გამარტივებული ფრენები უკრაინისა და ინდოეთის მიმართულებით
23 დეკემბრიდან კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენებს უკრაინული ავიაკომპანია “SkyUp” შეასრულებს.
ზამთრის სეზონის განმავლობაში ავიკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 737-800/737-700 ტიპის ავიახომალდებით განახორციელებს.
ახლადშექმნილი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp კიევის ჟულიანის აეროპორტშია ბაზირებული და ფრენებს ამ დროისათვის 12 მიმართულებით ახორციელებს.
საქართველოში უკრაინის მიმართულებით ფრენების ტარიფები ხშირი განხილვის საგანია. როგორც „ტავ ჯორჯია“ ამბობს, “SkyUp” მგზავრებს ლოიალურ ფასად მოემსახურება.

2019 წლის თებერვლიდან კი ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია IndiGo გეგმავს.
დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.
IndiGo-სა და "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს.
საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ტავ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა.

ავიაკომანია ინდიგო 2006 წელს დაფუძნდა. ინდიგოს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.