ერთი კვირა ევროპაში (ნაწ. 1)

6 Jul 2019

 გამარჯობა მკითხველო! ზაფხული დაიწყო და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევის დროც მოვიდა... შვებულება წლის ის ბედნიერი დღეებია როცა ვალდებულებებისგან ცოტახნით თავისუფლდებით და თქვენს სხეულს დასვენების საშუალებას აძლევთ. თუმცა, დასვენება ყველასთვის სოფელთან ან ზღვასთან არ ასოცირდება. ზოგისთვის მოგზაურობა, თავგადასავლები და ჯერ უნახავი ქალაქების დათვალიერება ენერგიის აღდგენის მთავარი საშუალებაა. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, მაგრამ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად და როგორ გაატარებთ თავისუფალ დღეებს, მინდა გამცნოთ რომ ჩვენ, ვიზაჯორჯიამ თქვენთვის სპეციალური მარშრუტი შევარჩიეთ და ბლოგის წაკითხვის შემდეგ, დაინტერესების შემთხვევაში ტურის დეტალურად დაგეგმვაშიც დაგეხმარებით! ახლა კი მოდი დავიწყოთ ჩვენი ერთ კვირიანი მოგზაურობა ევროპაში:

 

ბერლინი (დღე 1-3)

გერმანიის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი. სამოგზაუროდ. აქ მრავლად შეხვდებით მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს და გალერეებს. ასე რომ ხელოვნების მოყვარულები შეემზადეთ, წინ დიდი გზაა, ხოლო თუ ღამის ცხოვრებაც გიზიდავთ არჩევანს შეგიქებთ და თქვენის ნებართვით წინ გაგიძღვებით.

 

1988 წლის შემდეგ ბერლინი 12 ოლქად იქნა დაყოფილი, თუმცა განსხვავებით სხვა ქალაქებისა, მისი თითქმის ყველა ნაწილი ერთნაერადაა განვითარებული. მიტე - მდინარე „შპრეე“-ს მიერ ორ ნაწილად გაყოფილი რაიონი, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალაქის აღმშენებლობას ჩაედო საფუძველი.

 

ტრანსპორტი

ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო არ არის, თუმცა წინდახედულობის შემთხვევაში მარტივად შეძლებთ ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილებას. „Single-Tageskarte“ – 7 ევროიანი სამგზავრო ბილეთი, რომლითაც მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობას. ასევე არსებობს 2 საათიანი Einzelfahrausweis (3 ევრო), ერთ კვირიანი 7-Tage-Karte (30 ევრო) და ერთ თვიანი Monatskarte Standard (73 ევრო) ბილეთები.

 

ყველაზე კარგი ვარიანტი ტურისტული ავტობუსის ბილეთის ყიდვაა, მისი მეშვეობით 25 ევროდ შეძლებთ ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულებას და თანაც ავტობუსიდან ჩამოსვლაში და დღის განმავლობაში სხვა ტურისტულ ნაკადთან შერევაში შეზღუდულები არ ხართ.

 

ბონუსი

თუმცა, ჩვენ ხომ ყველაზე იაფი გზების მაძიებლები ვართ, ასე რომ...

Berlin WelcomeCard – 50%-იანი ფასდაკლება ბერლინისა და პოტსდამის ყველანაირი ტრანსპორტის, მუზეუმის, გალერეის და თეატრის ბილეთზე 48 საათის განმავლობაში - 22 ევროდ (72 საათი - 30 ევრო). 

 

მთავარი ღირსშესანიშნაობები

▶ ვის წარმოუდგენია ბერლინი რეიხსტაგის შენობის გარეშე? ბერლინის ეს ისტორიული შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის და დამთვარიელებლის გაოცებას დღესაც აგრძელებს.

 

▶ აუცილებლად სანახავია მსოფლიოში ბერლინის და არამარტო ბერლინის, მთელი გერმანიის სიმბოლო ბრანდენბურგის კარიბჭე. კარიბჭე ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ შეუკვეთა, როგორც მშვიდობის სიმბოლო და 1788-1791 წლებში აიგო. 

 

▶ ბერლინში ჩახვიდეთ და კედელი არ ნახოთ? გამორიცხულია, ხოლო თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ, მოვაჭრეებისაგან ადვილად იშოვით კედლის ნარჩენებს და სუვენირად წამოიყოლებთ.

 

▶ აღსანიშნავია 1900 წელს აგებული ვილჰელმ კაიზერის ხსოვნის ტაძარი. უფრო სწორად მისი შემორჩენილი ნაწილი. რესტავრირება გამიზნულად არ გაუკეთდა, მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახსენებლად.

 

▶ ნუ, შეიძლება თბილისის ანძას ვერ შეედრება, თუმცა სანახავად ნამდვილად ღირს - ბერლინის სატელევიზიო ანძა. 1969 წელს, ჩვენი ანძის აგებიდან 10 წლის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა გერმანიის პირველი და ევროპის მესამე შენობა, სიმაღლის მიხედვით. მზის სხივების არეკვლის მომენტში, შენობის ზედა ნაწილზე ჯვარი ისახება - შენობის ამ ნაწილს გერმანელებმა „პაპის შურისძიება“ უწოდეს.

 

ბერლინის მთავარი საკათედრო ტაძარი - მუზეუმების კუნძულზე მდებარე (ამ ადგილს ბოლოს განვიხილავთ) ეს არქიტექტურული შედევრი 1454 წელს იქნა აგებული და საკმაოდ დიდი ისტორიის მატარებელია.

 

მუზეუმების კუნძული

გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე - მუზეუმების კუნძული, რომელიც აერთიანებს 5 უმნიშვნელოვანეს მუზეუმს, რომელიც ხელოვნების მოყვარულთ ნამდვილად გააკვირვებს:

 

პერგამონის მუზეუმი - მასში მოთავსებულია პირვანდელი სახისა და ზომის რეკონსტრუირებული მონუმენტური შენობები, როგორიციაა პერგამონის საკურთხეველი, მილეტის ბაზრის კარიბჭე, იშთარის კარიბჭე. ყველა მათგანი შედგება ფილებისგან, რომლებიც თავდაპირველი გათხრების ადგილებიდან გადმოიტანეს.

 

ბოდეს მუზეუმი - სამხატვრო მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ ქანდაკებებს, ბიზანტიურ ხელოვნებას და სამონეტო კაბინეტს.

 

ახალი მუზეუმი - სახელის მიუხედავად შენობა საკმაოდ ძველია. ის 1843-55 წლებში აიგო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მასში მოთავსებულია ეგვიპტური, წინა და ადრე ისტორიული ექსპონანტები. აქ გამოფენილ უძვირფასეს ნივთთა შორისაა ეგვიპტის დედოფლის, ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი.

 

ძველი ნაციონალური გალერეა - ეს მუზეუმი აერთიანებს ნეოკლასიცისზმის, რომანტიზმის, ბიდერმაიერის, იმპრესიონიზმის და მოდერნიზმის უმთავრეს მხატვრულ ნამუშევრებს.

 

ძველი მუზეუმი - პრუსიის სამეფო ოჯახის ხელოვნების ნიმუშთა სამკვიდრებელი. შენობასთან მიახლოებისას ძველ ბერძნულ სვეტებს დაინახავთ. საქმე იმაშია, რომ შენობაში არქიტექტორმა მოდელად გამოიყენა ათენის პართენონის კოლონების კლასიკური წყობა.

 

გგონიათ აქ დასრულდა ჩვენი დიდი გასეირნება? არა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სანახავი.