top of page

გოთიკა, ბაროკო და მაღალი აღორძინება იტალიის არქიტექტურაში

შენობები ისტორიას ჰყვებიან. გადმოგვცემენ კულტურას, ხალხის განვითარებას, აზროვნებას, გემოვნებასა და მრწამსს. ზოგიერთი მათგანი ხელოვნებისა და არქიტექტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია.


დღეს იტალიის არქიტექტურის სამ გამორჩეულ ტაძარზე მოგიყვებით, რომელიც ამ ქვეყნის კულტურას, ისტორიას და სოციალურ განვითარებას ხელისგულზე გადაგიშლით, დროში თავბრუსდამხვევად გამოგზაურებთ და არქიტექტურის უმაღლესი გამოვლინებებით გიმასპინძლებთ.


მე-12 საუკუნე ევროპაში გოთური ხელოვნების დასაწყისია. თავად ტერმინი „გოთიკა“ იტალიელებმა შემოიღეს ხმარებაში. თუმცა, სამართლიანი იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ იტალიამ უარი თქვა ევროპაში გაბატონებულ გოთიკის სისტემაზე და ახალი პრინციპები დაამკვიდრა. „გოთიკად“ კი იტალიელები მოიხსენიებდნენ სტილს, რომელიც მათი ქვეყნის ჩრდილოეთით, ალპების იქით იყო გავრცელებული.


ამის მიუხედავად, გოთურმა სტილმა იტალიაში მაინც შეაღწია, გარკვეული სახეცვლილებით. ამის მაგალითი ორვიეტოს კათედრალია, რომელიც იტალიური გოთიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა წოდებული.


ტაძარი მე-13 საუკუნეში აიგო ორვიეტოში და ღვთისმშობლის მიძინებას მიეძღვნა. შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთდა. საბოლოოდ, ორვიეტოს ტაძარი, შეგვიძლია ვთქვათ, აერთიანებს გოთიკასა და რომანტიზმს. იგი სამნავიანი და ორი მხრით დარბაზულია, რომელიც რომანტიზმისთვისაა დამახასიათებელი. ტაძრის გარე ფასადზე კი გოთიკისთვის დამახასიათებელი ჰაერში ატყორცნილი ვერტიკალური ხაზები,მსუბუქი ფორმები დომინირებს, შიდა ფასადი კი ყურადღებას იქცევს მინის დიდი, ფერადი ფანჯრებით, რომლებიც, ასევე გოთიკას ახასიათებს.


ილ ჯეზუს ეკლესია რომში - იეზუიტების პირველი ეკლესია, ბაროკული არქიტექტურის პირველი ნიმუში. როგორც ვიცით, ბაროკოს წამყვანი სკოლა სწორედ იტალიაში ჩამოყალიბდა, დაახლ. მე-16 საუკუნეში. ილ ჯეზუს ეკლესია მე-16 საუკუნის მე-2 მეოთხედშია აგებული.


ამ ტაძრის აშენებით წერტილი დაესვა კამათს, რომელიც მთელი რენესანსული ეპოქის განმავლობაში მიმდინარეობდა: რომელი ტიპის ეკლესია უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული - ბაზილიკური, რომელიც უფრო მეტად ესადაგებოდა ქრისტიანული რიტუალების მოთხოვნებს თუ ცენტრული, რომელიც სილამაზისა და ჰარმონიის შერწყმა იყო და ჰუმანისტურ იდეალს წარმოადგენდა. ილ ჯეზუს ეკლესია ორივე მათგანს აერთიანებდა - წაგრძელებულ კორპუსს აგვირგვინებს საკურთხევლის ნაწილისკენ გაწეული დიდი გუმბათი.


ილ ჯეზუს ტიპის ეკლესია, იეზუიტების ორდენის საშუალებით, ფართოდ გავრცელდა მე-17 მე-18 საუკუნის კათოლიკურ ქვეყნებში, რის გამოც, ამ არქიტექტურას „იეზუიტურ სტილსაც“ უწოდებდნენ.

ილ ჯეზუს არქიტექტორები დელა პორტა და ვინიოლა არიან.


წმ. პეტრეს ტაძარი - კათოლიკური სამყაროს ცენტრი. ვატიკანში მდგარ ამ უდიდეს ტაძარს 120 წლის მშენებლობის ისტორია აქვს.


მაღალი აღორძინების ხანმოკლე პერიოდის არქიტექტურის ღირსეული წარმომადგენელი, დონატო ბრამანტე, რომელსაც რომში არსებული, ხსენებული ეპოქის, არქიტექტურული შედევრების უმეტესობა ეკუთვნის, რომის პაპ, იულისუს მე-2ის დავალებით, გახდა წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობის სულისჩამდგმელი.


ბრამანტეს სიტყვებით, მან გადაწყვიტა მაქცენსიუსის ბაზილიკის და პანთეონის გუმბათის კომბინაციის შექმნა გადაწყვიტა. არქიტექტორმა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო თავისი იდეის განხორციელება და გარდაცვალების დროისთვის მხოლოდ მასიური გუმბათქვეშა ბურჯები იყო ამოყვანილი.

მშენებლობას სათავეში მიქელანჯელო ჩაუდგა, რომელსაც ტაძრის გრანდიოზული გუმბათის პროექტი ეკუთვნის.


130 მეტრის სიმაღლის ტაძარში ფრესკები არ არის, რადგან მათი ადგილიი მთლიანად მოზაიკებს უკავია. მე-16 საუკუნის კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზე აგებული ტაძარი ფართობით იმდენად მასშტაბურია(23.000მ²), რომ ერთდროულად 60000 ადამიანის დატევაც კი შეუძლია.


აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ დიდებული ტაძრის ერთ-ერთ კაპელას მიქელანჯელოს გენიალური შედევრი - დატირება, იგივე „პიეტა“ ამშვენებს.


Please reload

bottom of page