როდის გვირტყამენ დეპორტს?

11 Mar 2019

 

 

დეპორტაცია - საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მოგზაურს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მიენიჭოს. არის შემთხვევები, როდესაც მესაზღვრის ეს გადაწყვეტილება მოგზაურისთვის სავსებით გასაგებია, თუმცა, თუ როგორ არ აღმოჩნდეს წითელი ბეჭედი ჩვენი პასპორტის ფურცელზე - რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვრის კვეთისას და უცხო ქვეყანაში ყოფნისას?!

 

ამ ბლოგში „ვიზაჯორჯია“ განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეიძლება დეპორტაციის მიზეზი გახდეს.

 

დასაწყისში აღვნიშნავთ, რომ დეპორტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას, უმეტეს შემთხვევაში, მესაზღვრე იღებს და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულიად დამოუკიდებელია.

 

სამართალდარღვევა - ცალსახად დეპორტაცია

 

პირველი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომლის გამოც მესაზღვრე საზღვრის გადაკვეთაზე უარს გეტყვით ან სამშობლოში დაბრუნებისას დეპორტს ჩაგირტყამთ რაიმე სახის სამართალდარღვევა, თუნდაც, საზღვარგარეთ ორჯერ მაინც დაფიქსირებული ქურდობის ფაქტია. შესაძლოა, მესაზღვრემ თქვენ შესახებ მონაცემები არ გადაამოწმოს და ქვეყანაში უპრობლემოდ დაბრუნდეთ, თუმცა, ამის შანსები ნაკლებია.

 

რა ხდება თუ საზღვარგარეთ დაგაჯარიმეს?

 

საზღვარგარეთ დაჯარიმების შემთხვევაში მოვლენები შესაძლოა ორი მიმართულებით განვითარდეს. პირველ შემთხვევაში, თუ მესაზღვრე იგებს დაჯარიმების ფაქტის შესახებ, არ გიკეთებთ დეპორტს, მაგრამ სრული უფლება აქვს სამშობლოში დაბრუნებაზე ან სხვა ქვეყანაში გადასვლაზე უარი განგიცხადოთ და ქვეყანაში იმდენ ხანს დაგტოვოთ, სანამ ჯარიმას არ გადაიხდით.

 

მეორე შემთხვევაში, თუ მესაზღვრე არ ამოწმებს თქვენს სამართალდარღვევას, ბრუნდებით სამშობლოში, მაგრამ ჯარიმის ქვითარი თქვენს საცხოვრებელ მისამართზე ჩამოგივათ და მისი დაფარვა მაინც მოგიწევთ.

 

განვიხილოთ ევროკავშირში უვიზო  - 90 დღიანი მიმოსვლის პიროების დარღვევა

 

როგორც ვიცით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 180 დღის პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეგვიძლია. რა ხდება, თუ 90 დღის მაგივრად ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თუნდაც 92 დღეს დაჰყოფთ? ამ შემთხვევაში აუცილებელია მესაზღვრეს თქვენი ვადაგადაცილების არგუმენტის დამადასტურებელი ფაქტი წარუდგინოთ - სამედიცინო მოწმობა, ფოტო ავტოავარიის ადგილიდან, თქვენი შეყოვნების სხვა მიზეზების შესაბამისი, ოფიციალური ცნობები. შესაძლოა, მესაზღვრისთვის საკმარისი აღმოჩნდეს თქვენ მიერ წარმოდგენილი ფაქტები, მაგრამ იგი ასევე უფლებამოსილია, დაეჭვების შემთხვევაში, გადაამოწმოს მათი რეალურობა და ფაქტის არ დადასტურება დეპორტაციის დაფუძველი გახდება.

 

გაითვალისწინეთ, თუ მაგალითად, იტლიაში 45 დღე დაჰყავით, 55 - ესპანეთში და ბრუნდებით ესპანეთიდან, ამ ქვეყნის მესაზღვრემ შესაძლოა თქვენი იტალიაში ყოფნის პერიოდი გადაამოწმოს და ამ შემთხვევაშიც ამბავი დეპორტაციით დასრულდება. 

 

 

 

და კიდევ...

 

შეგვიძლია თუ არა მესაზღვრის გადაწყვეტილება გავასაჩივროთ? - დიახ, ამის სრული კანონიერი უფლება გაქვთ, თუმცა, ჩვენს პრაქტიკაში ასეთი ფაქტი არ გვახსენდება.

 

საჯარიმო თანხასთან ერთად, დეპორტაციის პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, 5 წელია. შენგენის ზონის ერთი ქვეყნიდან მაინც დეპორტი ავტომატურად გამორიცხავს ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების საზღვრის კვეთასაც. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი შენგენის წევრი ქვეყანა არ არის, ამ უკანასკნელიდან დეპორტაცია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში შესვლის უფლების დაკარგვასაც გულისხმობს.

 

რჩევა ვიზაჯორჯიასგან:

 

როდესაც თქვენს დეპორტს ვადა გაუვა შეგიძლიათ პასპორტი არ გამოცვალოთ, ამის ვალდებულება არ არსებობს, რადგან დეპორტაციის პერიოდის გასვლისთანავე მონაცემთა ბაზაში ავტომატურად იშლება ინფორმაცია თქვენი დეპორტის შესახებ, თუმცა ჩვენი გუნდი გირჩევთ პასპორტის გამოცვლას, რათა თქვენი ისტორიის გამო მესაზღვრემ დაგეგმილზე დიდხანს არ გაგაჩეროთ და ბევრი კითხვებით დისკომფორტი არ შეგიქმნათ.

 

Please reload

Please reload