top of page

იმოგზაურეთ უსაფრთხოდ

მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი მოგზაურებიც კი უშვებენ შეცდომებს და რთულად სწავლობენ სიფრთხილის ფასს. ვიზაჯორჯია ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებასა და მოგზაურობის სწორად დაგეგმვაზე. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ გაუთვალისწინებელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად.


1. იქონიეთ საკონტაქტო ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებისთვის


ყოველთვის მზად იყავით გადაუდებელი სიტუაციებისთვის. შექმენით გეგმა სტრესულ სიტუაციებში თავის დასაცავად. წინასწარ ჩაიწერეთ საკონტაქტო პირის ან დაწესებულების შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას. საუკეთესო გამოსავალია ასეთი ინფორმაციის პატარა ფურცელზე შენახვა, ტენისგან დაცულ ადგილას, რათა ყოველთვის შეგეძლოთ ადამიანის პოვნა, რომელიც დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში.


2. საგულდაგულოთ შეინახეთ თქვენი ძვირფასეულობა


ზოგადად, ძვირფასი ნივთების მოგზაურობაში წაღება ძალზედ ცუდი იდეაა, თუმცა ყველას აქვს ისეთი ყოველდღიური ნივთი, რომლის დაკარგვაც ტრაგედიასთან ასოცირდება. თქვენი მისიაა, მაქსიმალურად შეამციროთ ქურდობის შანსები. ზურგჩანთები არასდროს გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას. განსაზღვრეთ თქვენი ძვირფასეულობები და ყოველთვის თვალი გეჭიროთ მათზე. თუ წაუძინებთ საზოგადო ადგილას, თქვენი ჩანთები ბალიშად გამოიყენეთ ან მიაბით სკამს/მაგიდას საკეტის საშუალებით.


3. შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა


ვერავინ იაზრებს მის ფასეულობას, საჭიროების გაჩენამდე. თუ თქვენი უსაფრთხოება გაღელვებთ, მაშინ კარგი დაზღვევა ნამდვილად მოგცემთ შვებას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ფრთხილი ხართ. გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ვერასდროს გაექცევით.


პირადი გამოცდილებიდან მოგიყვებით, რომ ჩემს ახალგაცნობილ კანადელ მეგობარს პარიზში ამოაცალეს ახალთახალი მობილური ტელეფონი. ეს ამბავი შევიტყვე, როცა ჰოსტელში შეწუხებული დაბრუნდა. საბედნიეროდ, მოგზაურობამდე სულ რაღაც 10$-ად შეძენილი დაზღვევით მიიღო სრულიად ახალი ტელეფონი სახლში დაბრუნებისთანავე.


4. გაითვალისწინეთ ადგილობრივების რჩევები


უმეტესად ადგილობრივები ძალიან მეგობრულები არიან და ხშირად არიგებენ მოგზაურებს პოტენციური საფრთხის, საშიში უბნებისა და ქურდბაცაცების შესახებ. ნუ დაუჯერებთ ტაქსის მძღოლებს. ინფორმაციის საკითხავად შეგიძლიათ ჰოსტელის ან სასტუმრმოს რეცეფციის თანამშრომლებს ენდოთ. ისინი ყოველთვის მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას ტარიფების, არასასურველი ადგილებისა და საუკეთესო საკვები დაწესებულებების შესახებ.


5. გაუზიარეთ თქვენი სამოგზაურო გეგმა მეგობრებსა და ოჯახს


როდესაც დაგეგმავთ თქვენს მოგზაურობას, დარწმუნდით რომ თქვენ გარდა სხვამაც იცის. ამისთვის საუკეთესო გამოსავალია გეგმის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა თქვენი ოჯახის წევრებთან. ამ გზით ყოველთვის ეცოდინებათ თქვენს ახლობლებს სად და როგორ მოგძებნონ.


6. ნურასდროს გაუმხელთ უცხო პირებს თქვენს სამოგზაურო დეტალებს


თუ უეცრად განიცდით ცდუნებას, რომ თქვენი სამოგზაურო გეგმა სოციალურ ქსელში გააზიაროთ, გახსოვდეთ, რომ ეს ცუდი განზრახვების მქონე ადამიანისთვის შესაძლოა დამხმარე რუკა აღმოჩნდეს. ყოველთვის შეეცადეთ ბუნდოვნად მოიხსენიოთ ადგილი სადაც რჩებით, უცხო პირების დაინტერესების შემთხვევაში. ზრდილობიანად თავის აცილების მიზნით შეგიძლიათ მოიმიზეზოთ, რომ სახელი დაგავიწყდათ.


თუ უცხო პირებს არ ენდობით, არ გაუმხილოთ, რომ პირველად მოგზაურობთ კონკრეტულ ადგილას. ეს შესაძლოა მომავალი თაღლითობისთვის სიგნალი აღმოჩნდეს.


7. იმოგზაურეთ მეგობრებთან ერთად




რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, მით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქურდბაცაცებისთვის თქვენთან საქმის დაჭერა. თუ მარტო მოგზაურობთ, შეიძინეთ მეგობრები გზადაგზა და იმგზავრეთ მათთან ერთად. ამავდროულად იყავით ფრთხილად და თქვენს ძვირფასეულობებს ნუ დაუტოვებთ ახლად გაცნობილ ადამიანებს.


8. ნუ გამოიყენებთ შარვლის უკანა ჯიბეს


მართალია, ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელია, თუმცა მოგზაურობამდე შეეჩვიეთ ალტერნატივებს. შეეცადეთ წინა მხარეს მოაქციოთ თქვენი ყველა ნივთი.


9. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამოსს



სამოსით, როგორც წესი, მარტივად გამოირჩევიან ტურისტები, რაც ზრდის მათი მოტყუების შესაძლებლობებს. შეარჩიეთ ტანსაცმელი, რომელიც არ გამოგარჩევთ ადგილობრივებისგან. სწორად შერჩეული ტანსაცმელი პატივისცემის ნიშანია. ისლამური სამყაროს ქვეყნებს ხშირად აქვთ მკაცრი წესები და კანონები. შესაძლოა უნებურად გააღიზიანოთ ადგილობრივი თქვენი ჩაცმულობის გამო. რაც უფრო ნაკლებად გამოირჩევით ადგილობრივებისგან, მით უფრო ნაკლებ ყურადრღებას დაიმსახურებთ და უსაფრთხოდ ჩაივლის თქვენი მოგზაურობა.


10. იქონიეთ პირველადი დახმარების ყუთი


მოგზაურობა ყოველთვის სტრესულია ორგანიზმისთვის. თქვენი სიფრთხილის მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება. ამიტომ ყოველთვის იქონიეთ თქვენთვის სასურველი ნაკრები, მაგალითად: მზისგან დამცავი, ანტი-ალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი და სადეზინფექციო საშუალებები.


11. დამალეთ ნაღდი ფული საგანგებო სიტუაციებისთვის


ყოველთვის გადადეთ ფული საგანგებო შემთხვევებისთვის და შეინახეთ საგულდაგულო ადგილას. შეგიძლიათ მიაკეროთ შარვალს ან ზურგჩანთას. თანხის ოდენობა თქვენი გადასაწყვეტია.


რისკი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. როდესაც გზას გაუდგებით, ავტომატურად იზრდება თქვენი გაქურდვის ან სხვა არასასურველ სიტუაციებში ჩაგდების რისკი. თუმცა ეს ბუნებრივია და ყველას გამოუცდია, მათ შორის გამოცდილ მოგზაურებს. მედია-საშუალებებით გაშუქებული ამბების მიუხედავად, მსოფლიო უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება ყოველწლიურად. ამიტომ, ნუ შეშინდებით! დაგეგმეთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა ჩვენთან ერთად. ვიზაჯორჯია ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ დამატებითი რჩევები უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად!



Please reload

bottom of page