სწავლა კანადაში

თუ ხარ სტუდენტი და სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავ, ან ახლა დაამთავრე სკოლა და ჯერ არ გადაგიწყვეტია სად ჩააბარო მინდა გითხრა, რომ ამ ბლოგში შენ გაეცნობი კანადის განათლების სისტემის მთავარ უპირატესობებს და ასევე მიიღებ საჭირო რჩევებს სწავლის იქ გასაგრძელებლად.
რატომ კანადა?
◉ მსოფლიოში უმაღლესი განათლების მხრივ მე-6 ადგილზეა.
◉ განათლებაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 5,4%-ს ხარჯავს.
◉ მაღალი დონის ცხოვრების კუთხით მე-3 ადგილს იკავებს.
ავსტრალიური ორგანიზაცია U21, ყოველწლიურად აქვეყნებს კველევებს უმაღლესი განათლების სისტემების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებულ მონაცემებს ერთმანეთს ადარებს და საბოლოოდ აქვეყნებს რეიტინგს დასკვნის სახით. 2019 წლის მონაცემებით კანადა მე-6 ადგილზეა უმაღლესი განათლების მხრივ, ხოლო პირველზე კვალიფიციური კადრების სიმრავლით.
გაეროს მონაცემებით კანადა, მაღალი დონის ცხოვრების კუთხით, მსოფლიო სამეულში შედის. გარდა ამისა, კანადაში სწავლა ხშირად თითქმის 2-3 ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ა.შ.შ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
კანადა, მსურველებს სთავაზობს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მდიდარ არჩევანს. კანადის უნივერსიტეტების დიპლომები ექვივალენტურია ა.შ.შ.- ს და ევროპის ქვეყნების დიპლომებთან.
უნივერსიტეტებში გთავაზობენ სწავლების კურსის ფართო სპექტრს, რომელიც ითვალისწინებს ყველა დონის სამეცნიერო ხარისხს (ბაკალავრიდან - დოქტორამდე), აგრეთვე პროფესიული განათლების სერტიფიკატსა და დიპლომს.
სწავლება და საფასური
კანადაში ორი მთავარი ოფიციალური ენაა - ინგლისური და ფრანგული. შესაბამისად სწავლებაც ორივე ენაზეა შესაძლებელი. კანადის განათლების სისტემა ბრიტანულის მიხედვითაა აგებული.
10 საგნის აღების შემთხვევაში მოგიწევთ $12 000 - დან $30 000 - მდე კანადური დოლარის გადახდა, თუმცა ფასი უფრო მეტად უნივერსიტეტზე და ფაკულტეტზეა დამოკიდებული.
არსებობს მეორე გამოსავალიც, სტიპენდიები და გრანტები, რომელთა რიცხვს კანადის უნივერსიტეტები არ უჩივიან. სტიპენდიები გამოიყოფა საკონკურსო საწყისებზე, უშუალოდ დაწესებულების მიერ.
ასევე სწავლის პერიოდში შეგიძლიათ კამპუსის ტერეტორიაზე მუშაობა, რასაც სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.
◉ ქვეყნის მოსახლეობის 51%-ს კოლეჯი აქვს დამთავრებული
◉ ყოველ მეშვიდე ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება.
◉ კანადაში 10-დან ერთ ადამიანს საშუალო განათლების ატესტატი არ აქვს.
მიღება
სასწავლო წელი, როგორც სხვა უამრავ ქვეყანაში, იწყება სექტემბრის თვეში და სრულდება მაისში. ერთიან საგამოცდო სისტემას ნუ დაელოდებით, ყველა უნივერსიტეტი თვითონვე ადგენს მიღების წესს და დამოუკიდებლად განიხილავს პრეტენდენტებს. უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ საზოგადოებრივ კოლეჯებში და აირჩიონ, სამომავლოდ იქ დაძლევენ 1-დან 3 წლამდე პროგრამას თუ უნივერსიტეტში გააკეთებენ მობილობას.
მოთხოვნები:
◉ ოფიციალური აკადემიური ცნობა (ან ატესტატის დანართი), თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.
◉ უნდა იყოთ 18 წელს ზემოთ.
◉ ინგლისური ან ფრანგული ენის ზედმიწევნით ცოდნა.
◉ სასწავლო ვიზა.
დამატებითი მოთხოვნები მიმღებ დაწესებულებაზეა დამოკიდებული.
შეიძლება დაგჭირდეთ:
◉ სწავლების პროგრამიდან გამომდინარე შეიძლება მოითხოვონ „პორტფოლიო“ (წინანამუშევრების წარდგენა).
◉ გასაუბრება ან ანკეტის შევსება.
◉ ზოგიერთი სასწავლებელი ითხოვს სავალდებულო მოსამზადებელი კურსების გავლას.
◉ საგამოცდო წერილობითი ტესტის ჩაბარება.
უნივერსიტეტები
კალგარის უნივერსიტეტი
კალგარის უნივერსიტეტი მდებარეობს კალგარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ალბერტას პროვინციაში. უნივერსიტეტში დაახლოებით 23 500 სრული და 4 500 არასრული დასწრების სტუდენტი სწავლობს. მას 100-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა გააჩნია. უნივერსიტეტის ყველაზე ცნობილი ფაკულტეტებია - ჰასკეინის ბიზნესის სკოლა, შულიხის საინჟინრო სკოლა, სამედიცინო სკოლა, იურიდიული სკოლა და 2007 წლიდან უდიდესი სავეტერინარო სკოლაც.
მაკგალის უნივერსიტეტი
მაკგილის უნივერსიტეტი წარმოადგენს უძველეს უნივერსიტეტს მონრეალში. იგი დააარსა ჯეიმზ მაკგილმა, შოტლანდიელმა ქურქით მოვაჭრემ 1821 წელს. ამჯერად მაკგილი აღიარებულია კანადის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტად კვლევების დარგში. 2003 წელს, ჰეტერ მონრო–ბლუმი გახდა უნივერსიტეტის მე–16 რექტორი. მის პერიოდში გამყარდა უნივერსიტეტის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში განათლების, კვლევებისა და მომსახურების სფეროში.
ტორონტოს უნივერსიტეტი
თავდაპირველად იგი კონტროლდებოდა ინგლისის ეკლესიის მიერ. უნივერსიტეტმა 1850 წელს მიიღო სახელი, რომელსაც დღესაც ატარებს. იგი მოიცავს განსხვავებული ხასიათის და ისტორიის მქონე 11 კოლეჯს და თითოეული მათგანი ფინანსურ და ინსტიტუციურ საკითხებზე არსებულ ავტონომიას ფლობს. ტორონტოს უნივერსიტეტს ორი სატელიტური კამპუსი აქვს სკარბორგში და მისისჰაუგაში. 1890 წელს ხანძარმა უნივერსიტეტის კოლეჯის ინტერიერი გაანადგურა და ბიბლიოთეკას ოცდათხუთმეტი ათასი ტომი მოაკლო. საბედნიეროდ, უნივერსიტეტმა აღადგინა შენობა და შეავსო ბიბლიოთეკა, მაგრამ ამას ორი წელი დასჭირდა.2007 წელს ტორონტოს უნივერსიტეტი გახდა პირველი უნივერსიტეტი კანადაში, რომელმაც 1$ მილიარდზე მეტი შეწირულობა მიიღო.
ვიზა
კანადაში სწავლი მსურველებს დაჭირდებათ (შეიძლება დაჭირდეთ):
◉ სტუმრის ვიზა;
◉ სწავლებაზე ნებართვა (ექვს თვემდე სასწავლო პროგრამისათვის სწავლებაზე ნებართვა არ არის საჭირო);
◉ ვიზის მისაღებად საჭიროა სწავლის ღირებულების, სატრანსპორტო ხარჯების, საცხოვრებლად, წელიწადში 10 000 კანადური დოლარის დადასტურება;
◉ სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინება სრული მონაცემებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ან ეწვიოთ შემდეგ ბმულებს:
www.canadainternational.gc.ca
www.cic.gc.ca