top of page

ევროპული ქვეყნების გამორჩეული კერძები


მსოფლიოს ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური და მრავალფეროვანი სამზარეულო აქვს, თუმცა დღეს სტატია ევროპული ქვეყნების გამორჩეულ კერძებზე მოვამზადეთ.

მას შემდეგ, რაც საქართველო უვიზო ქვეყნების რიგს შეუერთდა, ტურისტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

კარგად დაგეგმილი ტური კი რამდენიმე ქვეყნის ერთდროულად ნახვისა და კულინარიულ ტურიზმთან ზიარების საშუალებას იძლევა.

არჩევანი, რომ გაგიადვილოთ, გაგაცნობთ ყველაზე პოპულარული ქვეყნების ნაციონალურ კერძებს.

როგორც ცნობილია საქართველოდან ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიას სტუმრობს, განსაკუთრებით კი ოქტომბერში, როცა ლუდის ფესტივალი იმართება, ამიტომაც ჩამონათვალს გერმანიით დავიწყებთ:​

გერმანია

გერმანული სამზარეულო განსაკუთრებით მსუყე კერძებით გამოირჩევა. ადგილობრივები განსაკუთრებით ღორის ხორცს, ძეხვეულსა და პურ-ფუნთუშეულს ანიჭებენ უპირატესობას. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, თითოეული გერმანელი წელიწადში 85 კილოგრამ ხორცს მიირთმევს.

გერმანიაში ჩასულებმა Eintopf-ი დააგემოვნეთ. ეს არის ერთგვარი წვნიანი, რომელიც ხორცით, ბოსტნეულითა და საუცხოო სანელებლებით მზადდება. ნოყიერი სადილის შემდეგ კი გერმანული ლუდი არ დაგავიწყდეთ, ის ყველა ტურისტისთვის მიმზიდველია.

​​

ესპანეთი

ესპანეთის ტერიტორიაზე 17 განსხვავებული სამზარეულოა. გემოები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ამ ქვეყნისთვის ერთნაირად საინტერესოა ბოსტნეულიც, ხორციც და ზღვის პროდუქტებიც. ესპანური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია ზეითუნის ზეთი, ნიორი, მწვანილები და ადგილობრივი ღვინო.

კერძი, რომელიც ყველა რეგიონში დაგხვდებათ, არის Salmorejo. ზაფხულის ცხელ დღეებში ტომატის ცივი სუპი თეთრი პურით, წვრილად დაჭრილი შებოლილი გარეული ტახის ხორცითა და მოხარშული კვერცხით - იდეალური არჩევანია.

​​

საფრანგეთი

ფრანგული სამზარეულოს გასაცნობად თვეები არ გეყოფათ, მაგრამ თუ დროში ვერ ეტევით, ყურადღება კლასიკურ Confit de canard- ზე შეაჩერეთ. ეს არის შებოლილი იხვი ბოსტნეულის გარნირით. საფრანგეთი ზღვის პროდუქტების მოხმარებით გამოირჩევა. ომარები, ხამანწკები და მდინარის კიბორჩხალები აქ ყველაზე მოთხოვნადი და ძირადღირებული საკვებია. ზოგადად, რთულია საფრანგეთში იმოგზაურო და ადგილობრივი ყველი, შუშხუნა ღვინო და საოცარი - ხილის დესერტი არ დააგემოვნოთ.

​​

საბერძნეთი

ბერძნული სამზარეულო არომატების ზეიმია. ნაციონალური კერძები მრავალფეროვნებით გამოირჩევია, ბერძნები თითქმის ყველა კერძს ზეითუნის ზეთში ამზადებენ. თუ თქვენ ეს პროდუქტი გიყვართ, საბერძნეთი საუკეთესო არჩევანია.

ბერძნების კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს უკავიათ, ამიტომ თუ ტავერნაში მოხვდებით, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ სამზარეულოში თავისუფლად შეხვიდეთ, აარჩიოთ სასურველი თევზიც და სხვა ინგრედიენტიც, რის შემდეგაც მზარეული თქვენთვის სასურველ კერძს მოგართმევთ.

​​

იტალია

იტალიაში უგემრიელესი კერძების ძალიან დიდი არჩევანია. თუმცა აქ ჩვენი რჩევა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. ყველამ კარგად იცით, რომ იტალიური პიცასა და სპაგეტის არაფერი შეედრება. თუმცა მხოლოდ ნეაპოლიტანურ პიცასა და ბოლონეზეს სპაგეტის გავუწევთ რეკომენდაციას.

ზოგადად, იტალიის თითოეულ რეგიონში შეხვდებით უგემრიელეს რიზოტოს, სხვადასხვა სოუსებითა და ინგრედიენტებით მომზადებულ სპაგეტის, პიცას, ნაყინს, ყავას, ყველსა და ცქრიალა ღვინოს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იტალია კულინარიული მოგზაურობის დასაგეგმად იდეალური ადგილია.

ვფიქრობთ, ჩვენი რჩევები ევროპაში მოგზაურობის დროს გამოგადგებათ. ახლა მთავარია საინტერესო და მრავალფეროვანი ტური დაგეგმოთ და ევროპული არდადეგები დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ. აიღეთ გეზი და მოიწყვეთ კულინარიული ტურიზმი ევროპაში, იმედგაცრუებული ამ მხრივადაც ნამდვილად არ დარჩებით.

Please reload

bottom of page