კანადის საემიგრაციო სისტემის მოთხოვნები და პროცედურები
კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1 080 000 ემიგრანტის დაშვება განიხილება.
კანადაში მუდმივი ბინადრობის მსურველებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. 2019 წლის განმავლობაში 330 000 ადამიანს შეუშვებენ ქვეყანაში, 2020 წელს 340 000-ს , ეს რიცხვი 2021 წლისთვის 370 000-მდე გაიზრდება.

რატომ შეცვალა კანადამ საემიგრაციო პოლიტიკა?
კანადის მოსახლეობის, პოლიტიკოსების და ბიზნეს ლიდერების აზრი ორად იყოფა იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია კანადის საემიგრაციო პოლიტიკა.
პროგრამის მხარდამჭერები კანადაში ემიგრანტთა დასაქმებას ეკონომიკური აღმავლობის მთავარ ფაქტორად ასახელებენ. მათი თქმით, დღეს კომპანიებს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალისტების დაქირავების წინაღობა უნდა შეუმცირდეთ, რომელიც, პირველ რიგში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანადაში მუშაობისა და ცხოვრების უფლების მიღების გამარტივებას მოითხოვს.
აპლიკაცია
სანამ თითოეული პროგრამის განხილვას შეუდგებით, პირველ რიგში, ვებგვერდზე განაცხადის შექმნაა საჭირო. ამ პროცედურის გავლისას თქვენ ქმნით საკუთარ ანგარიშს და განაცხადის სტატუსს.
გაითვალისწინეთ შესაძლოა, თქვენი აპლიკაციის მიმზიდველობისთვის რაიმე ინფორმაცია არ მიუთითოთ ან შელამაზებული ფორმით შეიტანოთ, თუმცა, ვიზის მიღების პროცესის მსვლელობისას ეს ყველაფერი გადამოწმდება და არასწორი ინფორმაცია კანადის ვიზის დათმობის მიზეზი გახდება.
სააპლიკაციო ფორმა მარტივი კითხვებისგან შედგება და ისეთ ინფორმაციას აგროვებს, როგორიცაა:
პირადი მონაცემები თქვენ შესახებ
ენობრივი უნარ-ჩვევები - მოგეთხოვებათ ინგლისურის ან ფრანგულის ცოდნა - გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლისას საემიგრაციო პროგრამა მოგთხოვთ IELTS გამოცდის მინიმუმ 6.5 ქულით ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
დაგროვილი გამოცდილება კარიერასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში - სამუშაო გამოცდილება, კონფერენციები თუ სხვა მოხალისეობრივი აქტივობები;
ამჟამად თუ გაქვთ სამსახურეობრივი შემოთავაზება რომელიმე პოზიციაზე კანადაში;
ზოგადი ფინანსური მდგომარეობა;
კანადაში ნათესაური კავშირების შესახებ;
ოჯახის წევრების - შვილების შესახებ (თუ გყავთ);
აპლიკაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში თქვენ იგებთ რამდენად კვალიფიციური ხართ იმისთვის, რომ ემიგრანტის სტატუსი მოიპოვოთ.
აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ვებმისამართებზე: www.canada.ca .
www.canada.ca ვებგვერდის პროფილი კანადაში ცხოვრების უფლების მოპოვების შემდეგაც გჭირდებათ.
თქვენი პროფილის მეშვეობით უნდა მოიძიოთ სხვადასხვა საჭირო ფორმები, შეამოწმოთ გადასახადები, სამედიცინო დაზღვევის თუ პოლიციის დეპარტამენტში გადასახდელი ქვითრები, კანადის საემიგრაციო სამსახურის ოფისის მისამართები და სხვა.
ასევე, არ დაგავიწყდეთ თუ საიტზე რეგისტრაციის შემდეგ საცხოვრებელ მისამართს შეიცვლით ეს ცვლილება თქვენს პროფილზეც აუცილებლად უნდა ასახოთ.
პროგრამები და მოთხოვნადი პროფესიები
კანადაში ემიგრაციისთვის რამდენიმე ტიპის პროგრამა არსებობს, მათგან ყველაზე მოთხოვნადია Express Entry, რომელიც საემიგრაციო პროცესების მენეჯმენტს უზრუნველყოფს. მას შემდეგ რაც აპლიკაცია შეავსეთ თქვენ მაღალკონკურენტულ ჯგუფში აღმოჩნდით - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველწლიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმოადგენენ თავიანთ აპლიკაციებს და მათგან გასაუბრებაზე მხოლოდ ისინი მიდიან, რომლებმაც შეძლეს და დამსაქმებლების მოთხოვნები დააკმაყოფილეს, ამასთან მოერგნენ კანადის სახელმწიფოს მოთხოვნებს.
რეგისტრაციის გავლამდე კარგად შეისწავლეთ საემიგრაციო პროგრამები, რომლებიც სხვადსხვა ტიპის პოტენციური კადრებისთვის არის განკუთვნილი. ეს თქვენი უნარ-ჩვევების მიხედვით სწორი პროგრამის შერჩევას გაგიადვილებთ და ამით ვიზის აღების შანსებს გაზრდით.
მაგალითისთვის, შეიძლება თქვენი კანდიდატურა Caregivers პროგრამაში წარმოადგინოთ, რომელიც ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლას გულისხმობს. ამასთან ერთად, შეიძლება თქვენი აპლიკაცია შემდეგ კატეგორიებს Start-up visa, Family sponsorship -ს, Self-employed - ს უკეთესად მიესადაგებოდეს. ზოგიერთი აპლიკანტისთვის შესაძლოა Immigrant Investor პროგრამაც იყოს სასურველი, რომელიც კანადის ეკონომიკაში ინვესტიციის განხორციელებას და ამ გზით ცხოვრების უფლების მოპოვებას გულისხმობს.

რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, რომლებზეც ემიგრანტების დასაქმება ხდება, შემდეგია:
მომვლელი;
ძიძა;
დურგალი;
დამხმარე ფერმაში;
რესტორნის პერსონალი - მიმტანი; მზარეული; ბარმენი;
სამზარეულოს პერსონალი;
მზარეული და შეფმზარეული;
წყალსადენის ხელოსანი;
გადაზიდვის სამსახურის მძღოლი;
მსუბუქი სამუშაო ტექნიკის,მაგალითად, ტრაქტორის მძღოლი
ამ სიას - ექთნები, ინჟინრები, ინჟინერ მექანიკოსები, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერები, კომპიუტერული სისტემების მენეჯერები, საბანკო და საკრედიტო მენეჯერები და ფარმაცევტებიც ემატებიან.