top of page

გერმანიის საახალწლო ბაზრობები თქვენს განკარგულებაშია!

ახალი წლის სამზადისამდე ცოტა დრო რჩება. წითელი ფერები, ელფები, სანტა კლაუსები თუ თოვლის პაპები უკვე გამოჩნდნენ მაღაზიის დახლებში, ზოგიერთებმა Merry Christmas -ის მოსმენაც მოვასწარით და ახლა საახალწლო ბაზრობებს, კარნავალებს, ღონისძიებებს ვათვალიერებთ - მოკლედ, ჯერ არ აღებული ხელფასების და ანაბრებიდან ნაადრევად გამოტანილი დანაზოგების ხარჯვას ვგეგმავთ.

გერმანიაში საშობაო განწყობის დადგომაზე ისე არაფერი მეტყველებს როგორც მომხიბლავი, განსხვავებული, ფერადი და დიდი ტრადიციების მქონე საახალწლო ბაზრობები, რომლებიც მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სახით გვხვდება და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად უამრა ტურისტს იზიდავენ.

ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული ხელნაკეთი ნივთებიდან ტკბილეულითა და გლიტვეინით სავსე დახლებამდე ყველაფერს იპოვით.

დრეზდენი

გარდა ისტორიული წარსულისა, რომელიც თითქმის 600 წლის წინ იწყება, დრეზდენის ბაზრობა ცნობილია როგორც Striezelmarkt - უძველესი და ერთ - ერთი საუკეთესო გერმანიაში.

იგი ყოველწლიურად ნოემბრის ბოლოს, ქალაქის ძველ, ბაროკოს სტილის უბანში ეწყობა და ადვილად საცნობია საშობაო პერიოდში გამართული StollenFest, PyramidFest, უზარმაზარი საშობაო კარუსელითა და საშობაო მაკნატუნათი. მოციმციმე ნათურები კი საქსონიის მრავალფეროვან კულინარიულ შედევრებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს და ტურისტებს უდიდეს კულტურულ, ისტორიულ და საშობა შთაბეჭდილებებს სჩუქნის.

რაც შეეხება საჩუქრებს, არ იდარდოთ, ბაზრობა 230 - ზე მეტი ჯიხურითაა აღჭურვილი, რომელიც სავსეა საშობაო ხელნაკეთი აქსესუარებით, ჭურჭლით, სანთლებით, ხელნაკეთი სათამაშოებით, ხის ორნამენტებით და სხვა ადგილობრივი კულტურული ავთენტობის ნივთებით. წელს დრეზდენის საშობაო ბაზრობა სტარტს 28 ნოემბრიდან იღებს და 24 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

ანაბერგ ბუხჰოლცი

თუ მშვიდ გარემოში, ყველაფრისგან მოშორებით გსურთ მისტიურ და თვითმყოფად გარემოში გაიზიაროთ ახალი წლის შეგრძნებები - ანაბერგ ბუხჰოლცი მომხიბლავი და ლამაზად გაფორმებული ძველი ქალაქი ორეს კლდოვან მთებში შესანიშნავია პატარა, უფრო ინტიმური საშობაო ზღაპრის მსურველთათვის.

ბაზრობა იწყება ტრადიციულ, საშობაო PyramidFest - თან ერთად 30 ნოემბერს და 23 დეკემბერს, Grand Mountain Parade ღონისძიებით სრულდება. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა საშოაბაო აქსესუარი და თან ადგილობრივი კერძები დააგემოვნოთ. არ გამოგრჩეთ კარტოფილის ბლინები და ცხელი ღვინო.

დიუსელდორფი

დიუსელდორფი წელს საშობაო ბაზრობასთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა თემატიკის სანახაობებს გვპირდება და ამით ბაზრობას უფრო მრავალფეროვანსა და განსაკუთრებულს ხდის.

თითოეულ მისამართზე განსხვავებული სანახაობა დაგხვდებათ. დაწყებული ტრადიციული, სასიამოვნო თემატიკიდან სკანდინავიური სტილით შთაგონებული ბაზრობები თავიანთთვის დამახასიათებელ საახალწლო ჩვეულებებსა და ტრადიციებს წარმოგიდგენენ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში გადასვლისას დროსა და ისტორიაში, სხვადასხვა პერიოდის ხალხის კულტურის ნაწილებში იმოგზაურებთ.

კრისტალებში არეკლილი განათებები, შობის სცენა ადგილობრივი წარმოდგენებით, ნოსტალგიის მატარებებლი სხვადასხვა ადგილობრივი აქსესუარები - საშობაო საჩუქრებთან ერთად თან მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დახუნძლულები წამოხვალთ.

დიუსელდორფმა ბაზრობა 22 ნოემბერს გახსნა და 30 დეკემბრამდე გიმასპინძლებთ.

და რა თქმა უნდა, ფრანკფურტი!

ფრანკფურტი ჩვენთვის, ქართველებისთვის, პირველ რიგში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ასოცირდება, რომელზეც წელს ღირსეული და საპატიო წარმომადგენლები ვიყავით.

ეს მშვენიერი ქალაქი, ისტორიითა და კულტურით გაჟღენთილი, არც საახალწლოდ გვტოვებს გულგრილებს.

მე-14 საუკუნით დათარიღებული ფრანკფურტის ბაზრობა გერმანიაში ერთ-ერთი უძველესია. აქ ძველი ქალაქის ტრადიციები და სტილი ქმნის მთავარ დღესასწაულს. ქალაქის ძველი უბანი, რუმებერგი გარშემორტყმულია ტრადიციული, აქა - იქ ხისგან ნაგები სახლებისგან, რომელთა საახალწლო მორთულობა ერთდორულად სადა, გერმანული სიზუსტით შემოფრქვეული და ამავდროულად, თავბრუდამხვევად ზღაპრულია.

არ დაგავიწყდეთ, ფრანკფურტი ადგილობრივი ნუგბარითა და ღვინით ცნობილი ქალაქია გერმანიაში. საახალწლო აქსესუალებით, ხის სათამაშოებით, ხელნაკეთი ნივთებით და სხვა ლამაზი ნივთებით სავსე დახლებს შორის მოსეირნეებმა აუცილებლად დააგემოვნეთ ვაშლის ცხელი ღვინო, ქლიავის ჩირი და ბეშმანჩენი (ტრადიციული მარციპანი და ნუშის ნამცხვარი).

მეორეს მხრივ, 200-ზე მეტი ხელნაკეთი ნივთებით სავსე, მორთული დახლები გერმანიის ისტორიასა და კულტურას ისე ასახავენ თავიანთ ნამუშევრებში. ტურისტებიც მხიარულად ულოცავენ მასპინძლებს შობა-ახალ წელს და კომერციულად გაწბილებულებსაც არ ტოვებენ.

ფრანკფურტი საახალწლო ბაზრობებით 26 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით გვმასპინძლობენ.

ასე რომ, ხელდამშვენებულები, ჯიბედაცარიელებულები და კმაყოფილები დაგვიბრუნდებით. ახალი შენაძენები, ბედნიერი მოგონებები, ფერადი, საახალწლო შთაბეჭდილებები კი ახალ 2019 წელთან ბედნიერად მიგაცილებთ და დამდეგ წელს ბევრი საინტერესო ამბის მოლოდინს ჩაგისახავთ.

Please reload

bottom of page