აშშ-ს ვიზასთან დაკავშირებული პროცედურები და რჩევები კონსულთან გასაუბრებისთვის




ამერიკის ვიზის აღებისთვის გასავლელი პროცედურა ბევრი ინფორმაციისა და დეტალის ცოდნას მოითხოვს. არის პროცედურები რომლებიც საელჩოში გასაუბრებამდე უნდა გაიაროთ და დოკუმენტაცია, რომელიც ხელთ უნდა გქონდეთ.


პირველ რიგში, ვიზის კატეგორია უნდა განსაზღვროთ



უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ უნდა მიიღოს არასაიმიგრაციო ვიზა - დროებით საცხოვრებლად ან საიმიგრაციო ვიზა - მუდმივად საცხოვრებლად.

ამ ბლოგში არასაიმიგრაციო ვიზის მიღებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.


არასაიმიგრაციო ვიზებს იყენებენ ტურისტები, საქმიანი პირები, სტუდენტები ან სპეციალობით მომუშავეები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული დროის განმავლობაში, კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად სურთ დარჩენა.


მნიშვნელოვანია საკონსულოს ოფიცერი გამგზავრების მიზნის სისწორეში დაარწმუნოთ. მაგალითად, გასაუბრებამდე კარგად ჩამოყალიბდით გამგზავრების მიზანში, ასე ბევრად თავდაჯერებული იქნებით და ოფიცერთან საუბარიც გაგიადვილდებათ. გახსოვდეთ, თავდაჯერებულობა და მშვიდი საუბარი თქვენს კანდიდატურას ვიზისს გაცემასთან საგრძნობლად აახლოებს.



გავრცელებული არასაემიგრაციო ვიზები:

  • საქმიანი/ტურისტული ვიზა

  • სტუდენტური ვიზა

  • გაცვლითი ვიზიტორის ვიზა

  • ტრანზიტული/გემის ეკიპაჟის ვიზა

  • რელიგიური პირების ვიზა

  • შინა მოსამსახურის ვიზა

  • ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზა


სავიზო მოსაკრებელი



ვიზის კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ სავიზო მოსაკრებლის გადახდაა საჭირო. ამ მოსაკრებელს MRV - საც, ელექტრონულად წაკითხვად ვიზის მოსაკრებელსაც უწოდებენ. მისი გადახდა ყველა კატეგორიის აპლიკანტისთვის სავალდებულოა, მათ შორის, ბავშვებისთვის და არ ექვემდებარება ანაზღაურებასა თუ უკან დაბრუნებას.


მოსაკრებლის თანხის გადახდა საქართველოს ბანკის ფილიალებში ხორციელდება.


გასაუბრებაზე ჩაწერა მოსაკრებლის გადახდიდან ხუთი საათის შემდეგ შეგიძლიათ.


გადახდის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ქვითარზე მითითებულ დროს, რადგან ვადის გასვლის შემდეგ გასაუბრებას ვეღარ დანიშნავთ და ქვითრის კოდს, მის გარეშე გასაუბრებაზე ვერ შეხვალთ.



DS-160 ფორმა



ფორმა DS-160 შევსება და გაგზავნა ონლაინ რეჟიმში, საელჩოში გასაუბრებამდე უნდა მოხდეს. გასაუბრების დღის დასანიშნად დაგჭირდებათ ფორმა DS-160-ის მიღების დასტურის ფურცელზე მოცემული შტრიხკოდის ნომერი. ფორმა DS-160-ის წარდგენა უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში. საელჩო არ მიიღებს ხელნაწერ ან ნაბეჭდ განაცხადს და არ დაიშვებით გასაუბრებაზე ფორმა DS-160-ის მიღების დასტურის ფურცლის გარეშე.


DS-160 განაცხადი ონლაინ რეჟიმში, საელჩოში გასაუბრების დანიშვნამდე უნდა შეიტანოთ.

გაითვალისწინეთ:

  • DS-160 პროცესის ფარგლებში, დაგჭირდებათ ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ფოტოსურათის ატვირთვა.

  • ახალი DS-160​ - არასაიმიგრაციო ვიზის სააპლიკაციო ფორმა და მისი შესაბამისი შტრიხკოდი წარმოდგენილი უნდა იქნეს ყოველი აპლიკანტის მიერ. DS-160 და მისი შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც უკვე წარმოდგენილ იქნა წინა გასაუბრებაზე ან ადრე ჩაბარებულ დოკუმენტებში, არ მიიღება და გამოიწვევს ვიზის აპლიკაციის პროცესის შეფერხება.




ინფორმაციის განხილვა და გასაუბრების დანიშვნა



თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაციის განხილვას აშშ-ს საკონსულო, ხშირ შემთხვევაში, სამ სამუშაო დღეში ასრულებს.


თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ გასაუბრებაზე განაცხადი სამოგზაუროდ გათვლილ თარიღამდე სამი თვით ადრე დაგეგმოთ.


როდესაც გასაუბრებაზე დაგიბარებენ, გაითვალისწინეთ, რომ თან არ იქონიოთ შემდეგი ნივთები:

  • ელემენტზე მომუშავე ან ელექტრონული მოწყობილობები, მაგალითად, მობილური ტელეფონი, ციფრული დღიური, ციფრული საათი, პეიჯერი, კამერა, აუდიო/ვიდეო კასეტები, კომპაქტური დისკები, MP3, ფლოპი დისკები, ლეპტოპი ან მუსიკის გადასატანი დამკვრელი

  • დიდი მხარზე გადასაკიდი ჩანთები - დაშვებულია მხოლოდ ჩანთები, რომელთა ტარება ხელით შეიძლება

  • ისეთი ჩანთები, როგორიცაა სამოგზაურო ჩანთა, ზურგჩანთა, პორტფელი, ჩემოდანი, ტყავის, ნაჭრის ჩანთა და საქაღალდე - შეგიძლიათ შეიტანოთ მხოლოდ პლასტიკური ჩანთა განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტებით

  • საკვები პროდუქტები

  • წამლები (გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში)

  • პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმი

  • დალუქული კონვერტები ან პაკეტები

  • სიგარეტები, სიგარები, ასანთის კოლოფები, სანთებელები

  • ბასრი საგნები, მაგალითად, მაკრატელი, ჯიბის დანა ან ფრჩხილების ქლიბი

  • ნებისმიერი სახის იარაღი ან ასაფეთქებელი ნივთიერება


დოკუმენტაცია, რომელიც გასაუბრებისას სასურველია თან იქონიოთ:


  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს

  • თქვენი სავიზო განაცხადის (MRV) მოსაკრებლის გადახდის ქვითარი

  • თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი

  • თქვენი ელ. ფოსტის მისამართი


აშშ-ს საკონსულოს პრიორიტეტი: უსაფრთხოება და ფინანსური მდგრადობა


ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, ამერიკასაც აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ს საზღვრის გადაკვეთის უფლებას ანიჭებს.


პირველი, ეს უსაფრთხოებაა - საელჩომ თქვენი პიროვნება ამერიკისთვის უსაფრთხოდ უნდა მიიჩნიოს. ამაზე თქვენი კრიმინალური წარსული (თუ გაქვთ ასეთი) და სხვა სამოქალაქო დარღვევები შეუქმნიან შთაბეჭდილებას. თუ კანონმორჩილი მოქალაქე ხართ, არ გაქვთ სამართლებრივი დარღვევები როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, აშშ-ს კონსული უსაფრთხოების კრიტერიუმში დადებითად შეგაფასებთ.


მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი ფინანსური მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ხართ მყარი და სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გქონდეთ. ამით მნიშვნელოვნად ამყარებთ თქვენი მოგზაურობის მიზანს, რომელიც თქვენს სტატუსთან ლოგიკურ თანხვედრაში უნდა იყოს. ამასთან, უნდა ადასტურებდეთ, რომ მოგზაურობის ფინანსურად უზრუნველყოფა შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში თქვენი პიროვნება კონსულისთვის უსაფრთხო და სანდო კანდიდატურა იქნება, ეს ფაქტი კი ვიზის გაცემის გადაწყვეტილებაზე დადებით ეფექტს მოახდენს.


და ბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავარი რჩევა, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ არის ის, რომ გასაუბრებაზე დამშვიდებული მიბრძანდეთ, კარგად ჩამოყალიბებული სამოგზაურო მიზნით, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან თანხვედრაში იქნება და კონსულთან გასაუბრება მშვიდად, ზედმეტი ემოციებისა და აღელვების გარეშე წარმართეთ. თავდაჯერებულობა ვიზის მისაღებად თქვენი პირველი სწორი ნაბიჯი იქნება.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია