როგორ მოვიპოვოთ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება

15 Oct 2019

სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გსურთ მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადაგიწყვეტიათ? ეს ალბათ დაკავშირებულია სწავლისა და საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებთან.

 

შესაძლოა არ იცოდეთ, რომ არსებობს უამრავი ფონდი, რომელიც სწავლის დაფინანსებას და სტიპენდიას უზრუნველყოფს. ჩვენ დღეს მოგიმზადეთ გრანტების ჩამონათვალი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ, შეიტანოთ განაცხადი და მოიპოვოთ დაფინანსება.

 

 

 

ერასმუსი - Erasmus Mundus Joint Master Degrees

 

ერასმუსი გთავაზობთ გაერთიანებულ სამაგისტრო პროგრამებს, სწავლისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას 1-2 წლის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამები აერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, განაცხადის შევსებისას ირჩევთ ერთ-ერთს და მათ პორტალზე ავსებთ აპლიკაციის ფორმას. დედლაინები, მოთხოვნები და სააპლიკაციო თავისებურებები უნიკალურია თითოეული პროგრამისთვის. კარგად გაეცანით ბმულზე მოცემულ წლევანდელ პროგრამებს. რომელიმე აუცილებლად მოერგება თქვენს ინტერესებს.

 

ადელაიდას სტიპენდიები - Adelaide Scholarships International

 

ავსტრალიაში მდებარე ადელაიდას უნივერსიტეტი გთავაზობთ სტიპენდიებს, დაზღვევის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურებით. დაფინანსება გრძელდება სრული სასწავლო პროგრამის განმავლობაში. თუ ბაკალავრი წარჩინებით დაასრულეთ, მაშინ გაეცანით პირობებს და დაიწყეთ აპლიკაციის შევსება ბმულზე. 

 

თქვენი აპლიკაცია სტიპენდიებზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს:

  • აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

  • წარმოაჩენთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნას.

  • ფლობთ ავსტრალიის ხარისხის ექვივალენტს შესაბამისი პროგრამისთვის.

ხვალინდელი ლიდერი - International Leader of Tomorrow Award at University of British Columbia

 

კანადაში მდებარე ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებს. აპლიკაციის შესავსებად აუცილებელია წარმოაჩინოთ:

  • საუკეთესო აკადემიური მოსწრება;

  • დაამტკიცოთ ინგლისური ენის ცოდნა;

  • ფლობდეთ ბაკალავრის დიპლომს.

დამატებითი მოთხოვნები განიხილება სპეციფიკური პროგრამის მიხედვით.

 

DAAD

 

გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის DAAD-ის სტიპენდიები არაჩვეულებრივი შანსია სწავლის დასაფინანსებლად საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხუზე. DAAD-ი დაგიფინანსებთ ენის კურსებსა და ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიები მორგებულია სტუდენტების საშუალო ხარჯებზე და უზრუნველყოფს თქვენს წარმატებულ კარიერას გერმანიაში. 

 

DAAD - ის აპლიკაციები საკმაოდ შრომატევადია. აუცილაბლად დაგჭირდებათ:

  • წარმოაჩინოთ აკადემიური მოსწრება;

  • სკოლის უმაღლესი საფეხურის ნიშნები;

  • მოტივაცია;

  • სასურველი უნივერსიტეტებისა და პროგრამების სია;

  • დეტალურად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;

  • 2 სარეკომენდაციო წერილი;

  • დიპლომები ან სერთიფიკატები თქვენი აპლიკაციის გასამყარებლად;

  • ინგლისური ან გერმანული ენის სერთიფიკატი და სხვა.

 

დიდი კედელი - Great Wall Program

 

თუ სწავლის გაგრძელება ჩინეთში გსურთ, აუცილებლად გაეცანით ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამას. სტიპენდიით დაჯილდოვდებიან საერთაშორისო სტუდენტები, რომლებსაც ჩინეთში სურთ კვლევის გაგრძელება. 

 

ფულბრაითი - Fulbright Foreign Student Program

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გასაგრძელებელი სტიპენდიები გთავაზობთ სამაგისტრო საფეხურის დაფინანსებას. სააპლიკაციო თავისებურებები იცვლება თქვენი პროფესიის, სასწავლო პროგრამის ტიპის/კვლევის მიხედვით. აირჩიეთ საქართველო ჩამონათვალში და ბმული გადაგიყვანთ შესაბამის ვებგვერდზე, სადაც შეძლებთ დაწვრილებით გაეცნოთ მათ მოთხოვნებს.

 

უმეტესად სააპლიკაციო მოთხოვნებში შეგხვდებათ:

  • ბაკალავრის დიპლომი;

  • ინგლისური ენის სერთიფიკატი;

  • პროგრამის შესაბამისი კვალიფიკაციები;

  • თქვენი ლიდერობისა და თანამშრომლობის უნარების წარმოჩენა.