთჯერადი ბილეთი ticket+ 1.8 ევრო ღირს და მგზავრს ნებისმიერი სახის ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას აძლევს – RER-დან დაწყებული მონმარტრის ფუნიკულიორით დამთავრებული (მეტროში ticket+-ით სადაც გინდათ ჩახვალთ, აი RER-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 1 ზონაში მოქმედებს).
10 ბილეთიანი წიგნაკი (carnet) 14,1 ევრო დაგიჯდებათ. 3 წლამდე ბავშვები პარიზში უფასოდ დადიან, 4-დან 10 წლამდე – უფროსებზე ორჯერ იაფად. ამ ბილეთით შეგიძლიათ მეტროდან RER-ზე გადაჯდეთ 2 საათის განმავლობაში, ან ავტობუსიდან ტრამვაიზე. მართალია ამ ბილეთით რითაც გინდათ იმით იმგზავრებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მიწისზედა ტრანსპორტიდან მიწისქვეშა ტრანსპორტზე ვერ გადაჯდებით (და პირიქით) – წინასწარ მოგიწევთ აირჩიოთ გადაადგილების უპირატესი საშუალება.
შოპინგი პარიზში
პარიზში მოგზაურობა შოპინგის გარეშე წარმოუდგენელია (თუ ფული გაქვთ ბუნებრივია). მაღაზიები ძალიან ბევრია, არჩევანი კი წარმოუდგენლად დიდი.

მუშაობის საათები
პარიზის მაღაზიები როგორც წესი ყოველდღე ღიაა კვირის გარდა. ჩვეულებრივ 10:00 საათიდან მუშაობენ და უმრავლესობა 19:00-20:00 საათზე იკეტება. ზოგიერთი სუპერმარკეტი 21:00 საათამდეა. 24-საათიანი მაღაზიების ნახვა ძალიან რთულია.
პატარა სუვენირების დახლები 7 დღეა ღია და საქონლის ფასი ძალიან განსხვავდება ადგილის მიხედვით. მაგალითად, ეიფელის კოშკის ბრელოკი მონმარტრზე შეიძლება ოთხჯერ უფრო იაფად ნახოთ, ვიდრე თავად ეიფელთან.
ფასდაკლება
ფასდაკლებების პერიოდს საფრანგეთში სახელმწიფო არეგულირებს და წელიწადში ორჯერაა (როგორც პრაქტიკულად მთელ ევროპაში). თითოეული ფასდაკლება თვეზე ოდნავ მეტხანს გრძელდება. ფასდაკლებები მაქსიმუმს სეილების ბოლოს აღწევს და ლამის 80%-მდე ადის.
ზამთრის ფასდაკლება შობის შემდეგ რამდენიმე კვირაში იწყება და იანვრის დასაწყისზე მოდის, ხოლო ზაფხულის – ივნისის ბოლოსაა, საზაფხულო შვებულებების წინ.