როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტური მოგზაურობა იტალიაში

27 Jan 2020

 

 
 
იტალიაში მოგზაურობა  ბევრი ადამიანის ოცნებაა. 21-ე საუკუნეში ამ ოცნების ახდენა არც თუ ისე რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უკვე უვიზოდ ესტუმრონ ევროპის ქვეყნებს.
იტალიაში მოგზაურობის დაგეგმვის დროს მთავარია გადავწყვიტოთ ქვეყნის რომელი ნაწილების მონახულება გსურთ, ვინაიდან იტალია სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც სავსეა სანახაობებით, იქ თითქმის ყველაფერი სანახავია.
 

 

 

როდესაც იტალიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოთ ფრენები რამდენიმე კვირით, თვით ადრეც კი.  იტალიაში ყველაზე იაფად ქუთაისის აეროპორტიდან,  შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი წასვლა: ბარი, ნაპოლი, რომი, პიზა, ვენეცია, ბოლონია, მილანი. ახლა უკვე თბილისიდანაც დაფრინავს ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair მილანსი მიმართულებით. სასურველია ბილეთს ორი თვით ადრე მაინც თუ დაჯავშნით, ამ შემთხვევაში ბილეთის ფასი გასაკვირად იაფიც კი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება სასტუმროების, ჰოსტელების სტუმრობას: როდესაც მცირე ბიუჯეტით ვმგზავროთ მარტივი არაა თავს სასტუმროში დარჩენის ფუფუნება მივცეთ. ცალკე ოთახის, ან ჰოსტელში საერთო ოთახში დარჩენის საფასური არის 20-25 ევრო. ასევე გასათვალისწინებელია რომელ ქალაქს სტუმრობთ, დიდ ქალაქებში ფასები შედარებით მაღალია. ქალაქის გარეუბნებში დარჩენა ყოველთვის უფრო იაფი ჯდება. საკმაოდ პოპულარულია Couchsurfing, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა მოგზაურები მიმართავენ. ამ ვებ-საიტის საშუალებით შესაძლებელია სრულიად უფასოდ დარჩეთ ადგილობრივთან სახლში. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ საიტს: https://www.couchsurfing.com/

 

 

ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივია Flixbus. იტალიის თითქმის ნებისმიერ დიდ ქალაქშია შესაძლებელი ამ ავტობუსით წასვლა/ ბილეთების ყიდვა წინასწარ შესაძლებელია მათი ვებ-საიტიდან, ან ტელეფონის აპლიკაციით. მაგალითისთვის, ფლორენციიდან ბოლონიის მიმართულებით ჩასვლა შეგიძლიათ საშუალოდ 10 ევროდ. ამჯერადაც უფრო მომგებიანია თუ წინასწარ შეიძენთ ბილეთს, რამდენიმე დღით ადრე ბილეთები ყოველთვის ძვირდება. Flixbus - ის ოფიციალური ვებ-საიტია:  https://global.flixbus.com/

 

 

ბევრი ადამიანი იტალიას მისი გასაოცარი სამზარეულოს გამო სტუმრობს. როგორც წესი, 15ევრო ან ცოტა მეტი საკმარისია რესტორანში რაიმე კერძის და ერთი ჭიქა ღვინისთვის. თუმცა, თქვენი ბიუჯეტი თუ უფრო მკაცრად არის განსაზღვრული ყოველთვის შეგიძლიათ ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტებიდან ძალიან გემრიელი პიცა დააგემოვნოთ 3-5 ევროდ.  ასევე მომგებიანია პროდუქტების ყიდვა სუპერმარკეტში და საჭმლის თავად მომზადება, თუ არ გსურთ რომ ზედმეტი თანხა დაგეხარჯოთ კვებაში.სუპერპმარკეტებში საკვები პროდუქტი ძალიან იაფია. იტალია სახელგანთქმულია ყავით. ყავას ყველა რესტორანში თუ პატარა კუთხის კაფეში იპოვით, თანაც საკმაოდ იაფად. მაგალითად ესპრესო 1-1,5 ევრო ღირს და იტალიელები მას დღის განმვლობაში რამდენჯერმე მიირთმევენ.
                       

 

 

თუ იტალიაში რომელიმე ქალაქის დათვალიერებას გადაწყვეტთ ისე, რომ ნაგებობების, ადგილების ისტორიაც გაინტერესებთ, თუმცა გიდის დაქირავება არ გსურთ, შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასო საფეხმავლო ტურებს - Free Walking Tours, რომელიც ძალიან პოპულარულია ბევრ ქალაქში. ჰოსტელების უმეტესობა თავიანთ სტუმრებს სთავაზობენ უფასო ტურებს, სადაც პროფესიონალი გიდი მოგემსახურებათ და მთავარ ღირსშესანიშნაობებს გაჩვენებთ. ტურის დასრულებისას კი შეგიძლიათ ე.წ. Tips დაუტოვოთ თქვენს გიდს. ხშირად უფასო საფეხმავლო ტურები Facebook-ის ღონისძიებებში შეგიძლიათ იპოვოთ.

 


რაც შეეხება მუზეუმებს, მათი ფასი იტალიის დიდ და ყველაზე ცნობილ ქალაქებში დაახლოებით 20 ევროა. თუმცა ყოველთვის ჭკვიანურია ჩასვლამდე გაარკვიოთ თვის რომელიმე რიცხვში უფასო ხომ არ არის რომელიმე კონკრეტულ მუზეუმში შესვლა, ვინაიდან ასეც ხდება თვის რამდენიმე დღეს, თქვენ კი სულ მცირე 20 ევროს დაზოგავთ. ასევე კარგია თუ მუზეუმის ბილეთებს წინასწარ ონლაინ შეიძენთ, ასე თავიდან აიცილებთ მუზეუმებთან მრავალკაციან რიგში დგომას.

 

როგორც ხედავთ, მცირე ბიუჯეტით იტალიაში მოგზაურობა სულაც არ არის განუხორციელებელი გეგმა. თუ შემთხვევით ფრენის იაფ ბილეთს იპოვით, იქნებ ეს სწორედ ის შანსია, რომელიც უნდა გამოიყენოთ, რათა დაგეგმოთ საოცარი თავგადასავალი თვალისმომჭრელ იტალიაში.

 

Please reload